წარმატებული თანამშრომლობა
22.12.2022
მარჯანიშვილის ქუჩის 7 ნომერში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე რა ხანია ქალაქის ერთერთ აუცილებლად სანახავ ადგილს წარმოადგენს. შენობის პირველ სართულზე განთავსებულ სივრცეში, სადემონსტრაციო კუთხე იმ გამორჩეული ნივთებით შემდგარ კოლექციას ეთმობა, რომლებზეც წამყვანმა ქართულმა და უცხოურმა ბრენდებმა იმუშავეს. აქ უნიკალური დიზაინ ელემენტებისა და აქსესუარების სელექცია მუდმივად იზრდება. ახლა უკვე კონკრეტულად თიბისის შოურუმისთვის, კოლაბორაციული მიდგომით, იქმნება ექსკლუზიური პროდუქტი.
სწორედ ამ ისტორიულ შენობაში შედგა ქართული ბრენდის O’SEVEN ELEVEN-ის ექსკლუზიური კოლექციის წარდგენა. უახლესი ხაზი, რომელიც O’SEVEN ELEVEN-მა საკუთარ და თიბისის ერთგულ მომხმარებელს გააცნო, მხოლოდ და მხოლოდ ამ სივრცეში განთავსდება. დამატებით, თიბისი კონცეპტ ბარათით გადახდისას, თიბისი საკუთარ მომხმარებელს თანხის 15% უკან დაუბრუნებს.
O’SEVEN ELEVEN საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია, რომელმაც ნაციონალური რეწვის მანუალურ ტექნოლოგიებსა და ხელნაკეთობებს ინოვაციური მიდგომა და იერსახე მიუსადაგა. ბრენდი დაარსებისთანავე ხაზს უსვამდა ხელნაკეთი ნივთების მნიშვნელობას ყოველდღიურობაში, პარალელურად კი მათ დახვეწილ, გამბედავ და თანამედროვეობაში თარგმნილ დიზაინზე მუშაობდა. O’SEVEN ELEVEN აქსესუარზე წარმოდგენებს აფორმირებს, არა მარტო ლოკალურად, არამედ მასშტაბური აღქმის წერტილიდან, რის შედეგადაც მსოფლიოს უმაღლესი ხარისხის ქართულ ნაწარმს სთავაზობს და ადგილობრივ რესურსზე ცნობიერებას ზრდის. ბრენდის თითქმის ყველა აქამდელი კოლექცია ხაზს უსვამს ძაფის, როგორც წარმომავლობით ქართული ავთენტური მასალის, და ქსოვის, როგორც ხნიერი პრაქტიკის მნიშვნელობას და ეს თანამედროვე მასალებთან კონტრასტში, ან მათთან სრულ სიმბიოზში ხდება – იქნება ეს ხე, ორგმინა, მარგალიტი თუ ტყავი.
საქართველოში აღმოჩენილია მსოფლიოში უძველესი ქსოვილები: 30 000-ზე მეტი წლით დათარიღებული სელის ბოჭკოები, რომლებიც გაკვანძულ და დაფერილ (შავად, ნაცრისფრად, ფირუზისფრად და ვარდისფრად) მდგომარეობაში ფიქსირდებოდა, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ქსოვილის მოქსოვის საწყის მცდელობებზე და ჩვენს ქვეყანაში უხსოვარი დროიდან არსებულ ამ ტრადიციაზე. O’SEVEN ELEVEN-ის დიზაინის ფილოსოფია ორიენტირებულია შეინარჩუნოს კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე მომხმარებელს მიაწოდოს კარგად დამკვიდრებული ხელსაქმის საინტერესო ვარიაციები. თიბისი კონცეპტისთვის შექმნილი ექსკლუზიური კოლექციაც აგრძელებს ძაფის, როგორც დომინანტური დიზაინ ელემენტის პოზიციონირებას და მისი ჩართვით, დახვეწილ და მინიმალისტურ ტყავის აქსესუარებს არტიზანულ უშუალობას სძენს. უახლესი ხაზი აერთიანებს ფერადი ვეგანური ტყავისგან შექმნილ სამ პროდუქტს – ჩანთას, კოსმეტიკის ჩანთას და ნოუთბუქის ჩასადებს. თიბისის პარტნიორობით შექმნილი აქსესუარები ვიზუალურად, ფუნქციურად თუ მასალაში ისეა გადაწყვეტილი, რომ სრულიად სხვადასხვა არქეტიპის ადამიანის გარდერობს თუ დღის წესრიგს მოერგოს – ის მფლობელის თანამგზავრი ‘დილიდან-საღამომდე’ ხდება.
თიბისი კონცეპტის სივრცისთვის ექსკლუზიურად შექმნილი კოლექციის დეტალებზე, უნიკალურ შემოთავაზებაზე, სააზროვნო პროცესებსა და ნიუანსებს მიღმა ბრენდის ვრცელ ფილოსოფიაზე თავად O’SEVEN ELEVEN-ის დამფუძნებელი, ნინო ელიავა გაგვესაუბრა.
როგორ შედგა თანამშრომლობა თიბისისთან და კოლექციის საერთო იდეამდე როგორ მიხვედით?
ჩვენ გვინდოდა თიბისი კონცეპტის ამ სივრცისთვის შეგვექმნა განსაკუთრებული პროდუქტი, რომელიც იქნებოდა უნიკალური, ექსკლუზიურად მათთვის დამზადებული და ასევე, მხოლოდ მათ შოურუმში წარმოდგენილი. შესაბამისად, ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია, რომელიც ძალიან ახლოს იყო ჩვენს ბრენდთან. ეს კონცეფცია ხელობის გარშემოა შექმნილი და ჩვენი ბრენდისთვის ხელობა არის ერთ-ერთი მთავარი ფუძე, საიდანაც დავიწყეთ მოღვაწეობა. ჩვენს მიერ შექმნილი პროდუქტი გადის ოთხ დამოუკიდებელ პროცესს. ოთხივე პროცესზე ოთხი სხვადასხვა კონკრეტული საქმის ოსტატი მუშაობს, რომელიც ამ პროდუქტს ოთხ ხელში ქმნის (არანაირი მექანიკური ჩარევით).
ამგვარად, პროდუქტი ძალიან რთულად დასამზადებელი და ფასეულია, განსხვავებულია ყველაფრისგან, რაც აქამდე გაგვიკეთებია. ქსოვის ის ტექნოლოგია, რაც ჩვენს კომპანიაში გვქონდა, ამ პროდუქტის შექმნისას ოდნავ სხვა კუთხით წავიყვანეთ და სხვაგვარად დავამუშავეთ. საბოლოოდ გამოვიდა 3 პროდუქტი: ჩანთა, კოსმეტიკის ჩანთა და ნოუთბუქის ჩასადები. თითო პროდუქტი სამ ფერშია, თუმცა გვაქვს ძალიან საინტერესო მომსახურება მომხმარებლისთვის, რაც თავდაპირველად მხოლოდ ერთი დღისთვის იყო განსაზღვრული. ჩვენ თიბისი კონცეპტში დავტოვეთ კოლექციის საპრეზენტაციო წიგნი, რომელშიც მოცემულია ყველა ის ვეგანური ტყავის ფერი, რომლისგანაც ეს აქსესუარები მზადდება და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს; გვაქვს წარმოდგენილი 12 ტყავის და 25 ძაფის სავარაუდო კომბინაცია, ასევე ლოგოს ალტერნატიული ფერები. შესაბამისად შეგიძლია, რომ ამ კოლექციიდან არჩეული ნივთი უნიკალური გახადო და შენი გემოვნებით შექმნა. ამ პერსონალიზირებული გამოცდილების ფარგლებში შექმნილი პროდუქტიც სავარაუდოდ უნიკალური იქნება, ვარიაციების სიმრავლიდან გამომდინარე, რთულად წარმოსადგენია, რომ იგივე სხვასთან განმეორდეს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს თიბისი კონცეპტის სივრცეში და სურვილისამებრ შეუკვეთოს პერსონალიზირებული ნივთი.
კოლექციის სამივე ნივთი ძაფისა და ვეგანური ტყავის სამ მთავარ კომბინაციაშია წარმოდგენილი, რომლებიც მიწიერ, ბუნებრივ ტონებს ანიჭებს უპირატესობას. ამ ხაზს აგრძელებს კატალოგში შემოთავაზებული ფერთა არჩევანი?
ფერთა ვრცელ არჩევანში სხვა ბევრი საინტერესო მიმართულებაა: ძალიან ლამაზი შინდისფერი, ცისფერი, ფისტის ფერი. ჩვენი კოლექციის კონკრეტული სამი ფერი კი შეირჩა, ვინაიდან ამ სეზონზე ეს ფერები ჩავთვალე ყველაზე აქტუალურად და მარტივად სახმარად, თუ სამოსთან შესახამებლად. ჩვენი ყავისფერი ტყავის ჩანთა, რომელიც ლურჯი და ყავისფერი ძაფით არის შემოკერილი, ძალიან უხდება ჯინსებს და ისეთ ‘ლუქებს’, რომლებიც ეხლა, ზამთარში აქტიურ მოხმარებაშია (ჯინსი, სვიტერი, ქურთუკი). ეს კოლექცია მაქსიმალურად სეზონურია, და ვინაიდან ჩაშვების დღიდან გამოვლინდა მომხმარებლის განსაკუთრებული სიმპათია მის მიმართ, უკვე ვფიქრობთ, შემდეგი სეზონისთვის (გაზაფხული-ზაფხული) ახალი ფერები შევიმუშაოთ, რომელიც ასევე თიბისი სივრცეში განთავსდება ექსკლუზიურად. მიუხედავად იმისა, რომ პერსონალიზაციის შეთავაზება ამ სერვისს ირიბად უკვე სთავაზობს მომხმარებელს, ადამიანების ნაწილს ურჩევნია ადგილზევე შეიძინოს მზა აქსესუარი, წინასწარი შეკვეთის გარეშე.
რა არის თქვენი პირადი ფავორიტი კომბინაცია პერსონალიზაციის შესაძლებლობის ფარგლებში?
მე ჩემი ფავორიტები შევქმენი. შესაბამისად, ის სამი მიწიერი ფერი: განსაკუთრებული მწვანე, შოკოლადისფერი და არაქისის ფერი, მართლაც, ჩემი საყვარელი ფერებია. თუმცა, ძალიან მოვიხიბლე, როდესაც ერთმა მომხმარებელმა შეუკვეთა შინდისფერი ტყავი, შინდისფერივე ძაფით. დარწმუნებული ვარ, ეს ლეპტოპის ჩასადები განსაკუთრებული და უნიკალური იქნება.
თიბისი კონცეპტი ფუნქცია-სპეციფიურობით მრავალშრიანი სივრცეა, რომელსაც ყოველდღიურად, საქმიანი თუ კრეატიული მიზნით, სხვადასხვა ტიპის ადამიანი სტუმრობს. ამ კოლაბორაციისთვის სამიზნო ჯგუფის კვლევამ განსაზღვრა თუ არა საბოლოო ხაზის ნიშა?
ჩვენ ძალიან გვინდოდა რომ ერთი პროდუქტი უნისექსი ყოფილიყო, რომ მამაკაცსაც შეძლებოდა შეძენა. სხვათაშორის, ეს ასეც მოხდა. პირველივე დღეს, ძალიან ბევრმა მამაკაცმა გამოხატა დადებითი დამოკიდებულება ამ პროდუქტის მიმართ. ასევე, გვინდოდა ისეთი ნივთების შექმნა, რომლებიც პრაქტიკულია. ჩანთის ზომაც იქიდან გამომდინარეობს, რომ არის ყოველდღიური და ძალიან იოლად სახმარი ჩანთა. კოსმეტიკის ჩანთა ეტევა გადასაკიდ ჩანთაში და კომფორტულად თავსდება ერთმანეთში. ძალიან ვეცადეთ, რომ ყველაფერი გაგვემარტივებინა. ჩვენი მიზანი ეს იყო, შეგვექმნა მაქსიმალურად მარტივი, ამავდროულად, უნიკალური და განსაკუთრებული პროდუქტი. კოსმეტიკის ჩანთა შესაძლებელია ‘კლათჩად’ მოიხმარო.
თქვენი ბრენდის ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, დაიწყეთ ქსოვის ელემენტებით. ძაფიდან ტყავამდე როგორ მიხვედით?
ჩვენი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ჩანთა გახლავთ ხის/ორგმინის ჩარჩოთი, და შიგნით ყაისნაღით ამოქსოვილი. ეს იყო ტექნიკა, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს კომპანიაში და შემდგომ ამ ტექნიკას სხვადასხვა მიმართულებით ვავითარებდით. ამ კოლაბორაციაში ბრენდის იდენტობის შენარჩუნება ძალიან გვინდოდა, თუმცა ამავე დროს, მიზნად დავისახეთ ახალი მასალა და პროდუქტი გაჩენილიყო, რაც აქამდე არ შეგვიქმნია. თავისებურად მოხდა ასეთი შერწყმა ვეგანური ტყავის და საქსოვი ძაფის, ჩვენი ტექნოლოგიის – უნიკალური ქსოვის ტექნიკის. რეალურად, ვეგანური ტყავი მაშინ გაჩნდა, როდესაც გადავწყვიტეთ უფრო მრავალფეროვანი და ვრცელი კოლექციები შეგვექმნა.
იყენებთ ვეგანურ ტყავს, ეს თქვენი ეკო-პრაქტიკის ინდიკატორია?
ჩვენ დაახლოებით 70%-ით მდგრადი მიმართულებით ვმუშაობთ, და კიდევ გვინდა მეტი პროცენტულობით შეგვეძლოს ამის თქმა. ვქმნით იმ მიდგომით, რომ ყოველი სეზონის შემდეგ ნაკლები ნარჩენისა თუ ზიანის მომტანი იყოს ბუნებისთვის ჩვენი დიზაინ პრაქტიკა. ვეგანურ ტყავს დიდი ხანია აქტიურად ვიყენებთ. ახლახან აღმოვაჩინეთ ქარხანა, რომელიც სოკოსგან ამზადებს ტყავს. ვცდილობთ ისეთი მასალები გამოვიყენოთ, რომელიც თვითონ ბუნების ნაწილს შეადგენს.
თიბისი კონცეპტთან პარტნიორობით შექმნილ კოლექციაში, პრაქტიკულობას უსვამთ ხაზს. თქვენი ცნობილი დიზაინები, უფრო ექსცენტრიული და სადღესასწაულო ხასიათით კი საღამოს აქტივობებთან ასოცირდება. რა გახდა ამის სტიმულატორი?
თიბისი კონცეპტმა სრული ნდობა გამოხატა იმის მიმართ, თუ როგორი იქნებოდა საბოლოო პროდუქტი. გვინდოდა ცხოვრების სხვა ასპექტებშიც დაგვეჭირა ჩვენი ნიშა და არა მხოლოდ გამოსასვლელი საღამოს ხელჩანთა ჰქონოდა მომხმარებელს O’SEVEN ELEVEN-ისგან, არამედ უფრო მარტივი მოხმარების, სხვადასხვა ზომის და ფორმის აქსესუარებიც. ბრენდის ასორტიმენტი და ფასეულობებიც უკვე სხვა ჭრილში არსებობს. ეს ნივთები ყოველდღიურობაში მარტივად ინტერპრეტირებადია. ამავე დროს, ისინი შეგიძლია დღის მეორე ნახევარშიც თან გაიყოლო, იქნება ეს თეატრში, ოპერაში თუ პაემანზე. გვინდოდა მრავლაფუნქციურობა მიგვენიჭებინა და მგონი გამოგვივიდა.
მუშაობის პროცესში რა გახდა მთავარი ინსპირაციის წყარო? ქართული მემკვიდრეობის და ტრადიციის ინტეგრირება გვინდოდა თანამედროვე ცხოვრებაში, რაც რეალურად ამ ბრენდის ID-ია – გამოვიყენოთ ნაციონალური ხელობა, გავათანამედროვოთ და უფრო მინიმალისტური გავხადოთ ის. ეს იყო ინსპირაცია ამ კონკრეტული კოლექციის. მანამ, სანამ ადამიანმა ძაფით ისწავლა ტანსაცმლის შექმნა, ტყავით იქმნებოდა ტანსაცმელი – ეს ევოლუციაა; საქართველოში კი პირველად შეიქმნა ქსოვილი, რაც ღვინის კულტურაზე არანაკლებ ღირსშესანიშნავია. ჩვენ ვართ ქართული ბრენდი, ეთნოგრაფიული იდენტობა, რაც საუკუნეებია მოგვყვება, ის არ უნდა დავკარგოთ და უნდა გავითავისოთ თანამედროვეობაში.
მოგვიყევით, აქსესუარების ლოკალურად წარმოების სპეციფიკაზე.
წარმოების ყველა ეტაპი სრულდება თბილისში. ზოგადად, ჩვენი ბრენდის მიზანი, ამ ტექნიკის და მემკვიდრეობის გამოყენების გარდა, ქართული წარმოების ხარისხის საერთაშორისო ბაზარზე სხვა კუთხით და ხარისხით წარდგენაა. მაგალითად, როგორც ფრანგები და იტალიელები გამოირჩევიან თავისი ხელნაკეთი, არტიზანული ნივთებით, ძალიან გვინდა ქართული ხელობაც, თუ არ გაუტოლდეს, კონკურენციაში მაინც შევიდეს მათთან. ნამდვილად გვაქვს ამის შესაძლებლობა, უნარი და მისწრაფება. აქამდე ხელნაკეთ ნივთს აიგივებდნენ უხარისხოსთან, მინდა ეს დამოკიდებულება შეიცვალოს.
თქვენს აქსესუარებს საერთაშორისოდ მოიხმარენ. O’SEVEN ELEVEN-ზე იწერება წამყვან გამოცემებში. თავიდანვე ელოდით ამ ტიპის გამოხმაურებას?
არა, თავდაპირველად O’SEVEN ELEVEN რომ ჩამოყალიბდა, ბრენდადაც ვერ აღვიქვამდით, ვინაიდან იყო ‘თიზერი’. სხვადასხვა ბრენდებთან თანამშრომლობით შექმნილ შოუ-რუმში, გვინდოდა უნიკალური პროდუქტი ჩაგვეშვა ჩვენი ონლაინ პლატფორმისთვის MORE is LOVE, რომელიც სხვაგან არსად არ იქნებოდა წარმოდგენილი და შექმნიდა ერთგვარ მითქმა-მოთქმას, გააცნობდა ადამიანებს ამ პლატფორმას. პირველად ნაქსოვი ქუდები ვაწარმოეთ და გავუგზავნეთ ცნობად ადამიანებს, რამაც მოულოდნელად დიდი ინტერესი გამოიწვია. ბევრი მაღაზია შეგვეხმიანა, როგორიცაა Le Bon Marché, Browns და ა. შ. ჩვენთვის აბსოლუტური შოკი იყო, რომ ეს მარკეტინგული ხრიკი წარმატებულ აქსესუარების ბრენდად ჩამოყალიბდა.
გვანცა ჯგუშია