10 ყველაზე მოდური სერიალი
13.12.2022
არსებობს ორი რამ, რაც ყოველდღიურ ისკეიპიზმს უფრო მარტივს ხდის: სატელევიზიო შოუები და მოდა. ბუნებრივია, ამ მედიუმების ერთმანეთთან გადაკვეთა აღნიშნულ გამოცდილებას გაცილებით სასიამოვნოს ხდის. სერიალების განვითარებასთან ერთად, გასაკვირი არ არის, რომ მოდამ დიდი ეკრანიდან პატარაზეც გადმოინაცვლა. კომპლექსური პერსონაჟები და დახვეწილი სცენარი იმ მცირე კომპონენტების სიას მოიცავს, რომლებიც დღევანდელ სატელევიზიო შოუებს ჰიტად ხდის. გარდა ამისა, თანამედროვე სერიალებზე მნიშვნელოვან გავლენას სწორედ მოდა ახდენს, რადგან გარდერობი პერსონაჟის ინდივიდუალური ხასიათის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
Sex & The City
რთულია 90-იანი წლების ქალი იყო, რომელიც მუდმივად რომანტიკისა და სექსის ზეწოლას უმკლავდება; თუმცა მიუხედავად ამისა, ოთხ მეგობარს დღის ბოლოს კოქტეილის გაზიარება ყოველთვის შეუძლია. 17 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც კერი ბრედშოუმ პირველად სატელევიზიო შოუს ეკრანი დაიპყრო და მისი Manolo Blahnik-ების მეშვეობით, საკულტო მოდის ფიგურად იქცა. სერიალში წამყვან ოთხ ქალ პერსონაჟს საკუთარი ინდივიდუალური სტილი აქვს, რომელთან იდენტიფიცირებაც ნემისმიერ ადამიანს შეუძლია: სამანტა სითამამით გამოირჩევა, შარლოტა კლასიკურობით, მირანდა casual-ით, კერი კი chic-ითა და გლამურით.
Mad Men
მოდური სატელევიზიო შოუების სია დაუსრულებელი იქნებოდა ე.წ. „ოქროს ხანის“ ერთ-ერთი გარდამტეხი სერიალის გარეშე. Mad Men-ის მოდა იდეალურად ერწყმის 2010-იანი წლების #menswear ტენდენციას, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მისი გარდერობი ათწლეულების შემდეგაც განხილვის საგანია. სერიალის სიუჟეტი 60-იანი წლების ნიუ-იორკში ვითარდება, რომლის ცენტრშიც სარეკლამო სააგენტოს შემოქმედებითი დირექტორი, დონ დრეიპერია. თუკი Dynasty-ს 80-იანი წლების სტილი ეკრანიდან პირდაპირ რეალურ ცხოვრებაში ტრანსფორმირდა, Mad Men-მა 60-იანი წლების მოდა 21-ე საუკუნეს კლასიკური მამაკაცის კოსტიუმებით და ფედორას ქუდებით მოარგო. სერიალის გარდერობმა იმდენად დიდი გავლენა იქონია თანამედროვე მოდაზე, რომ Banana Republic-მა Mad Men-ით შთაგონებული კაცის კოლექციაც კი გამოუშვა.
Gossip Girl
2000-იანი და 2010-იანი წლების ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სატელევიზიო შოუმ, მანჰეტენის ზემო ისტ-საიდის სტილი ტრენდად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ სერიალის სიუჟეტური ხაზები ხშირად უტრირებული და აბსურდულია, ექვსი სეზონის ყოველი ეპიზოდის განმავლობაში, სერენას და ბლერის გარდერობით ვტკბებით. ბლერ უოლდორფმა მილენიალების თაობა მისი საფირმო თავსაბურავებით, სერენა ვან დერ ვუდსენმა კი ბლერისგან სრულიად საპირისპირო, boho chic სტილით შთააგონა. კოსტიუმების დიზაინერის, ერიკ დემანის განცხადებით, „ბლერს არასოდეს გამოუყენებია ერთი და იგივე თავსაბურავი, ხოლო სერენას არასოდეს ცმია ერთი და იგივე წყვილი ფეხსაცმელი.“ როგორც ზოგადად მოდაში, ზოგიერთი look-ი სხვებზე უკეთ დაძველდა, თუმცა წლების შემდეგაც გალა კაბები და ელიტარული სკოლის ფორმები სერიალის წყალობით აქტუალობას დღესაც არ კარგავენ.
Downton Abbey
ლოგიკურია, რომ შოუ არისტოკრატული ოჯახის შესახებ ლამაზი გარდერობით გამოირჩევა. სერიალში მოქმედება პოსტ-ედუარდის ეპოქაში ვითარდება და ის კროულების ოჯახის ცხოვრებასა და დრამას მიჰყვება. მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, როგორიც არის ტიტანიკის ჩაძირვა, ქალთა ემანსიპაცია, პირველი მსოფლიო ომი და ესპანური გრიპის ეპიდემია, მაღალი კლასის წარმომადგენლები ყოველთვის საუკეთესო სამოსში არიან გამოწყობილნი: კაშკაშა და ელეგანტური კაბები ქალებისთვის, ხოლო დახვეწილი კოსტიუმები მამაკაცებისთვის. სერიალის პროგრესირებასთან ერთად, მოდაში ცვლილებების მოწმეც ვხდებით, რომელიც მე-20 საუკუნეში ბრიტანეთში ისტორიულ ცვლილებებს ემთხვევა.
Game of Thrones
ვესტეროსის თითოეული რეგიონი განსხვავებული სტილით გამოირჩევა. ჩრდილოეთში ტყავსა და ბეწვს ანიჭებენ უპირატესობას, მეფის სავანეში კი სერსეი დედოფლისთვის შესაფერის მდიდრულ კაბებშია გამოწყობილი, რომ აღარაფერი ვთქვათ საომარ აბჯრებზე და დეინერის ტარგარიანის მრაფალფეროვან გარდერობზე. მიუხედავად იმისა, რომ კოსტიუმები რეგიონულად სპეციფიკურია და პერსონაჟების სოციალურ სტატუსს ასახავს, ზოგიერთ მათგანში უფრო ღრმა შინაარსიც დევს. მაგალითად, სანსას სამოსი მისი პერსონაჟის განვითარებასთან ერთად, პირადი და პოლიტიკური დაბრკოლებების გადალახვის პროცესში იცვლება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი კოსტუმების დიზაინერის, მიკელე კლეპტონის გარეშე ასეთი შთამბეჭდავი არ იქნებოდა.
The Crown
იმის გათვალისწინებით, რომ The Crown ელიზაბეტ II-ისა და ინგლისის სამეფო ოჯახის ცხოვრებაზეა დაფუძნებული, კოსტიუმები ხშირად რეალური სამოსის ინკარნაციაა. მეამბოხე და ელეგანტური პრინცესა მარგარეტი აბრეშუმის შარფებით, ვიწრო შარვლებითა და კატის თვალის ფორმის სათვალეებით, თითქმის ყველა სცენაში დომინირებდა. მოგვიანებით ახალბედა ემა კორინი ყველა დროის ყველაზე გავლენიანი სტილის ხატის, დიანა სპენსერის როლში გამოჩნდა. მისი Emanuel-ის საქორწინო კაბიდან დაწყებული, ავსტრალიის ტურნეს გარდერობის ჩათვლით, სერიალმა ახალგაზრდა პრინცესა დიანას მემკვიდრეობა ღირსეულად გადმოსცა. მეტიც, მეხუთე სეზონში ელიზაბეტ დებიკი, ლედი დის საკულტო შავ კაბაში წარსგდა, რომელიც პრინცესა დიანას 1994 წელს გალერეა The Serpentine-ში ჟურნალ Vanity Fair-ის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე ეცვა. ღონისძიება პრინც ჩარლზის და კამილა პარკერ-ბოულზის სასიყვარულო ურთიერთობის გამოაშკარვებას დაემთხვა, სწორედ ამიტომ, Christina Stambolian-ის დიზაინით შექმნილ კაბას „შურისძების კაბა“ უწოდეს.
The Marvelous Mrs. Maisel
ვინტაჟის მოყვარულთათვის, The Marvelous Mrs. Maisel ნამდვილი სანახაობაა. კოსტიუმების დიზაინერმა დონა ზაკოვსკამ შოუში მუშაობისთვის კოსტიუმების დიზაინერების გილდიის ჯილდო მიიღო და რთული არ არის იმის დანახვა, თუ რატომ. Stand-up კომიკოსის, მიჯის 50-იანი წლების გარდერობი უამრავი აქსესუარითა და ფერით არის დატვირთული, რომელიც პერსონაჟის მრავალფეროვან და ქარიზმატულ ხასიათში იდეალურად ჯდება.
Killing Eve
ანგელოზის სახის მკვლელისა და Molly Goddard-ის ვარდისფერი კაბის კომბინაციამ Killing Eve-ის დასაწყის სერიებში, საკულტო მომენტი შექმნა, როგორც მოდაში ასევე სატელევიზიო შოუში. ჯოდი კომერის Villanelle დაქირავებული მკვლელია, რომელიც მოდის მიმართ სიყვარულით და ელეგანტური გარდერობით გამოირჩევა. ემიზე ნომინირებულმა კოსტიუმების დიზაინერმა, ბეთ მორგანმა Villanelle-ის პერსონაჟის პიროვნებაზე სამოსით გააკეთა აქცენტი. მათ შორის გამორჩეულია Rosie Assoulin-ის ბლუზა, ვინტაჟური Lacroix საყურეები, Loewe-ს დიდი ზომის oversized ქურთუკი და Ann Demeulemeester-ის ბაიკერის ჩექმები.
Succession
HBO-ს ჰიტს არა მხოლოდ პოლარიზებული პერსონაჟები, მომნუსხველი დიალოგი და ინტრიგა ხდის განსაკუთრებულს, არამედ შივ როის მკვეთრი გარდერობი. მაღალწელიანი შარვლებითა და ქაშმირის ზედებით, შივი მასკულანურ სამყაროში ცდილობს თავის დამკვიდრებას. House of Cards-ის კლერ ანდერვუდთან და პრადას მოყვარულ ოლივია პოპთან (Scandal) ერთად, შივ როიმ ოფიციალურად დაიმკვიდრა ადგილი power suit-wearing ქალების პანთეონში. კოსტიუმების დიზაინერი მიშელ მატლანდი, შივის სამოსს The Row და Stella McCartney-თ შთაგონებულ ერთგვარ „ჯავშანად“ მიიჩნევს, რომელიც მას მამაკაცებით დატვირთულ ოჯახთან დამოკიდებულებაში სჭირდება.
The Queen’s Gambit
Netflix-ის The Queen’s Gambit სტრიმინგ სერვისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰიტად იქცა. შოუმ ოქროს გლობუსის ორი ნომინაცია მიიღო, მათ შორის საუკეთესო ლიმიტირებული სერიალი და საუკეთესო მსახიობი ქალი. შოუს პოპულარობა დიდწილად ანია ტეილორ ჯოის გარდერობმა განსაზღვრა, რომლის პერსონაჟი, ჭადრაკის ვარსკვლავი ბეთ ჰარმონი, სტილის ევოლუციას მთელი სერიალის განმავლობაში განიცდის. კოსტიუმების დიზაინერმა გაბრიელ ბაინდერმა ყურადღება ფერთა პალიტრაზე, კონკრეტულად მწვანე ფერზე გაამახვილა, რომელსაც ბაინდერმა პერსონაჟის „სახლის ფერი“ უწოდა. შოუს კოსტიუმები 1950-60-იანი წლების მოდურ სტილს უსვამს ხაზს და შთაგონებულია იმ დროინდელი დიზაინერებით, კერძოდ, Pierre Cardin-ით. ტეილორ-ჯოის ზოგიერთი კოსტიუმის ინსპირაცია თავად ჭადრაკია, რადგან მისი სამოსი ხშირად საჭადრაკო დაფას წააგავს.
ნინკა მამულაშვილი