თამარ ქაფიანიძე – ჩემი მეხსიერება

05.08.2022

წარსულის მოგონებებისა და მოდერნისტული ელემენტების საკრალური სინთეზი – KAVEULI  2018 წელს შეიქმნა, როგორც ძვირფასი ლითონის ხელნაკეთი სამკაულის ბრენდი, რომელიც კლასიკურ ფორმებს თანამედროვე კონტურებთან და ელემენტებთან აერთიანებს.

2020 წელს KAVEULI-ს დამფუძნებელმა, თამარ ქაფიანიძემ პირველი ქართული არტიზანული სუნამო KAVEULI  PARFUME წარადგინა. ასე იქცა თამარი პირველ ქართველ პარფიუმერად. ბრენდის ისტორიაში კი ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო.

დღეს KAVEULI ძვირფასი ლითონების ხელნაკეთი სამკაულების,  არტიზანული პარფიუმერიისა და BEAUTY OBJECT-ის ხაზს აერთიანებს.

თამარ, თქვენ პირველი ქართველი პარფიუმერი ხართ. როგორ იწყება თქვენი ისტორია,  ჩვენთვის ერთი შეხედვით ნაცნობ, მაგრამ სინამდვილეში  უცხო და შორეულ სამყაროში?

4-5 წლის ვიქნებოდი, როცა მივლინებიდან ბაბუამ ბებიას დიორის სუნამო „დიორისიმო“ ჩამოუტანა. მე პირადად ეს მომენტი არ მახსოვს, მაგრამ როგორც ბებია მიყვებოდა, შევიგრძენი თუ არა ამ სუნამოს არომატი, მაშინვე ვთქვი, რომ ეს იყო შროშანის სუნი. ამ სუნამოს მთავარი ინგრედიენტი მართლა შროშანია. ეს ბოთლი დღემდე შენახული აქვს ბებიაჩემს. ასე დაიწყო ყველაფერი, ბებიამ დამირგო შროშანი, მე მის გახარებას ვერ ველოდებოდი, ვწყვეტდი, ვსრესდი და წვენს ვისხამდი; ვამბობდი, რომ ეს არის ჩემი სუნამო.  დიდწილად ბებიამ (დედაჩემის დედამ) განაპირობა ჩემი გემოვნების ჩამოყალიბება. მისი პროფესია დაკავშირებული იყო მოდასთანაც. ის კონსტრუქტორი იყო, ჰქონდა იმ დროისთვის განსხვავებული გემოვნება და ხედვა. დღემდე ძალიან მომწონს მისი ესთეტიკა. ჰქონდა უამრავი ლამაზი ნივთი, ზარდახშები, სამკაულები, სარკეები, სავარცხლები. ძალიან უყვარდა სუნამოები. ყველაფერს ერთ პატარა ტუმბოში ინახავდა და ეს იყო ჩემი საყვარელი ადგილი სახლში. მახსოვს, რომ ძალიან ვუფრთხილდებოდი და დიდი მოწიწებით ვეპყრობოდი ყველაფერს, რასაც ამ ტუმბოში ინახავდა. ალბათ, ვგრძნობდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის.

ერთია ბავშვური შთაბეჭდილება და ინტერესი, მაგრამ მეორეა ცხოვრების მოწოდება, მითუმეტეს, რომ თქვენი ნამდვილი პროფესია რადიკალურად განსხვავდება პარფიუმერობისგან. როდის და რატომ მოხდა გარდატეხა, როცა გადაწყვიტეთ, რომ  პარფიუმერიასთან სუნამოების სიყვარულის გარდა, პროფესიულადაც ყოფილიყავით დაკავშირებული?

26 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ინდუსტრიული სუნამოები, რომლებსაც ვიყენებდი, აღარ მომწონდა. პარიზში ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, შემთხვევით მოვხვდი ადგილობრივი პარფიუმერის უნიკალურ მაღაზიაში. გამოველაპარაკე და პირველად მასთან აღმოვაჩინე არტიზანული პარფიუმერია. თურმე ეს იყო, რაც მომწონდა. იქვე გავიგე, რომ  სუნამოს კეთება შესაძლებელია არა მხოლოდ ლაბორატორიებში, არამედ პატარა სახელოსნოში, ფაქტობრივად სახლის პირობებში. აი ამ მომენტიდან დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ მეც შემეძლო ჩემთვის რაღაც არომატის გაკეთება. მანამდეც ძალიან მომწონდა სახლის პირობებში სხვადასხვა მცენარეებით, ყვავილების ფოთლებით, ფურცლებით თავის მოვლის პროდუქტების დამზადება პირადი მოხმარებისთვის. ამ ყველაფერს  საკუთარ თავზე ვცდიდი.  ეს ჩემი გარშემომყოფებისთვის  სასაცილო იყო. იმდენად ცნობილი იყო ეს ჩემი დიდი ლტოლვა რაღაცის შეზავება-დამზადების, რომ ადამიანები ტომრებით მჩუქნიდნენ სხვადასხვა ყვავილების ფურცლებს, განსაკუთრებით ბევრი ვარდის, იასამანის და პიონის ფურცლები მქონდა ხოლმე.

როგორც მივხვდი, თქვენი როგორც პარფიუმერის ამბავი, უფრო თქვენს ინსტინქტზე, ცხოვრებისეულ შემთხვევითობებზე დგას და არა წინასწარ დაგეგმილ და გაწერილ პროფესიულ კარიერაზე. რა იყო თქვენთვის საბოლოო მიზანი მაშინ, დასაწყისში?

გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ მიფიქრია იმაზე, რომ ამისთვის სერიოზული სახე მიმეცა. მიზანი იყო ის, რომ უბრალოდ ჩემთვის შემექმნა აბასთუმნის ტყის სურნელი, რომელიც მთელი ცხოვრებაა სულ თან დამსდევს და მახსენებს ჩემი ბავშვობის უმნიშვნელოვანეს პერიოდს. როგორც კი ახლოს გავიცანი არტიზანული პარფიუმერია, მაშინვე მივხვდი, რომ გონებაში ჩაბეჭდილი არომატი შემეძლო სუნამოდ მექცია.

დავიწყე ინგრედიენტების მოძიება, აღმოვაჩინე უამრავი საინტერესო წიწვოვანი ნოტი. მათი ნაწილი სუნამოში აქამდე არც გამოუყენებიათ. იმდენად ბევრი წიწვოვანი ინგრედიენტი მოვაგროვე, რომ თავიდან შემეშინდა მათი ერთად არევა, ერთმანეთი არ გადაეფარათ. თან თეორიული ცოდნაც არ მქონდა, თავიდან ბოლომდე მივყვებოდი ინსტიქტს და გონებაში მკაფიოდ ჩარჩენილ სურნელს. არომატზე მუშაობა შეიძლება შევადარო ყველა იმ პროცესს, რომელიც მოითხოვს შემოქმედებითობას, და ამასთან ერთად გარკვეული ტექნიკების გამოყენებას. ეს პროცესი მხოლოდ კრეატივთან და სასიამოვნო ემოციებთან არ ასოცირდება, მოითხოვს შრომას და გარკვეულ დისციპლინას. შედეგის მისაღწევად ათასი ცდაც არაა საკმარისი, მაგრამ ყველაზე რთული არის – იცოდე, როდის გაჩერდე, რადგან პროცესი მუდმივ და დაუსრულებელ ექსპერიმენტირებას გულისხმობს. მიიღებ რაღაც შედეგს, თავიდან მოგწონს, აკვირდები, მერე ორჭოფობ – ის არის რაც გინდოდა? იქნებ რამე დავაკელი, ან იქნებ რაღაც მეტი აქვს? შემდეგ მოდის ახალი იდეა და ყველაფერი თავიდან იწყება. ყოველთვის გგონია, რომ შეგიძლია ხვალ და ზეგ უკეთესი ვერსია მიიღო. ყოველ ახალ არომატზე მუშაობის დროს, ჩემთვის ყველაზე  რთულია გაჩერება. თუმცა განსაკუთრებით რთული ეს პირველ სუნამოზე მუშაობის დროს იყო. ბავშვობის არომატი ზუსტად უნდა გამომეცა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი აბასთუმნის ტყის წინაშე; ამიტომაც 16 წელი ვერ გავჩერდი. შემდეგ შევხვდი ჩემს იტალიელ მასწავლებელს – მაურო მალატინის. ის დამეხმარა მიმეღო ის არომატი, რაც ჩემს გონებაში იყო და გავჩერებულიყავი.  ამის მერე მოვხვდი პარმის პარფიუმერიის სკოლაში და თეორიული ცოდნა, რაც იქ მივიღე, მეორე სუნამოს შექმნაში დამეხმარა. იქ მივხვდი, რომ პროცესი უფრო მარტივად შემეძლო მემართა.

16 წელი მართლაც დიდი დროა. თქვენი ცხოვრების ეს  წლები ძალიან დიდ ემოციურ, მორალურ ინვესტიციას გულისხმობს. გასაგებია, რომ ის წარსულის ლამაზ მოგონებებს გიცოცხლებთ, მაგრამ რა არის ის დღეს თქვენთვის?

ორი შვილი მყავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მარტოს სუნამოზე ღირებული ჯერ არაფერი შემიქმნია. „კავეული პარფიუმი“-თ გაუცნობიერებლად მე ჩემი ავტოპორტრეტი შევქმენი. „კავეული“-ს პირველი სუნამო  გამჭვირვალე, ცივი, თავშეკავებული და ცოტა უკარებაა, თუმცა აფროდიზიაკია, რომლის შეგრძნება სულ გინდა. თუმცა არ ვიცი ადამიანებს სულ უნდათ თუ არა ჩემთან ყოფნა და ურთიერთობა (იცინის). სუნამოს კონცეფცია თავიდანვე ვიცოდი: ეს უნდა ყოფილიყო მალე აქროლვადი, უშლეიფო სუნი, რომელიც სულ თან დაგყვება და სულ გინდა მისი თავიდან დასხმა.  ბოთლი კულონით ამ კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კულონი იძლევა საშუალებას არომატი სულ თან ატარო, ხოლო მისი ავსება, თავად სუნამოს პატრონზეა დამოკიდებული. მე მინდოდა, რომ ადამიანებს სითხესთან ახლო შეხება ჰქონოდათ, კულონის ავსების მომენტში ხელი „დასვროდათ“ სითხით და მთელი სიმძაფრით შეეგრძნოთ  წიწვოვანი ტყის მომაჯადოებელი სურნელი.

„კავეული“-ს მეორე სუნამო („ვენერა“) ძალიან მალე დაიბადა და პირველისგან რადიკალურად განსხვავებულია.  თუ KAVEULI PARFUME-ი თქვენი ავტოპორტრეტია, „ვენერა“ ვის ამბავს ყვება?

იყო რაღაც მოვლენა, რომელმაც დამაფიქრა, რომ ადამიანები ბევრ დროს ვუთმობთ წარსულზე და მომავალზე ფიქრს, სულ მივტირით წარსულს და ვოცნებობთ მომავლზე. ამ დროს ხელიდან გვისხლტება ყველაზე მთავარი – აწმყო. მივხვდი, რომ მისი შერგება ადამიანებმა არ ვიცით სათანადოდ. თან ის ყველაზე მოუხელთებელი და ხანმოკლეა. ასე გაჩნდა ვენერას იდეა. ვენერა არსებული მომენტით ტკბება. ეს ხასიათი დროთა განმავლობაში კონკრეტულ არომატად ჩამოყალიბდა ჩემს გონებაში და ინგრედიენტებზე მიმითითა, რომლებსაც ჩემი წარმოდგენით ვენერას ხასიათი უნდა გამოეხატათ.

ჩემთვის, ერთგვარი გამოწვევა იყო, გამეკეთებინა პირველისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათის, თუმცა ჩემთვის მისაღები არომატი. ვენერა არის  თბილი, თავდაჯერებული, მეამბოხე, ხმაურიანი, მხიარული. მას არ ჭირდება სხვისი აღიარება, დარწმუნებულია თავის თავში და ტკბება თითოეული წამით. „ვენერა“-ზე მუშაობის დროს მალე გავჩერდი, მივხვდი, რომ მიღებული არომატი ვენერას ხასიათს გადმოცემდა და ჩემს სათქმელს ამბობდა.  

და მაინც  ბუნებრივად იბადება კითხვა, საბოლოოდ  „კავეული“ გახსენებაა თუ დიალოგი?

კავეული ჩემი მეხსიერებაა. ის თავისი ემოციით, ხასიათით, სურნელითა და ფაქტურით არის  ჩემი წარსული. ყველა ნივთი თუ არომატი უკავშირდება ძველ მოგონებას, ბებიაჩემის ნივთებს, ნაცნობ სურნელს ჩარჩენილს გონებაში, ქუჩაში ნანახს, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ყველა ეს ნივთი ძველი დროიდან არის გაცოცხლებული, თუმცა ისინი არსებობენ აქ და ახლა, ჩემთან, ჩემს შვილთან ან ახალ მფლობელთან ერთად იკრებენ ახალ ისტორიებს, მოგზაურობენ ჩვენთან ერთად აწმყოში და იმოგზაურებენ მომავალში. „კავეული“ სამყაროა, სადაც დროში მოგზაურობა შეიძლება. თუმცა ამასთან, „კავეული“ ჩემი სასაუბრო ენაა.  თავიდან ეს იყო საუბარი საკუთარ თავთან, ყველა ნივთი მხოლოდ ჩემთვის იყო. რაღაც პერიოდის მერე მივხვდი, რომ ამ ენით სხვასთანაც შემეძლო საუბარი. ჩემთვის შექმნილი ნივთები და არომატები გავათავისუფლე და მივეცი შესაძლებლობა სხვისი კიდევ უფრო მეტად საინტერესო ისტორიები აერეკლათ. დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში შევქმნა ატმოსფერო, საკრალური საგნებით და არომატებით დავიწყო ამბის თხრობა, შემდეგ კი სხვებმა განაგრძონ.

Aromateque, 17 Ioane Shavteli St, Tbilisi

Sauvage Concept Store, 18 Tamar Chovelidze St, Tbilisi

IERI Store, 1 Vasil Petriashvili Street, Tbilisi

TBC Concept, 7 Kote Marjanishvili St, Tbilisi 

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top