მუსიკის სამყაროში

18.07.2022

ყველასთვის კარგად ნაცნობმა იაპონურმა ბრენდმა LEXUS-მა 1989 წელს საავტომობილო სცენაზე გამოჩენისთანავე დაიმკვიდრა გამორჩეული ადგილი, ვინაიდან თავიდანვე მან მაქსიმალური კომფორტის, ხარისხის, უნიკალური დიზაინის და მომხმარებელთა უმაღლესი კმაყოფილების მიღწევა დაისახა მიზნად.

LEXUS-ი არის არა მხოლოდ გადაადგილების ოპტიმალური საშუალება, არამედ გაბედული და შთაგონებით სავსე ყოველდღიური თანამგზავრი, რომელიც მართვისას მძღოლს მხოლოდ დადებითი ემოციების მიღებას პირდება. ეს განპირობებულია არა მხოლოდ LEXUS-ის განსხვავებული და თანამედროვე დიზაინით, არამედ მისი იაპონური სტუმართმოყვარეობის სრული კონცეპციით.  შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილი, რომლის სინონიმი სრულყოფილებისკენ სწრაფვაა, ხარისხიანი, მშვიდი და კომფორტული ცხოვრების სტილი – საუკეთესოდ ასახავს მისი მფლობელის ხასიათს.

კომპანიის მიზანი იმთავითვე სწორედ პრემიუმ კლასის (მისი სახელწოდებაც აქედან მოდის), პრესტიჟული, დახვეწილი დიზაინის მანქანების წარმოება გახლდათ.

დღესაც, კონცეპტუალური ავტომობილის დიზაინით სახელგანთქმულ კომპანიას საფუძვლად უდევს გაბედული იდეა და ყოველთვის ეძებს შთაგონებას რადიკალური აზროვნების და ახლებური შემოქმედების წასახალისებლად. სწორედ ასეთი პროცესი განაპირობებს ავტომობილის უნიკალურ დიზაინს.  თანამედროვე სამყაროს ფეხაწყობილი, სრულყოფილებისკენ სწრაფვის მისი მარშრუტი ახალი ინოვაციური იდეების პარალელურად იცვლება; თუმცა, იაპონური კულტურის საპირწონედ, მისი ტრადიციული ღირებულებები მკაცრად შენარჩუნებულია, როგორიცაა უბადლო კონსტრუირების ხარისხი, ავტომობილის თუ სივრცის ინტერიერის კომფორტული, მიმღები განწყობა და ხელობის ერთგულება, რაც ერთიანობაში მდიდრული და მდგრადი პროდუქტის წარმოების გარანტიაა.

ბოლო წლების განმავლობაში, LEXUS-მა ბევრი ახალი ემოციური და შთამაგონებელი დეტალი შემატა დიზაინს, რომელიც საგრძნობლად აახალგაზრდავებს ავტომობილს და გამოარჩევს უფრო თამამი შესრულებით, სასიამოვნო მართვის დინამიკითა და უახლესი ტექნოლოგიებით. მუდმივად ელეგანტური ბრენდის მიმდინარე მისწრაფება ლაკონურია: იზრუნოს შეუდარებელი გამოცდილების შექმნაზე. მისი ხედვა კი შემდეგ პრინციპებს ემყარება: ფუნქციური ელემენტების ემოციურში, ხოლო ტექნოლოგიურის – შემოქმედებით ენერგიაში გარდაქმნა. ბრენდი მხოლოდ ავტომობილების ხაზის განვრცობით არ შემოიფარგლება და აქტიურად აგრძელებს  კოლაბორაციას სხვადასხვა კრეატიულ თუ მომიჯნავე ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე წამყვან კომპანიებთან. LEXUS-ი, როგორც ცხოვრების სტილის ყველა შრის მომცველი გლობალური ბრენდი, უკვე წლებია ჩაერთო ამა თუ იმ სახელოვნებო დარგის საქმიანობაში და ხელს უწყობს მათ განვითარებას. ბრენდის დღის წესრიგს არც მუსიკის სფერო გამოჰპარვია და ამ სტატიაში სწორედ მის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს გაგაცნობთ.

2021 წელს, LEXUS-ი საერთაშორისო მუსიკის დღეს ექსკლუზიურ და გრძელვადიან პარტნიორ აუდიო კომპანია MARK LEVINSON-თან თანამშრომლობის აღნიშვნით შეხვდა. LEXUS და MARK LEVINSON (პრესტიჟული ბრენდი, რომელიც ეკუთვნის მშობელ კომპანიას HARMAN International) 20 წელზე მეტია რაც ერთად ანვითარებენ სალონში აკუსტიკური ეფექტის ხარისხს. ორი ულტრა-პროფესიონალური კომპანიის დუეტი, წლების მანძილზე, საერთო ძალისხმევით ახერხებდა მუსიკის შესანიშნავი  ხარისხის მიწოდებას LEXUS-ის მილიონობით მძღოლისთვის თუ მგზავრისთვის. ის ერთგულებით განაგრძობს საუკეთესო სამანქანო სმენითი გამოცდილების პრეზენტაციას. დღეს, ნახსენები ბრენდის ხმის სისტემები ინდივიდუალურად არის მორგებული ყოველ ახალ მოდელზე, რათა ბგერის რეპროდუქციის სისტემით შეუმჩნევლად მოხდეს ნებისმიერი მუსიკის ჟანრისთვის შესაფერისი აკუსტიკური გარემოს იმიტაცია. მგზავრს წარმოსახვითი ძალდატანების გარეშე შეუძლია თავი იგრძნოს ინტიმურ ჯაზ-კლუბში, სუნთქვისშემკვრელ სიმფონიურ დარბაზში, ჩამწერი სტუდიის დახშულ გარემოში, ან როკ კონცერტის ხმაურიან სტადიონზე. კრისტალური სისუფთავის აკუსტიკური ქმედითობით, კიდევ ერთხელ  დასტურდება HARMAN-ის და LEXUS-ის საზიარო პერფექციონისტული მიდგომა, რისი დამსახურებითაც შედგა წამყვან ბრენდებს შორის ხანგრძლივი სინერგია. შეუდარებელი აუდიო ხარისხი იმ გარემოს მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ეხმიანება LEXUS-ისთვის ახლობელ ‘ომოტენაშის’ ფილოსოფიას (იაპონური კონცეფცია სტუმართმოყვარეობის პრინციპების შესახებ), რათა ადამიანებმა ავტომობილში თავი ისე იგრძნონ როგორც საკუთარ სახლში. ამ მახასიათებელს დამსახურებულად აფასებს იან ლისეეცკი, მსოფლიოში ცნობილი პოლონელ-კანადელი პიანისტი, შოპენის ნაწარმოებების აღიარებული შემსრულებელი და ლექსუსის მხარდამჭერი; როგორც ის ამბობს: „ბევრ მანქანაში აუდიო აღჭურვილობის ხარისხი ისეთია, რომ მხოლოდ ხმაური ისმის. LEXUS-ი, მისი ხმა, იზოლაციის სისტემის მაღალი ხარისხის დამსახურებით პრაკტიკულად უხმაუროა, ხოლო აუდიო აღჭურვილობის ხარისხი და დინამიკების რაოდენობა საშუალებას იძლევა მოისმინოთ და გაარჩიოთ ცალკეული ინსტრუმენტი ორკესტრში. კომფორტულად ზიხარ და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს საკონცერტო დარბაზში იმყოფები, ასეთ გამოცდილებას ნამდვილად ვერ მიიღებთ სხვა მანქანაში.”

‘ომოტენაშის’ პრინციპებმა ასევე დიდი გავლენა მოახდინა LEXUS-ის მიერ RX მოდელის შექმნაზე. ის გულისხმობს დეტალებისადმი დიდ ყურადღებას და პერსონალიზებულ მიდგომას, რომელიც აცნობიერებს, რომ თითოეული მომხმარებელის მოთხოვნილებები განსხვავებულია. დაწყებულ მისიაში განემტკიცებინა უმაღლესი აუდიო ხარისხი, რომელიც ბრენდის დამახასიათებელი ნიშანია,  LEXUS-მა პიანინოს წარმოებაში გამოცდილი YAMAHA-ს სპეციალისტების ხის დამუშავების ხელოვნების ათვისება გადაწყვიტა. მათი თანამშრომლობის შედეგად, მსოფლიოს უდიდეს საკონცერტო დარბაზებში YAMAHA-ს მიერ წარმატებით გამოყენებული ტექნოლოგია ასევე დაინერგა LEXUS RX-ის სამანქანო გარემოში. ლაზერული ჭრის ზუსტი პროცესი, რომელიც გამოიყენება მსოფლიოში ექსკლუზიური მუსიკალური ინსტრუმენტების შესაქმნელად, აძლიერებს დახვეწილი SUV-ის სალონში წარმოდგენილი ბუნებრივი ხის შპონების დამუშავების ხარისხს. ტექნიკა ასევე გამოიყენება RX-ის საპელეს ხით გაფორმებულ ვარიანტზე, რადგან აფრიკული წარმოშობის ეს მასალა გავრცელებულია ნატიფი როიალებისა და გიტარების წარმოებაში. იმის გამო, რომ ხე განსაკუთრებულად ნაზი და მოწყვლადია დამუშავების მიმართ, სამუშაოს შესრულება მხოლოდ მაღალკვალიფიციურ ხელოსნებს შეუძლიათ. ყურისა და თვალისმომჭრელი პროდუქტების შექმნის ასწლიანი გამოცდილების მქონე YAMAHA, LEXUS-თან საავტომობილო ბრენდის გამოშვების დღიდან თანამშრომლობს.

კიდევ ერთი კოლაბორაცია მუსიკის სფეროში, არც მეტი არც ნაკლები, მუსიკალური ინსტრუმენტების პრემიუმ მწარმოებელ FENDER-თან შედგა. ლიმიტირებული გამოშვების საკოლექციო ელექტრონული გიტარა FENDER LEXUS LC STRATOCASTER, თავად ბრენდის მთავარი ოსტატი-ხელოსნის რონ თორნის მიერ LEXUS-ის შთაგონებით შეიქმნა და მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ ას ეგზემპლარად გავრცელდა. ‘ტაკუმის’ ოსტატობის პრინციპების დაცვით და თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით, შეიქმნა უნიკალური ვიზუალის მქონე Stratocaster. თვალისმომჭრელია გიტარის ექსტერიერის ‘სტრუქტურული ლურჯი’ ელფერი.

ფრაზა: „შესანიშნავი მოძრაობაში” მოტოდ გასდევს LEXUS-ის ერთერთ სარეკლამო კამპანიას, თუმცა ასევე მიესადაგება მორფოს პეპელას, რომელიც ჯერ LEXUS LC 500 მოდელისთვის შექმნილი საღებავის შთაგონების წყარო გახდა და შემდგომ გიტარის დიზაინში განმეორდა. საღებავს, რომელიც რეალურად არ შეიცავს ლურჯ მასალას და სინათლის ჩარევისგან გამოწვეული ილუზიაა, ახასიათებს ვრცელი სპექტრული დიაპაზონი, რომელიც წარმოქმნის ღია მეტალურ ლურჯს ღრმა შუაღამის ლურჯამდე.

‘სტრუქტურული ლურჯი’ ფერის საოცარი ელექტრული ჟღერადობით აცოცხლებს ავტომობილის კორპუსის და გიტარის აღნაგობის მრუდე ფორმებს. გიტარის ყელი დამზადებულია ულამაზესი ვეფხვისებრი დაზოლილი სახის მქონე ნეკერჩხლისგან და გაპრიალებულია ურეთანით, რაც FENDER-ის ხის დამუშავების ტრადიციას უნარჩუნებს მოდელს. LEXUS-ის ხმის სისტემების კონფიგურაციის და MARK LEVINSON-ის სტერეო სახელურების შესაბამისად, FENDER-ის მთავარმა ოსტატმა რონ თორნმა გიტარას მოარგო სახელდახელოდ დამუშავებული ალუმინის ხმის დასარეგულირებელი დეტალები. გარდა ამისა, დამცავის საჭერების ნაცვლად გამოყენებულია ძრავის ხრახნები, რომლებიც ინსტრუმენტს წმინდა ავტომობილის იერსახეს სძენს.

LEXUS-ის 2022 წლის დიზაინერულ კოლექციაში ასევე შევიდა რამდენიმე მუსიკალური ობიექტი, როგორიცაა ფორტეპიანოს მწარმოებელ KAWAI-სთან თანამშრომლობით შექმნილი მინიატურული როიალი, და BROTHER INDUSTRIES-სთან კოლაბორაციით შთაგონებული PRIMOTONE CRYSTAL – მუსიკალური ყუთი. LEXUS-ის ავტომობილების ინტერიერში ხშირად გამოყენებული ბამბუკის და შიმამოკუს ხით შეიქმნა დეკორატიული მინი როიალი, რომლის 32-ივე კლავიშიდან თითოეულის ხმა გულდასმით არის აწყობილი KAWAI-ის პროფესიონალი ოსტატის მიერ. მოწინავე ტექნოლოგიებისა და ოსტატობის შერწყმა ასევე ვლინდება ელექტრონულ მუსიკალურ ყუთში, რომელიც 1172 სიმღერის ცოცხლად შესრულების საშუალებას იძლევა. მუსიკალურ ყუთს შეუძლია შეასრულოს სიმფონია, რომელიც გრძელდება 30 წუთზე მეტ ხანს, და რომლის სიხშირეც მორგებულია 528 ჰც-ზე, ამ კონკრეტული სიხშირის დადასტურებული სამკურნალო თვისებების გამო.

LEXUS-ის ყველა ეს პროექტი თავისთავად უნიკალურია და ამავდროულად მხოლოდ ნაწილია იმ მრავალფეროვანი აქტივობების, რომლებიც საუკეთესოდ ასახავს ბრენდის მუდმივ სწრაფვას სრულყოფილებისკენ.

გვანცა ჯგუშია

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top