მგლის-თავა მეფის ღამე

„ქსოვილი უნდა იქნას „მოხელთებული“, მხოლოდ მაშინ, როცა ის უკვე მოხელთებულია, შეიძლება მისი გაგება, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისების კვალდაკვალ შეხებადობა.“ ოტი ბერგერი

27.12.2022

ქართული და სამხრეთ კავკასიური თექის ტრადიციებისგან ნასესხები უძველესი ტექნიკით, მარიანა ჭყონია ამ მივიწყებულ მედიუმს თანამედროვე მიდგომით აცოცხლებს – ტექსტურას, ფერსა და სივრცით განზომილებასთან მიმართებაში. ე.ა. საგამოფენო სივრცე წარმოადგენს მარიანა ჭყონიას პირველ პერსონალურ გამოფენას, რომელშიც თავმოყრილია მისი უახლესი დეკორატიული ქსოვილის სერია, სახელწოდებით „მგლის-თავა მეფის ღამე“.

გახსნის დღეს, გამოფენაზე შესვლისას, მონუმენტურ ქსოვილებს შორის მდგომ მნახველთა ჯგუფს ვკვეთ და თვალის ცეცებით ვეძებ ნამუშევრების ავტორს, როგორც მტკიცებას, რომ დანიშნულების ადგილზე სწორად მოვედი. დაჟინებით ვცდილობ რომელიმე ნამუშევარზე არ შემიჩერდეს მზერა, სანამ ხელოვანი არ ‘შემეგებება’ და აი, ვხედავ მარიანა ჭყონიას, რომელიც ბოლო ოთახში, ნამუშევარ Bufoon-ის გვერდით დგას, ხელი სქელი მრავალფენიანი ტექსტილის ქვეშ აქვს შესრიალებული და მნახველს უბიძგებს, მოვიდეს და იგრძნოს კონკრეტული ადგილი, სადაც ეს თექა შეუდარებელ სისქეს აღწევს. „ნუ შეეხები ნამუშევარს” ეპოქაში, სადაც განდგომა ხშირად თვითინიცირებულია, შვებას მგვრის ფაქტი, რომ ქალი, რომელიც ასობით საათს ატარებს მატყლის თელვაში, წააქეზებს შეხებას, როგორც აღქმის მიღებულ საშუალებას. სენსორული ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის არაა აუცილებელი განხორციელდეს, მაინც წარმოქმნის აშკარა მოგონებას გაჩენილ სურვილზე შეგეგრძნო ზედაპირი, გაგერკვია რას უჭირავს ნამუშევარი, რა წონისაა და რა შედეგს მოიტანს მასზე შეხება. გალერეის წინარე, ფლორიან მაიზენბერგის გამოფენიდან თავს მახსენებს 3D კალმის გამოყენებით ჰაერში გამოყვანილი მყიფე ბიოპლასტმასის „ქსოვები“, რომლებიც, სივრცეში გაყინულნი, ატყვევებდნენ მალფუჭებად ხილსა და ბოსტნეულს. აშკარავდებოდა მათი ისეთივე დამჭკნარი კანი, როგორც ადამიანის კანი, შემოკუმშული თითებზე საპნიან წყალში თექის თელვისას. სწორედ ამ სველ ტექნიკას იყენებს მარიანა ჭყონია, მშრალ (ნემსის) მეთოდთან კომბინაციაში.

რეწვასა და სახვით ხელოვნებას შორის დამკვიდრებული იერარქია ყოველთვის წარმოაჩენდა ქსოვილის პრაქტიკას, როგორც კონცეპტუალურ პერიფერიას ხელოვნების თეორიაში; ამის საპირწონედ კი უნებურად ანიჭებდა მას ჰაპტიკური მოდალობისთვის სახასიათო შინაგან თავისუფლებას. ვუყურებ ავტორს უფრო ერთგულს მისი სამუშაო მასალისა და შეგრძნებების მიმართ, ვიდრე სამ-განზომილებიან მედიუმში მომუშავეთ, ვისაც მასალა ცალსახად ოპტიკური სიამის წყაროდ გაუხდიათ. აქ თავს იმკვიდრებს უპრეცედენტო მონუმენტურობისა და სიმძიმის მქონე რვა, კედლიდან გადმოფარებული ტექსტილი, სადაც განზრახ უგულებელყოფილია გამოფენის მოწყობის რელატიური კანონები, დადასტურებული უსათაურო ნამუშევრის კარის ღიობზე გადმოფარებით. ამ გაშეშებული ქსოვილების ეს იდეოლოგიური და მატერიალური აღმატება აჯამებს მარიანას მცდელობას (რომელიც აქვე არქიტექტურული პრაქტიკიდან მოდის) მოახდინოს ხისტი სტრუქტურების ემანსიპაცია რბილი ძალაუფლების გამოვლინებით, რომელიც ფსევდო-ნაივურობის საფარველიდან მოქმედებს. ამრიგად, მე ვუბრუნდები აზრს, რომ ტექსტილის ხელოვნება რჩება წამყვან თანმიმდევრულ რეაქციად კონცეპტუალურობის მკაცრ ჩარჩოებზე, რასაც სოციუმში ნაკლოვან ძალთა გადანაწილება აწესებს, ის გვთავაზობს სივრცეს რეაბილიტაციისთვის.

ახლო რაკურსით რომ მივუბრუნდეთ თავად მედიუმს, მარიანა ჭყონია იყენებს ორგანულ მასალას – ცხვრის თმას. მითოლოგიასა და ტრანსკულტურულ ხალხურ ზღაპრებში დიდი ხანია ფიგურირებს ძუძუმწოვრის თმის ფილოსოფიური მნიშვნელობა და სამკურნალო თვისებები, რომლებსაც ის აღვივებს და ატარებს. ეს დნმ-ით გაჯერებული ორგანული მატერია ხშირად გვხვდება ფემინისტურ ხელოვნების პრაქტიკებში, მეოცე საუკუნესა თუ თანამედროვეობაში. თუ მოძრაობა „სხეულის ხელოვნების” მთავარი ფიგურა, ანა მენდიეტა, რადიკალურად აკავშირებს თმას გენდერულ პოლიტიკასთან, მეგობარი მამაკაცის წვერის საკუთარ სახეზე „გადანერგვით“, კიტ ვ. ბენტლის მეტად ხორციელი, ცხენის თმით შესრულებული სკულპტურების სერია, ბადებს კითხვებს ექსპლუატაციისა და მდგრადობის შესახებ. რაც არ უნდა იყოს, ამ ბუნებრივმა ბოჭკოვანმა ელემენტმა – თმამ, მხატვრული ცდებისა და რეპრეზენტაციის მრავალი მეთოდი გამოიარა, რამაც მას ადგილი დაუმკვიდრა იდენტობისა და ეკოლოგიური მიდგომების განხილვის ალტერნატიულ სფეროში.

გამოფენის სახელწოდება „მგლის-თავა მეფის ღამე“ მომდინარეობს მხატვრის მამის, გოგიტა ჭყონიას (1950-2009) თანამოსახელე პოემიდან, რომელიც აღვიძებს გარკვეულ პირველყოფილ მგრძნობელობას, რომელიც ბუნებასთან თანხვედრაშია თავისი ანთროპომორფული სიგნალებით. გონებაში კიკი სმიტის ჩემთვის საყვარელი ფიგურატიული ნამუშევრის Wolf Girl-ის (1999) ხატი მიტივტივდება და მაფიქრებინებს, იქნებ გაცილებით მეტი აკავშირებს ამ ორ ხელოვანს ზედაპირს მიღმა, ვიდრე მგონია.

გამოფენის მონახულების შემდეგ, თავად ავტორსაც გავესაუბრე, რათა უკეთ შემძლებოდა მისი თექების მოხელთება პირადი ინტერაქციის ფონზე. გთავაზობთ ინტერვიუს თბილისსა და ნუკრიანში მოღვაწე ვიზუალურ ხელოვან მარიანა ჭყონიასთან:

ეს თქვენი პირველი სოლო გამოფენაა და მას მამათქვენის სცენარის სახელწოდება „მგლისთავა მეფის ღამე” დაარქვით. ჩვენც საწყისებს რომ დავუბრუნდეთ, რა გავლენა იქონია თქვენზე შემოქმედთა გარემოში გაზრდამ?

ჩემს სახლში ეს სული სულ ტრიალებდა. მამაჩემის ცხოვრება იყო კინო, ეგრე ცხოვრობდა, ეგრე აზროვნებდა და მაგით სუნთქავდა. ჯერ არქიტექტორი იყო და შემდეგ გადაინაცვლა კინოში, რასაც უწოდა ექსპერიმენტალური კინო. პრინციპში ესეც იყო, რასაც 80-იან წლებში აკეთებდა. გამზრდელი ბებია არქიტექტორი იყო, სამხატვრო აკადემიის ლექტორი. მის სახლში მოდიოდნენ სტუდენტები, რომლებსაც ამზადებდა და მასთან გავიცანი ბევრი კოლეგა. სულ პატარა რომ ვიყავი, გეგმარების კითხვა როგორ ვისწავლე არც მახსოვს.  ნახაზების და გეგმარების გაშიფვრა ჩვენს სახლში წერა-კითხვასავით ვისწავლეთ  და მეგონა, რომ ყველა კითხულობს. ასევე ჩემს სახლში ქალები სულ კერავდნენ, მათთან ერთად – მეც. ეს არ იყო მათი საქმიანობა, არამედ სიამოვნება. დედაჩემი და ბებიაჩემი თარგებს იღებდნენ და კერავდნენ, კონსტრუირებაც ახლოსაა არქიტექტურასთან. მახსოვს პირველ კურსზე, როდესაც დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტზე ჩავაბარე, თავად შევიკერე პიჯაკი. ეხლა ასეთი სიზუსტეები ნერვებს მიშლის. სახიანი ნაბადიც მახსოვს ბებიას  სახლში და ადრეული ასაკიდან მასზე სწორედ აქედან შევიტყვე.

თითქოს გააერთიანეთ თქვენი არქიტექტურული ბექგრაუნდი და ტექსტილის ხელოვნება. თექა ამ მოცულობაში, ქანდაკებისა და გახევებული ქსოვილის ზღვარზეა.

ინტერიერის ნაწილია თან, მაგრამ თავი თვითონვე უჭირავს, მონუმენტალურია; რომ შევკრიბო ყველაფერი ერთად ჩემი წარსულიდან, არქიტექტურაც, მაკეტების კეთებაც – რასაც მთელი ბავშვობა ვხედავდი, ყველაფერს ერთიანად მიემსგავსება, რაც არის დალექილი ჩემში. რაღაც ასაკის მერე სულ ვფიქრობ, რომ მინდა მარგალიტები დამრჩეს ჩემი ოჯახიდან, ავკრიბო ყველა სიკეთე. ამ შინაგანმა მდგომარეობამ მომიყვანა ქსოვილამდე. არეკვლის მცდელობა ამ პროდუქტს მიტოვებს. ხელსაქმესთან კავშირში რაცაა, სულ დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში. არც წარმომედგინა ოდესმე სახიანი ნაბადის კეთებას თუ შევძლებდი, მაგრამ დავიწყე, ვცადე და გავაკეთე. ყოველ ჯერზე წარმოუდგენელი სიხარული მაქვს, როცა ნამუშევარს ვასრულებ.

თექის ტრადიცია საუკუნეების მანძილზე არსებობდა საქართველოს მთიანეთში, თუშეთში, კახეთში, ხევსა და ჯავახეთში. ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშებს კი ნაბადი  და ქეჩა წარმოადგენდა (წერილობითი წყაროები ადასტურებს, რომ შუა საუკუნეებში ნაბადი მატყლთან ერთად გაჰქონდათ საქართველოდან). თუმცა, პირველადი მიზნით თექის წარმოება შემცირდა 1930-იანი წლებიდან, და თექაც სუვენირული იერსახით გამოიფიტა, რაც ჩემი აზრით გახდა ამ მედიისთვის ზურგის ქცევის მიზეზი თანამედროვე ხელოვანებში. რამ განაპირობა, რომ თანამედროვე თექის ნამუშევრების შექმნა დაიწყეთ?

დიდ ხალიჩებს არც ვიცი აკეთებდნენ თუ არა ამ ტექნიკით. ახლაც მუშაობენ, მაგრამ პატარა ფორმატში, რაღაც ნახატები სიღნაღშიც არის, აი ნაბდებს ისევ აკეთებენ; მაგრამ ნაბადიც, უკვე დეკორატიულ ფორმას იღებს, ფუნქცია დაკარგული აქვს. მუზეუმის ექსპონატებივით უყურებენ ხშირად უკვე მათაც და მეცხვარეებსაც.

საოცარია, როდესაც რაიმე ხდება 15 წლის წინ და მერე ხვდები, რომ ეს ამისთვის მოხდა. 12 წლის წინ ვიყიდე კახეთში სახლი, და თითქოს ფაზლი რომ აკლია, ესე სულ ვეძებდი რა უნდა მეკეთებინა ნუკრიანში. მინდოდა იქაურობა სავსე ყოფილიყო და ჩემი იქ ყოფნაც ცოცხალი; თან მე სადაც ვცხოვრობ (ცხადია თელავშიც, იმიტომ რომ თელავიდან მერე თუშეთი იწყება), ქიზიყი ითვლება კახეთის მთად და შესაბამისად განვითარებულია რეწვის ეს დარგი. სიღნაღში იყო კერამიკა და თექა – მეცხოველეობა. მეცხოველეობა სადაცაა, იქაა თექაც. უცნაური ისაა, რომ აქაურებმაც არავინ იცოდა თექა; ვიღაცაზე მეტი კი, მათი გენეტიკური კოდია და მაგ დონეზე იცოდნენ გოგოებმაც, მერე უკვე ერთად ვისწავლეთ მისი ტკეპნა. მე არ მისწავლია არავისგან, ჩემით. წიგნში წავიკითხე ტექნიკა, სადაც თეორიულადაა ახსნილი და ამას მივყევი. რასაც ეხლა ვხედავთ, ჩემი იმპროვიზაციაა,მისი სისქეც არ არის ტრადიციული, ზოგადად სახიანი ნაბადი უფრო თხელია. მინდოდა იმის გაკეთება რაც არ წარმომედგინა და გავაკეთე ჩემზე უფრო დიდი მოცულობის. მომინდა ისეთი რამე მომხდარიყო ამ პროცესში, რაც გამაგიჟებდა. როცა ქალები ამას ერთად ვთელავთ, ისეთი ხალისი და ენერგია ტრიალებს იქ, რომ აბსოლუტური მედიტაციაა. ქალები მუშაობენ მაგიდებზე, მე კი მივხვდი რომ მაგიდა მბოჭავს. მთელი წონით როცა აწვები, უფრო კარგად იტკეპნება, თან მაგიდაზე დადება არ არის მოსახერხებელი. მე კი ორი ტექნიკით ვაკეთებ, სველი და მშრალი ტექნიკით, ზევიდან არის მშრალი, უკვე მოთელილს ერთხელ და ორჯერ, ვდებ მაგიდაზე და ნემსით ვამუშავებ. ხანდახან  მთელ სამუშაოს მარტოც ვასრულებ. ისეთი სასიამოვნო პროცესია ხანდახან მენანება, რომ გოგოები დამეხმარონ. თვითონ მატყლს თავისი თვისებები აქვს, ბიოლოგიურად ცოცხალია; როდესაც ვმუშაობ ისეთი სითბო და ბუღი ამოდის მისგან, განცდა მაქვს, რომ ეს მასალა მაკეთებინებს, რისი კეთებაც მინდა – ძალიან დამყოლია.

როგორც ვხვდები, პროცესი თქვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საბოლოოდ მიღებული ვიზუალური შედეგი. პროცესს მიჰყვებით ბოლომდე, თუ ესკიზით  მუშაობთ?

გააჩნია. ამ გამოფენისთვის შექმნილ სერიაში ყველა ქსოვილის ესკიზი მქონდა, მაგრამ ხანდახან ესკიზი და საბოლოო პროდუქტი არ ემთხვევა. ესკიზში რაც ეტევა, ტექსტილს უფრო მეტი სჭირდება. აკვარელშიც ვცადე, გუაშშიც; მაგრამ არ მაძლევს ქსოვილის ფაქტურას, არც პასტელი. მივაგენი ამას: (ხსნის მობილურს და ეკრანზე ციფრულად ნახატ გამოსახულებას მაჩვენებს)  ამ ფუნჯებს მრავალგვარი სახე აქვს, ქვასაც გავს, როგორც თექა.

ბაუჰაუსის ქსოვის სახელოსნოს საწყის ეტაპზე ტექსტილი სწორედაც მიუბრუნდა ფოტოგრაფიას, როგორც ახლოს მდგომ გამრავლებაზე დაფუძნებულ სფეროს.

ზუსტად, იმიტომ რომ ქსელურია. ერთ ნამუშევარს ჰქვია Dreamcast. აი, სადაცაა გამოფენა უნდა მქონდეს, და ამ ყველაფრით გაძეძგილი დავდივარ; მარტო ეს არის ყველა უჯრედში, ამ ფიქრებში ვარ თუ რა გავაკეთო. ჩემი სახლის წინ არის კორპუსის ხედი ფანჯრიდან. მომწონს, რომ მას ერთადერთი გამოჭრილი ფანჯარა აქვს მთელს ფასადზე. ხან ანთია შუქი, ხან არა. საღამოა, ვიყურები და დავინახე რაღაც ხაზს ირეკლავს კედელი. კამერა გავხსენი და ვხედავ გეომეტრიულ გამოსახულებას, რაც თვალით არ ჩანს, ჩანს მარტო კამერით, და ეს ხალიჩა დაიხატა ფასადზე (ამ ცარიელ კედელზე კი ერთადერთი გრაფიტია, თეგით Dreamcast). პირდაპირ გადავიტანე პროგრამაში და იქ დავამუშავე ფერში. ეს კამერაა შუაში, გამტარი. სამწუხაროდ ხშირად მავიწყდება ფოტოების გადაღება, რადგან არ არის ჩემი ჩვევა, ეს უფრო ფორმას მაძლევს. ძირითადად მე ფერიდან ვიწყებ. ფერი მოდის საიდანღაც, რაც მინდა, რომ გავაცოცხლო ხოლმე.

ამ ჯერზე ნატურალური შეუღებავი მატყლი რომ მოვიდა, თვითონ მიკარნახა სახე და მე შევასრულე ის, რაც მას უნდოდა. მომიტანეს დახვეული რულონი, გავხსენი და რა ნახატიც იყო პირდაპირ დავაფიქსირე, მერე ფონი დავადე. ესე გაკეთდა ნამუშევარი „მგლის-თავა მეფის ღამე“. მისი ზედაპირი ქვასაც მაგონებს და ხესაც. საინტერესო იყო ჩემთვის იმის გააზრება, რომ ეს არის ცხვრის თმა და ამ ცხვრის თმას რაღაც ფორმას აძლევ და იღებ დედამიწის ნაწილს, რაც მინერალს ჰგავს.

თავდაპირველად აბსოლუტურად სულ სხვა ნახატი იყო და მერე ახალი ნახატი გავაკეთე, რომელიც ესკიზზე მომეწონა, შემდეგ არ იმუშავა და წავშალე. თუმცა არ წამიშლია, შეგიძლია რომ აახიო, მაგრამ მირჩევნია გადავაკეთო, ეს შრეები რომ ედება თავისი განვითარება აქვს და ისტორიას ყვება, როგორ შედგა ასეთი ნახატი.

განცდა მაქვს, რომ ლანდშაფტს რაც არის თქვენს გარშემო, საოცრად ისრუტავთ. რელიეფურობასთან ერთად თქვენი შემოქმედება ძალიან ფერწერულია. ქართული კოდის ფერთა კოლორიტი მოქმედებს თქვენზე?

გავლენებზე ფიქრი ხელს მიშლის მუშაობაში. იმ წამს არ უნდა ვფიქრობდე რაიმეზე, ბრმად უნდა მივყვებოდე იმპულსებს. თუმცა, რა თქმა უნდა ყველაფერი წინარე ცოდნიდან მოდის. ეს მარტო ქართულიც არ არის, ბაუჰაუსსაც დიდი გავლენა აქვს ჩემზე. ძალიან მაინტერესებს ეგ პერიოდი, როცა ხალიჩებზე დომინანტურად ქალები მუშაობდნენ, თუმცა იქ თექა არ იყო. ჩვენ კი მიუხედავად ამ ხელსაქმის ვრცელი ტრადიციისა, ეს ექსპერიმენტალური პერიოდი გამოვტოვეთ, და მაინც დარჩა რეგიონალურ ხელობად და არა ხელოვნებად, ვერ შემოვიდა. არ მისცეს ამის უფლება, ეგეთი განცდა მაქვს.

ვინაიდან ეს თქვენი პირველი სოლო გამოფენაა, მაინტერესებს როგორი იყო სივრცესთან მიმართებაში ნამუშევრების ერთიანობაში განლაგება.

ვიცოდი სივრცე სადაც ვაკეთებდი, და ეს გონებაში თავისით მუშავდებოდა. რაღაც მომენტში, მაინც იმას წავყევი, რაც მე მინდოდა, რომც მგონებოდა რომ სივრცე ვერ მოირგებდა; ვფიქრობდი, ამხელას რომ ვაკეთებ სად დაეტევათქო, თუმცა ვეცადე ერთი ამოსუნთქვით გაკეთებული სერია დამესრულებინა, და ამ სუნთქვის რიტმს ვუსმენდი. ერთერთი გამონაკლისია ამ სერიიდან, Puzzle (Study of Vera Pagava), რომელიც ოფისშია წარმოდგენილი. ის ვერა ფაღავას ინსპირაციით შევასრულე, ვეძებდი ვერას ამ ფერს, რაც მისი ფერწერის ფრაგმენტია. ეს ჩანართი კი მერინოსია, სხვა ძაფია.  სხვათაშორის, სანამ პერსონალურ გამოფენაზე შევჩერდებოდით, იყო იდეა, რომ ვერა ფაღავასა და ჩემს ნამუშევრებს შორის დიალოგი ყოფილიყო; როდესაც ფაღავას ნამუშევრები არ მქონდა ორიგინალში ნანახი, მეგონა, რომ დიდ ფორმატზე იყო შესრულებული; მერე აღმოვაჩინე, რომ მცირე ზომისაა. ის ისეთ მასშტაბებს ატევდა იქ, ნამდვილად ხეთქავდა ფურცელს. ამით მოვინუსხე და ძალიან მომინდა გადმომეტანა თექაში. ჩავუღრმავდი მის ნახატებს, ფერის წყობას. სულ მისი ნამუშევრების ყურებამ ცოტა ჩამკეტა და ამისგან განთავისუფლება მოხდა იმ წამს, როდესაც უბრალოდ წარმოვიდგინე ეს ქალი სად დგას, რას ხედავს; როგორც კი ჩემს წარმოდგენაში დავინახე, რას ხატავს, სულ სხვა გზით წავედი; გასაგები გახდა ჩემთვის.

მარიანა ჭყონიასთან საუბრის შემდეგ, საშუალება მომეცა ამ გამოფენის კურატორ, თავად გალერეის დამფუძნებელ ელენე აბაშიძისგანაც მომესმინა გამოფენაზე კომენტარი.

ელენე:  მე და მარიანა ძალიან ბუნებრივად დავკავშირდით, ვინაიდან დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. მართალია, გალერეის პროგრამა განსხვავდება მედიუმებში, მაგრამ ერთი, რაც ყოველთვის დაყვება, არის ფემინისტური პრაქტიკები. თვითონ, მარიანა შეიძლება არც პოზიციონირებდეს როგორც ფემინისტი მხატვარი და მისთვის მეორეხარისხოვანი იყოს ამაზე ფიქრი, თუმცა გამოვლინება ჰქონდეს ასეთი. ჩემთვის მარიანას ხელოვნება ამ კუთხითაც საინტერესოა. ქართველი ხელოვანების პრაქტიკას, ესე პირდაპირ პოლიტიკური გამოხატულება არ აქვს ხოლმე, ვინაიდან ისინი სხვანაირი სკოლიდან მოდიან და სხვა კულტურაზე დგანან. ქართული ხელოვნება ხშირადაა კავშირში გამოყენებით ხელოვნებასთან და მარიანაც არაა გამონაკლისი. ხშირად ქალები იყვნენ სწორედ ისინი, ვინც გამოყენებით ხელოვნებაში იყვნენ უფრო აქტიურად ჩართულები, ვიდრე კაცები. მარიანას შემთხვევაშიც რაც მოხდა, ძალიან ბუნებრივად წავიდა; ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომ ერთ დღეს გაიღვიძა და გადაწყვიტა მხატვარი გამხდარიყო. ზუსტად ამ პროცესების ნაწილია ჩემთვის ძალიან საინტერესო, და ყოველგვარი ხელოვნურობისგან დაცლილი. ბუნებრივად ებმის მარიანა იმ კულტურას, რომელსაც წარმოადგენს.

გამოყენებით ხელოვნებას რომ დავუბრუნდეთ და რა გააკეთა მარიანამ იმის გარდა, რომ ეს თექები თანამედროვე ნამუშევრებია და ნაკლებ ორნამენტული, ვიდრე ქართული ტრადიციული თექა – მან ამ ტექნიკას შესძინა  მეტი მონუმენტურობა და სკულპტურული ხასიათი. ტექნიკურადაც რომ ვუყურებ, სკულპტურულად კეთდება ეს ტექსტილები. საბოლოო ჯამში კი ტექსტილია, მაგრამ პროცესი ძალიან გავს სკულპტურაზე მუშაობას. ნამუშევარი იგება, როცა მშრალი დამუშავების პროცესს გადის. ეს სუფთა მატყლიდან იწყება, გაქვს სუფთა ერთი მასალა და ამ დიდი ბუნტყლიდან აგებ; ეს მარმარილოდან, ქვიდან ქანდაკების გამონთავისუფლებას ჰგავს, ან მაგალითად ბრინჯაოს ერთმანეთზე დადებით გამოქანდაკებას; თუმცა, მარიანა თმაზე მუშაობს, რაც ხელოვნებაში ყოველთვის ქალ მხატვრებთან ასოცირდება. ეს ფემინისტური პრაქტიკის ერთ-ერთი გამომხატველი სიმბოლოა. ჩემთვის ამ ნამუშევრებს გარკვეული მასკულინური განზომილებაც აქვთ, თუმცა ეს უფრო მონუმენტალური ხასიათიდან მოდის. მარიანასთვის არქიტექტურას დიდი მნიშვნელობა აქვს, სულ სივრცეში აზროვნებს, რაც ნამუშევრებშიც ჩანს. ექსპოზიციაშიც, მისი პერსპექტივა ყოველთვის სამგანზომილებიანია.

ესაუბრა: გვანცა დგუშია
ფოტოები: IR4GUS4ROV4

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top