გზა ახლობელი „ბლიციდან“ შორეულ „ბითლზამდე“
26.07.2022
დღეს, როცა ასეთი მძაფრი და პოლიტიკური მნიშვნელობისაა დისკუსია საქართველოს ევროპული ორიენტაციის შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ როკ და პოპ-მუსიკა 60-70-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში, მძაფრად გამოხატავდა სწორედ დასავლური ცხოვრების წესისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვას… და ეს მაშინ, როცა ოფიციალური იდეოლოგია ამ თემებზე საუბარსაც კი კრძალავდა! თუმცა, რაც უფრო ხისტი და უხეში იყო აკრძალვის ფორმები, მით უფრო მძაფრად იგრძნობოდა თავისუფლებისა და მუსიკის სურვილი…
სწორედ საბჭოთა საქართველოს ეპოქის ლეგენდარული როკ-მუსიკოსი და შემსრულებელი, ვალერი კოჩაროვი გვსურს გავიხსენოთ, რომელიც მაისში, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სასცენო კარიერა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება, როცა ჯერ მუსიკალური ჯგუფების -„კვადრატისა“ და Cold Flame („ქოლდ ფლეიმის“) ერთ-ერთი შემქმნელი იყო. შემდეგ, მუსიკალური კარიერის ბოლომდე, ცნობილი ჯგუფის „ბლიცის“ სოლისტი და ლიდერი.
70-იანი წლების დასაწყისში, ვალერი კოჩაროვის „ბლიცის“ პარალელურად, ნაწვიმარზე სოკოებივით აღმოცენდნენ სხვადასხვა ჯგუფები: სოსო კამალოვის „კონტრასტი“, ვოვა მოგელაძის „ბლუზ მობილ ბენდი“, ზურა ყარალაშვილის „ბერიკები“, უკვე პოპულარული იყო ბაჩი ქიტიაშვილი და ჯგუფი „ბერმუხა“. ისინი ნახევრად არალეგალურ კლუბებში უკრავდნენ და მღეროდნენ, სადაც მცირერიცხოვანი თაყვანისმცემლებიც იკრიბებოდნენ. ეს მუსიკა ცხადია, ვერ ქმნიდა მეინსტრიმს; მათ არც რადიო და ტელევიზია გადასცემდა და არც საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცოდა ამ მუსიკოსების არსებობობა. მუსიკოსები თითქოს პარალელურ განზომილებაში თანაარსებობდნენ: ერთი მხრივ – ოფიციალური და ვოკალურად შელამაზებული ჯგუფები „დიელო“, „ორერა“, „რერო“, „ივერია“, მეორეს მხრივ – „ბერმუხა“, „ბლიცი“, „ლაბირინთი“, „ბლუზ მობილი“.
ვალერი კოჩაროვის ჯგუფი „ბლიცი“ და სხვა ჯგუფებიც თავისი დროის „როკ-პიონერები“ იყვნენ, თუმცა სიმღერების დიდი ნაწილი მაინც „იმპორტულ“ პროდუქტად რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სიმღერებიც ჰქონდათ. ზოგი მათგანი ქართულიც, თუმცა ეს მაინც მიბაძვა იყო… ყველაფრის მიუხედავად, ამ ჯგუფების არსებობა რეალურად სისტემასთან დაპირისპირებას ნიშნავდა, ან საკუთარ თვითგამოხატვის ფორმას. ხშირად ისინი გარეგნობითა და ჩაცმულობით იმდენად ამოვარდნილები იყვნენ ქართული რეალობიდან, რომ მეამბოხეების იმიჯი (ზოგჯერ პაროდიულიც), ლამის გარანტირებული ჰქონდათ.
ცხადია, მათ დიდ სცენებს არავინ აღირსებდათ, ამიტომ გარეუბნებში მდებარე კლუბებში უკრავდნენ: 31-ე ქარხანაში, ისანში მდებარე კულტურის სახლში, ლილოში…ზოგჯერ ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მდებარე კლუბში, რომელსაც ჯაზის დიდი თაყვანისმცემელი, გაიოზ კანდელაკი ხელმძღვანელობდა.
აი, როგორ იხსენებდა ვალერი კოჩაროვი 70-იანი წლების დასაწყისის ატმოსფეროს:
„ჩვენთვის ეს არ იყო უბრალოდ კონცერტები, ეს ბევრად მეტი იყო, რაღაც სექტანტური სეანსივით, რაც ახალგაზრდებს ყველაფერს უცვლიდა – აკრძალულ თავისუფლებას, სექსს, ნარკოტოკებს… თანაც უამრავ წინააღმდეგობას ვაწყდებოდით. გარეგნობაზეც და მუსიკაზე პოლიციელები ერთნაირად ღიზიანდებობდნენ. რამდენჯერმე უბნის რწმუნებულმაც გამაფრთხილა – „თმა შეიჭერი, მუსიკას თავი დაანებე, ეგ რა კაცის საქმეაო“. 80-იანი წლებიდან მოყოლებული (განსაკუთრებით საბჭოეთში დაწყებული პერესტროიკის შემდეგ) ვალერი კოჩაროვის სახელი და ჯგუფი „ბლიცი“ ანდერგრაუნდისა და კლუბების ფარგლებს გასცდა. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯგუფმა „ბითლზის“ რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერაც შეასრულა. შეიძლება ითქვას, რომ ცნობილი ბრიტანული ჯგუფის პოპულარიზაცია საქართველოში ახალი თაობის მსმენელში სწორედ ვალერი კოჩაროვის სახელს უკავშირდება.
1989 წელს ჯგუფ „ბლიცის“ ბიოგრაფიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა: ლივერპულში, ბითლზ-ორეულების ფესტივალზე, სადაც ინგლისური ჯგუფებთან ერთად, უცხოელებიც გამოდიოდნენ, მთავარი ჯილდო პირველად ფესტივალის ისტორიაში, არაინგლისურ ჯგუფს მიენიჭა. სტაჟიან მელომანებს ალბათ ემახსოვრებათ ლივერპულის ტრიუმფის შემდგომ, თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გამართული კონცერტი „ბითლზის“ რეპერტუარიდან. ჯგუფის შემადგენლობა ასეთი იყო: ვალერი კოჩაროვი (ჯონ ლენონი), ვალერი ამბარცუმიანი (პოლ მაკარტნი), ზაზა საზამბერიძე (ჯორჯ ჰარისონი), ბიჭიკო ოსიპოვი (რინგო სტარი).
90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა დასავლური მუსიკალური ბაზარი გაიხსნა და ქართულ ჩართებშიც უამრავი ახალი შემსრულებელი გამოჩნდა, „ბლიცის“ პოპულარობამ იკლო, ხოლო მისი კონცერტები იშვიათი გახდა. 21-ე საუკუნეში კი ვალერი კოჩაროვის პოპულარობა მისი შვილის, გიტარისტისა და მუსიკოსის, როკ-ჯგუფის Young Georgian Lolitaz დამაარსებლის, ნიკა კოჩაროვის პოპულარობამ გადაფარა.
სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჯგუფ „ბლიცისა“ და თავად ვალერი კოჩაროვის ჩანაწერები ბევრი არ შემორჩა ისტორიას. მაღალი ხარისხის ხმის ჩამწერ თუ ვიდეოაპატრატურას მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურები ფლობდნენ. ჯგუფს კი სახსრები არ გააჩნდა, რომ ხარისხიანი ჩამწერი აპარატურა დაექირავებინა; ამიტომაც ბევრი რამ, რაც „ბლიცსა“ და ვალერი კოჩაროვის სახელს უკავშირდება, მხოლოდ მუსიკის ისტორიას, ზეპირ მითებსა და უფრო მეტად, მუსიკის კრიტიკოსებისა და როკ-მუსიკის შესახებ მწერალ ჟურნალისტების მეხსიერებას შემორჩა.
ერთ-ერთი იმ ჟურნალისტებიდან, რომლებსაც ვალერი კოჩაროვთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ბიძინა მაყაშვილია. მან 90-იან წლებში, გაზეთ „7 დღეში“ რამდენიმე საინტერესო წერილი მიუძღვნა ჯგუფ „ბლიცსა“ და ვალერი კოჩაროვს. ჟურნალი „ამარტა“ სწორედ ბიძინა მაყაშვილს ესაუბრა მუსიკოსის, მისი ბიოგრაფიისა და დროის შესახებ:
რა ფაქტორებმა და გარემოებამ მოახდინა გავლენა ქართული როკ-ჯგუფების, კერძოდ, „კვადრატისა“ და „ბლიცის“ ჩამოყალიბებაზე?
ბიძინა მაყაშვილი: საქართველოში სპეციფიკური როკ-ანდერგრაუნდი ჩამოყალიბდა. ძნელი სათქმელია, კონკრეტულად როგორი… უფრო სოციალური, პოლიტიკური და მუსიკალური გავლენების ერთობლიობა იყო გადამწყვეტი. ვერ გეტყვი, პირველადი რომელი იყო – უფრო სოციალური (ანუ მუსიკის შინაარსი), თუ საკუთრივ ფორმალურ-მუსიკალური. ფაქტია, მეოცე საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს საქართველოში როკ-მუსიკის ელემენტები უკვე არსებობდა. გავლენის სფეროებზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ პირველ რიგში, დასავლური ფოლკის, ჯაზის და პოპ-მუსიკის ელემენტები; პლუს ეროვნული ჟღერადობა და ობერტონები. ჯგუფი „კვარდატი“, რომელშიც კოჩაროვი უკრავდა მალე დაიშალა და მისი გავლენა არ ყოფილა სერიოზული. რაც შეეხება „ბლიცს“, მასზე ცხადია, იქონია გავლენა ბრიტანულმა მუსიკამ. თავად „ბლიცის“ ჟღერადობა პირველ ეტაპზე ძალიან გავდა ბრიტანულ მუსიკას. ასე რომ, შეიძლება კლიშეებზე საუბარი. თუმცა ამგვარ გავლენას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფებიც ვერ გაექცნენ.
მაინც როგორი იყო ქართული როკის პირველი თაობა და მათ შორის რითი გამოირჩეოდა ვალერი კოჩაროვი?
ბ.მ.: აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბაჩი ქიტიაშვილი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო იმ ახალგაზრდებს შორის, ვინც ელექტრო-გიტარის სიმებს შეეხო და როკის მაგია ბოლომდე შეინარჩუნა. მისი გავლენა იმ დროს არ იყო დიდი, თუმცა როგორც მოვლენა, ის უკვე შევიდა ქართული როკის ისტორიაში. ვალერი კოჩაროვი, გაცილებით სტილიზებურად, უფრო პოპ-სტილში უკრავდა და ექსტრავაგანტურობითაც გამოირჩეოდა. ასეთად დარჩა სიცოცხლის ბოლომდე: მუდამ მოდურ ჯინსებსა და პერანგებში გამოწყობილი. ეს მისი მუსიკალური იმიჯის აუცილებელი და შემავსებელი ნაწილი გახდა. უსამართლობა იქნება არ გავიხსენოთ 70-იანი წლების თაობის მუსიკოსებიდან მიშა ფოფხაძე, დათო სულაქველიძე, დათო შუშანია, ვოვა მოგელაძე, რეზო ჩაჩხიანი, თაზო კაპანაძე…
რა არის პირველი, რაც გახსენდება ვალერი კოჩაროვის შესახებ. ქარიზმა, მუსიკალური სიახლე, იქნებ უფრო ჩაცმისა და ქცევის გამორჩეული სტილი?
პირველ რიგში, ჯონ ლენონი, რომლის იმიჯიც ვალერი კოჩაროვმა ისე მოირგო, რომ ლენონი მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. „ბითლზ-ორეულების“ კონკურსიც ხომ ამის დასტური იყო. „ბლიცი“ ერთადერთი არაინგლისური ჯგუფი იყო, რომელმაც ეს კონკურში 1989 წელს მოიგო. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ვალერი კოჩაროვი გაცილებით კრეატიულობით გამოირჩეოდა და ახალ ჩანაწერებსაც როგორღაც იოლად აგნებდა. ასევე კარგად იცოდა რა სურდა, როგორ ყოფილიყო საინტერესო, ამდენად, მისი ქცევისა და ჩაცმის სტილი ყოველთვის იქცევდა ყურადღებას…
ანუ ეპატაჟი მისთვისაც და იმდროინდელი როკ-მუსიკოსებისთვისაც ჩვეული რამ იყო?
ბ.მ.: პირდაპირ ვთქვათ, რომ ვალერი კოჩაროვს ბევრჯერ მიუმართავს არტისტული და სცენური ეპატაჟისთვის. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ის დროა, როცა გრძელი თმებისთვის ახალგაზრდები პირდაპირ მილიციის განყოფილებაში მიყავდათ და ასეთი „ეპატაჟი“ სოციალურად მთლად უხიფათო არ იყო. მაგალითად, ჯერ კიდევ 70-იანი წლების დასაწყისში, ჯგუფ „კვადრატის“ კონცერტზე ლილოში, მისი წევრები პირდაპირ წაიყვანეს მილიციის განყოფილებაში. შემდეგ ყველა მათგანი, მათ შორის ვალერი კოჩაროვიც, კომკავშირულ ქალაქ ბორის ძნელაძეში დაიბარეს და მოსახლეობის საჩივრები გააცნეს. ისინი „მორფინისტების, პლანისტების და ფაშისტების“ გასახლებას ითხოვდნენ კლუბიდან. თავიანთი გარეგნობით როკ-მუსიკოსები ფაქტობრივად, შოკს გვრიდნენ ობივატელებს. მათი პორტრეტები ხშირად გამოფენილი იყო მილიციის განყოფილებაში სტენდებზე, წარწერით: „ისინი არცხვენენ ჩვენს ქალაქს“!
იქნებ ამგვარი იმიჯი და გამომწვევი საქციელი თვითდამკვიდრების, ან პროტესტის ფორმაა. როგორც მაგალითად, მილოშ ფორმანის ცნობილ ფილმში „თმები“, სადაც თმებიც, გარეგნობაც და ჩაცმულობაც ამერიკელი ახალგაზრდობის პროტესტს გამოხატავდა ვიეტნამის ომის წინააღმდეგ?
ბ.მ.: არა მგონია ეს იმიჯი ჩვენთან გააზრებული სოციალური, ან პოლიტიკური პროტესტის ფორმას უკავშირდებოდეს. ეს უფრო არტისტული, ან წმინდა ფსიქოლოგიური ჟესტი მგონია; თუმცა კიდევ გავიმეორებ, იმ დროს არ იყო ეს ქმედება სოციალურად მთლად უხიფათო. ფორმანის ფილმში ახალგაზრდებისთვის თმების გადაპარსვის ეპიზოდს, მას უფრო პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. რაც შეეხება ჩვენს როკ-მუსიკოსებს, მათ გაცილებით სხვა ფსიქოლოგიური და მორალური პრობლემები ჰქონდათ. ეს თითქოს აუცილებელი გასავლელი გზა იყო, რათა საკუთარი თავი ისე გამოეხატათ, როგორც თავად ჩათვლიდნენ საჭიროდ. მათი გარეგნობა უბრალოდ, იმდენად იყო ამოვარდნილი რეალური და მკაცრი პოლიტკორექტული ჩარჩოებიდან, რომ საესტრადო სცენებს და მითუმეტეს ფილარმონიის სცენას მათ არავინ აღირსებდა.
მაგრამ მაინც დადგა დრო, როცა „ბლიცი“ ფილარმონიის გადაჭედილ დარბაზში უკრავდა და მღეროდა, ხოლო ამის ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ ვალერი კოჩაროვი გახდა…
ბ.მ.: ეს მაშინ, როცა „ბლიცმა“ მოიგო „ბითლზ-ორეულების“ კონკურსი. მანამდე მათთვის ფილარმონიის სცენა ფაქტობრივად დახურული იყო და ამის შესახებ თავად ვალერი კოჩაროვს ხშირად უსაუბრია. იმ პერიოდის ჯგუფებიდან, რომლების შესახებაც ვსაუბრობთ, დღევანდელ დრომდე მხოლოდ რამდენიმემ მოაღწია; მაგრამ ვის ახსოვს თუნდაც კოჩაროვის „კვადრატი“, „კონტრასტი“, „ლაბირინთი“ და სხვები? რა მოხდებოდა, რომ მათ თუნდაც სამოყვარულო დონეზე გაკეთებული ჩანაწერები დაეტოვებინათ…ეს მუსიკა ხომ უფრო სერიოზულ გავლენას მოახდენდა შემდგომ თაობებზე?! არ ვიცი, ვთქვათ, ოცი-ოცდაათი წლის შემდეგ მოისმენენ თუ არა კიდევ ვალერი კოჩაროვის მუსიკას… თუმცა ერთი რამ ვიცი, ის მარად ახალგაზრდა შემართების მუსიკოსად დარჩება ისტორიას.
თაობების გავლენაზე თუ ვისაუბრებთ, პირველ რიგში ვალერი კოჩაროვის შვილი, ასევე მუსიკოსი და გიტარისტი, ნიკა კოჩაროვი უნდა გავიხსენოთ, რომელიც 21-ე საუკუნის ახალგაზრდა თაობაში ბევრად პოპულარულია, ვიდრე მამამისი, ვალერი კოჩაროვი…
ბ.მ.: ყველა დროს თავისი გმირი ჰყავს, ასე რომ არ მიკვირს, თუ ნიკა კოჩაროვი და როკ-ჯგუფი Young Georgian Lolitaz ბევრად პოპულარულია. თუმცა მე ვიყავი კონცერტზე, სადაც მამა და შვილი – ვალერი და ნიკა კოჩაროვები ერთად უკრავდნენ და ეს ამაღელვებელი, ემოციური და კარგი მოსასმენი იყო… როცა დარღვეული დროთა კავშირი თითქოს როკ-მუსიკის წყალობით შეიკრა.
დავით ბუხრიკიძე