20.06.2022
მდიდარი წარმოსახვისთვის ადვილად გასაცოცხლებელია თუნდაც ყველაზე შორეული წარსული, ათ და ათასწლეულების წინანდელი ისტორიისა და ესთეტიკის შეგრძნებები. ადამიანებს მოსწონდათ, უყვარდათ და იზიდავდათ სილამაზე, რომანტიკა, ვნება, რომლის გადმოცემის იდეალური გზაც არომატში ჰპოვეს. არსებობდა ზეთები, ეთერზეთები და შეიქმნა პარფიუმი, ყველაფერი ზემოთ თქმულის გადმოცემის ყველაზე დახვეწილი ფორმა. სახელწოდებაზე ბევრი არ უფიქრიათ, ლათინური perfumus, ანუ „კვამლის გავლით“ მოიწონეს და მის დახვეწას შეუდგნენ. სურნელოვანი ელემენტები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა წარმართული რიტუალებისა თუ რელიგიური ცერემონიალებისას, როცა ღმერთებისთვის შესაწირად გუმფისითა და საკმევლით იკრძალებოდნენ „მდიდარნი ამა ქვეყნისანი“. საბოლოოდ კი, მომაჯადოვებელი არომატები მაცდურ იარაღად იქცა.
ნიშური პარფიუმერიის სახლის Liquides Imaginaires დამფუძნებლებს სჯერათ პარფიუმის ძალის, ამიტომ საკუთარ შეფუთვებში ყველაზე თამამი, კრეატიული, ჯერ კიდევ შეუცნობელი გზებით აცოცხლებენ აფროდიზიაკებს, რომლებიც სუნამოს, იდენტობის უნიკალურ ნაწილად აქცევენ.
ღვინით შთაგონებული ტრილოგიის მეორე ეპიზოდია Dom Rosa, ვარდისფერი შამპანური, რომელიც ყველაზე რომანტიკულ, მგრძნობიარე, ხანდახან სიყვარულის მსხვერპლ სურნელად გვევლინება. ინსპირაციის წყარო უანალოგო, წამყვანი ბრენდი Dom Perignon გახდა, სწორედ ამიტომ, ნიშური სუნამოს პირველივე აკორდი სივრცეს ვარდის სისხლით ავსებს, რომელიც ღვინის სილამაზეს არის შეწირული და იდეალური მსხვერპლია ძველისძველი შამპანურის რიტუალისთვის. Liquides Imaginaires სხვა შედევრები, ისევე როგორც ეს კონკრეტული ნიშური სითხე, აცოცხლებს პარფიუმის პირველსაწყის, ყველაზე შეუცნობელ, სახიფათო, მაგრამ მიმზიდველ ნაწილს – მისტიკურ დანიშნულებას. მზად ხართ გამოწვევისთვის?
ვნების ყვავილი თავს აკარგვინებს ნებისმიერს. ამაღელვებელი სიმსუბუქე, შამპანურის ჭიქაში მოქცეული ბუშტებივით თავისუფლდება და ხიბლავს გარშემომყოფებს. გჯეროდეთ, ადამიანები ეძებენ თავგადასავლებს! ნიშური სუნამოების ენთუზიასტებს ზუსტად ესმით, თუ რა ხდის „დომ როზას“ ასე შეუცნობელ, მისტიურ, შთამაგონებელ , მომაჯადოვებელ და მაინც რომანტიკულ სითხედ, რომელიც დაუსრულებელი ოცნების სურნელს ჰგავს. ხის საბაზო ნოტები პარფიუმს იმ კონტრასტით ამდიდრებს, რომელიც ვარდის არომატისგან მინიჭებულ აღმაფრენას იდეალურად აბალანსებს, მთავარ აკორდებად მოვლენილი შამპანური და გრეიუფრუტი კი გვახსენებს, რამდენად იდეალური შეიძლება იყოს ყველაზე წარმოუდგენელი კომპოზიციებიც კი, როცა საქმეში არაამქვეყნიური მისტიკა და კიდევ უფრო მეტი სასწაული ერთვება. სასწაულის უკან პარფიუმერი სონია კონსტანტი დგას, არაჩვეულებრივი ცხვირითა და შეგრძნებებით, რომელიც Liquides Imaginaires-ში ასე იზიდავთ. ბრენდის ლოგო ურანია, ბერძნულ მითოლოგიაში სამოთხის პერსონიფიკაციისთვის ამსახველი ღმერთის სიმბოლო.
თქვენ შეგიძლიათ ალტერნატიულ რეალობაში იმოგზაუროთ და წარმოუდგენელ სიღრმეებში შეიგრძნოთ საფრანგეთის საუკეთესო შატოების ასწლოვანი ღვინო, უკვდავების სითხე, რომლის ბოლო წვეთიც ისე შრება ენაზე, როგორც „დომ როზას“ წვეთები სხეულზე, როცა მის სითბოს შეიგრძნობს. ბოთლში ვარდია გამომწყვდეული, რომელიც თქვენს კანზე იფურჩქნება, ამიტომ აფროდიზიაკების ინტენსივობა წამებში იმატებს და მალე ყველაფერი თქვენი სურნელით აივსება. ისიამოვნეთ! თქვენს გარშემო ბედნიერებით გაჯერებული ტალღებია, რომელსაც ტკბილი პომელოს და მდიდრული შამპანურის აკორდები ქმნიან. 30 წუთში დამასკის ვარფის ხავერდოვანი ფურცლები სრულად გაიშლება და საკმევლის ქვენოტებსაც გააცოცხლებს. მიუხედავად ინტენსივობისა, საკმეველი შედარებით პასიურია, დაახლოებით იმ ყინულის კუბს ჰგავს შამპანურის ჭიქაში რომ ტრიალებს და პერიოდულად, სითხის მინასთან შეჯახებისას გახსენებს თავს. აღმოსავლეთი, შეუცნობელი აღმოსავლეთი! შესაძლოა იკითხოთ რატომ? მაგრამ ენერგეტიკული დომინაცია აქ არ მთავრდება. მნიშვნელოვან აკორდებად სანელებლები შემოდის და მიხაკ-დარიჩინის არომატით კიდევ უფრო მეტ მომნუსხველობას ანიჭებს ვარდს, რომელიც რამდენიმე საათში სრულიად მარტო რჩება სხეულზე.
რომანტიკა! „დომ როზას“ ზაფხულის მსუბუქი საღამოს სურნელი აქვს. ფრანგული პოლინეზიის რომელიმე პირსზე გატარებული დროის, რომელიც საყვარელ ადამიანთან ერთად შეუმჩნევლად გადის, მაგრამ ყველაზე მიძინებულ შეგრძნებებსაც გიღვიძებს. წრუპავ დომ პერინიონის საუკეთესო შამპანურს და ყოფის მართლაც რომ აუტანელ სიმსუბუქესთან მხოლოდ სურნელი გაკავშირებს. სურნელი იმ დაუოკებელი ვნების, რომელიც დომ როზამ ოცნების არომატად თარგმნა.
ექსცენტრული და გამბედავი დაძაბულობის მქონე დინამიკის სუნამო სპეციფიური გემოვნების მქონე ადამიანებზეა მორგებული, რამდენადაც ეს მიდგომა ფართო ხედით ნიშური პარფიუმერიის ამოსავალი წერტილია. საქართველოს მასშტაბით Liquides Imaginaires-ის კოლექცია წარმოდგენილია „ლარომ ბუტიკში“, აღმაშენებლის გამზირის 76 ნომერში.
ლალიკო თუმანიშვილი