BB, CC, TINTED საცხების შესახებ

29.09.2022

ვაღიაროთ, მრავალსაფეხუროვანი რუტინების, ათობით გამოყენებული პროდუქტისა და ჩატარებული პროცედურის თვითმიზანი საკუთარი თავის განებივრებასთან ერთად, კანის ერთგვაროვანი ფერის მიღებაა. ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, შესაძლოა სხვებისთვის სრულიად შეუმჩნეველი იყოს, თუმცა ერთ ცალ უწყინარ პიგმენტურ ლაქასაც კი, შეუძლია გაგვიფუჭოს განწყობა. სწორედ ამიტომ, დღეს გიყვებით იმ პროდუქტებზე, რომელიც მარტივად და ეფექტურად ებრძვიან აღნიშნულ საკითხს.

BB – Blemish Balm აბრევიატურა თავის თავში შიფრავს მიზანს – ბალმისებრი ეფექტით დაამშვიდოს მცირედი გამონაყარი და დეკორატიული კოსმეტიკის გარდა, დერმატოლოგიური დანიშნულებითაც ჩაჯდეს რუტინაში. მოკლედ, „ჭკვიანი ტონალური“ – ასე დავარქმევდი პროდუქტს, რომელიც ყველა ტიპის კანისთვის გამოიყენება, შეიცავს დამატენიანებელ ინგრედიენტებს და აქვს მსუბუქი დაფარვის ეფექტი. ფრანგული ფარმაციის ბრენდები აქტიურად აწარმოებენ BB საცხებს და რამდენიმე ფერში გვთავაზობენ მის შერჩევას.

CC – Color Correcting კრემები პირდაპირ გვპირდება კანის ფერის გათანაბრებას, სიწითლისკენ მიდრეკილებისას მის დაფარვას, ხოლო ალერგიული ან მგრძნობიარე ტიპის შემთხვევაში დისკომფორტის მოხსნას. Tinted Moisturizer, Tinted SPF – ყველაზე სასარგებლო ინგრედიენტების გაერთიანებით რომ მულტიფუნქციური პროდუქტის შექმნა დაგვავალონ, ახალი ველოსიპედის გამოგონება მოგვიწევს. სხვა შემთხვევაში, მზისგან დამცავი, დამატენიანებელი, დეკორატიული კოსმეტიკის რიგებში ღირსეულად წარმოდგენილი დერმატოლოგიური დანიშნულების პროდუქტი უკვე არსებობს და მას შეფერილი დამატენიანებელი, ან უკეთეს შემთხვევაში – შეფერილი მზისგან დამცავი საცხი ჰქვია. მსგავსი ტიპის საცხები მულტიფუნქციურია, ზოგავს თქვენს ფინანსურ თუ დროის რესურსს.

BIODERMA. Photoderm COVER Touch SPF50+

როგორც ფრანგული ბრენდის, „ბიოდერმა“-ს ოფიციალურ საინფორმაციო არხებში ვკითხულობთ, ფოტოდერმის ხაზის შეფერილი მზისგან დამცავი ტონალურის ეფექტითაა წარმოდგენილი, თუმცა გაცილებით მსუბუქი სტრუქტურისაა და იდეალურად ფარავს პიგმენტურ ლაქებს 8 საათის მანძილზე. ფილტრები – მინერალურია, შესაბამისად, ის მგრძნობიარე, სიწითლისკენ მიდრეკილი ცხიმიანი ან კომბინირებული კანისთვისაა განკუთვნილი.

BIODERMA. სიწითლის საწინააღმდეგო BB კრემი SPF30

აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიწითლისკენ მიდრეკილ კანს მხოლოდ პრობლემის შენიღბვა ვერ უშველის და სპეციალიზირებული ხაზის სამკურნალო საშუალებებით უნდა შევუწყოთ ხელი. ამ მხრივ, „ბიოდერმა“ კიდევ უფრო გვიმარტივებს საქმეს და „სენსიბიო“ გამაში SPF30-ის შემცველობით BB საცხს გვთავაზობს. პროდუქტი მგრძნობიარე კანისთვის არის განკუთვნილი, შეიცავს დაპატენტებულ, სიწითლის საწინააღმდეგო როზაქტივს. „სენსიბიო“-ს ხაზი ებრძვის უკვე არსებულ კაპილარებს და ხელს უშლის მათ ზრდას.

SVR. CLAIR CC კრემი SPF50+

SVR ფრანგული ბრენდია, რომელიც კანის ნებისმიერი ტიპის პათოლოგიისა თუ მდგომარეობისთვის შესაბამის გამას ქმნის. ლოგიკურია, რომ მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანიამ პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო, შეფერილი მზისგან დამცავი საშუალება შექმნა, განსაკუთრებით მაღალი UV ფილტრით. კანი, რომელიც ერთხელ უკვე დაზიანდა გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორების გამო, მიდრეკილი ხდება ფოტოდაბერებისკენ; სწორედ ამიტომ, შესაძლოა ყოველდღიურად SPF 30 საკმარისი არ იყოს. მსუბუქი, კრემოვანი სტრუქტურის საცხი გამოიყენება ორსულობისას გაჩენილი, ჰორმონალური, ულტრაიისფერი სხივებისა თუ სხვა გარემოებებისგან დარჩენილი პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ და დაახლოებით ორკვირიანი, აქტიური მოხმარების შემდგომ იძლევა თვალსაჩინო შედეგს. პროდუქტი არ შეიცავს ცნობილ ალერგენებს.

 SVR. თვალისკორექტორი/კონსილერი PALPEBRAL CC

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ SVR-ის თვალის კორექტორი, SPF 20-ით და კანის შეფერილობასთან ახლოს მყოფი ტონით, ერთი ორად გაგიმარტივებთ ყოველდღიურ რუტინას. მგრძნობიარე, მშრალი, ჩაშავებული, შესაძლოა გაღიზიანებული კანისთვისაც კი, იდეალური საშუალება არა მხოლოდ ფარავს ნაკლოვანებებს, არამედ მკურნალობს მათ. შემადგენლობაში შემავალი შიას კარაქი, ბამბის ზეთი და ომეგა 3, 6, 9 აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს და კვეთს მის კონტურს. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს ზონას და ზრუნავს ნაოჭების გაგლუვებაზე. მინერალური ფილტრების წყალობით კანი დაცულია დაზიანებისგან, ხოლო მაკორექტირებელი ეფექტი ბუნებრივი შეფერილობით ფარავს დაღლილობის მანიშნებლებს.

 MISSHA. BB კრემი

აქვე, სტატიის დასრულება კორეელების გარეშე – არ გამოვა. სწორედ მათ სახელს უკავშირდება BB საცხების კულტის შექმნა. საინტერესო ფაქტია ის, რომ მსგავსი შეფერილი დამატენიანებელი პროდუქტები რუტინის ერთ-ერთ საფეხურად აღიქმება და არა დეკორატიულ კოსმეტიკად; შესაბამისად, კორეულ ბრენდებში BB კრემები ფერთა ფართო არჩევანითაა წარმოდგენილი. PA მზისგან დამცავი ინდექსით, „მისშა“ გამორჩეულ ადგილს იკავებს მომხმარებლის ყოველდღიურობაში. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი საუკეთესო დაფარვითაა წარმოდგენილი და ჯანსაღ, მართლაც სარკისებრ სტრუქტურას ანიჭებს მას.

 MIZON. BB კრემი

მიზონის BB კრემი სხვა საცხებისგან ლოკოკინის მუცინის  45%-იანი შემადგენლობით განსხვავდება. აღნიშნული ფორმულა პროდუქტს ანთების საწინააღმდეგო, აღმდგენ მოქმედებას ანიჭებს. პეპტიდებისა და ადენოზინების წყალობით პროდუქტი მულტიფუნქციურია და კოლაგენის ბმების შენებას ასტიმულირებს, რაც ანტიასაკობრივ ჩვენებას წარმოადგენს. შესაბამისად, დეკორატიული კოსმეტიკისა თუ კანის მოვლის საშუალებების უპირატესობების მისაღებად, „მიზონ“-ის BB საცხი SPF50-ით, საუკეთესო არჩევანია.

თანამედროვე ცხოვრება სულ უფრო მეტად გვკარნახობს საკუთარ რიტმსა და წესებს, გვაჩქარებს და გვაიძულებს უფრო მარტივ, მრავალმხრივ გადაწყვეტილებებზე ვკონცენტრირდეთ. სწორედ ამიტომ, მულტიფუნქიციური, საინტერესო და როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნეთ „ჭკვიანი“ პროდუქტები იდეალური გამოსავალია ყოველდღიური დისკომფორტების დასაძლევად.

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top