18.01.2022
ღამის გამოფენა „სამოსელი I Garment“ ხელოვნებათმცოდნეების ნიკოლოზ ნადირაშვილისა და ჩემი (ნატალია ნიქაცაძე) კურატორული ინტერვენციაა თბილისის მშვიდობის კათედრალში ათ ხელოვანთან/კოლექტივთან:
სოლომონ აფროდიტუსი / ჯგუფი „ბულიონი“ / გია ბუღაძე / ირაკლი მერელი / მარიამ ნატროშვილი / სერ სერპასი / ეკა ქეცბაია / კოკა ქიტიაშვილი / სალომე ჩიგილაშვილი / ნინა ძამაშვილი (1901 – 1961).
გამოფენის დამთვალიერებელი ტაძრის სივრცეში განაწილებულ სხვადასხვა არტისტის ნამუშევრებისა და იმიჯების ხილვის/წაკითხვის პროცესში მიიკვლევდა გზას საკურთხევლისკენ, სადაც წარმოდგენილი იყო მთავარი ობიექტი – შემოსილი სკულპტურა.
შემოსვის ხელოვნება, როგორც ადამიანის იდენტობის გამოხატვის საშუალება, გამოფენის ერთ-ერთი შრე იყო. კურატორებმა მოდასთან ერთად ბიბლიური და მითოლოგიური საბურველის ქვეშ გამოვკვეთეთ ორი პრობლემა: ქალთა ემანსიპაცია XX საუკუნის დასაწყისში და ტრანსგენდერ ქალთა უფლებები დღეს…
ჩაცმა ადამიანის პირველადი, ბუნებრივი მდგომარეობიდან გამოსვლა და კონკრეტული კულტურისა და ეპოქის კონტექსტში ჩაწერაა. სამოსი ასევე მედიუმია, რომლითაც ადამიანი-შემოქმედი ქმნის საკუთარ თავს და გარეგნული იერსახის რეპრეზენტაციის საშუალებით ამბობს სათქმელს, ყვება ისტორიებს… არღვევს მკაფიოდ განსაზღვრულ გენდერულ ჩარჩოებს.
თავდაპირველად გამოფენის „საინფორმაციო კუთხეში“ გაეცნობოდით ცნობებს „სამოსელი I”-ის მთავარი გმირის – ნინა ძამაშვილის შესახებ. აქ ასევე იყო წარმოდგენილი დოკუმენტური ფოტო/ტექსტური მასალები ისტორიის შედარებით ადრეული თუ უახლესი წარსულიდან, რაც ეხებოდა და ეხება ქალთა უფლებრივ საკითხებს, აგრეთვე – რამდენიმე ეპიზოდს გასული საუკუნის და გასული დეკადის მოდის ისტორიიდან.
გამოფენისთვის შერჩეული ნამუშევრები, რომლებიც ტაძრის ძირითად ნაწილში იყო განაწილებული, სხვადასხვა ხედვის კუთხიდან წარმოაჩენდა კურატორების დასმულ საკითხებსა და პრობლემებს. რამდენიმე არტისტის ნამუშევრებით კურატორული აქცენტი გავაკეთეთ სამოსის იდეაზე და მისი საშუალებით იდენტობის გამოხატვაზე.
ზოგიერთ ნამუშევარს ლაიტმოტივად დაჰყვებოდა მინიშნებები ისეთ ცნებაზეც, როგორიც არის დენდიზმი, როგორც მსოფლმხედველობა და, ასევე, სამოსითა და გენდერული ნორმების რღვევის გზით პერსონის მიერ საკუთარის თავის ტრანსფორმაცია.
დენდი ცდილობს საკუთარი თავის გარდაქმნას ხელოვნებად. ოსკარ უაილდმა ეს გაცილებით რადიკალურადაც აღნიშნა: ,,ან ხელოვნების ნიმუში უნდა იყო, ან ხელოვნების ნიმუში გეცვას.“
გამოფენის ერთ-ერთ აქცენტს წარმოადგენდა სერ სერპასის ნამუშევარი, რომელზეც გამოსახულია შავი მაღალქუსლიანი ფეხხაცმელები, როგორც ჩაცმულობის მთლიანი ანსამბლის მნიშვნელოვანი დეტალი და, აგრეთვე, ხშირად, ტრანსგენდერ ქალთა იდენტობის გამოხატვის სიმბოლო.
გამოფენის კულმინაციას წარმოადგენდა შავი კაბა, რომელიც შეიქმნა, ჯგუფი ბულიონის მიერ, XX საუკუნეში მცხოვრები ქართველი ჭრა-კერვის ოსტატი ქალის ნინა ძამაშვილის დღიურში ნაპოვნი თარგის მიხედვით.
შავი კაბა, რომელიც საკურთხეველში მდგარ მამაკაცის მანეკენს მოსავდა, თავის თავში მოიცავდა როგორც ბიოლოგიური კაცის სწრაფვას ქალურობისკენ, ისე იძლეოდა ანდროგინული მოდისა და კაბის იდეასა და ფილოსოფიაზე მედიტირების საშუალებას; ამასთან გვახსენებდა მე-20 საუკუნის მოდის ისეთ არტეფაქტს, როგორიც არის – La Petite Robe Noire.
„პატარა შავი კაბით“ კოკო შანელმა, XIX საუკუნის დენდიზმის იდეის გადამუშავებით, შექმნა თანამედროვე ქალის სილუეტი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არტეფაქტი იყო პიველი ფიგურა, რომელმაც ახალი ასწლეულის მოდაში ავტორის ბიოგრაფია და ინდივიდუალიზმი ასახა. კოკო შანელის ქმნილებები, პირველ რიგში, იყო პერსონის გამოხატულება და შემდეგ „შანელის“ ბრენდის ქვეშ შექმნილი სამოსი. მსგავსად დემნა გვასალიას მაგალითისა, რომელიც „ბალენსიაგას“ მოდის სახლისთვის შექმნილი სამოსით, ამბობენ, რომ საკუთარ ისტორიას გვიყვება.
ტაძრის სივრცეში გამოფენის მთავარ ფერადოვან აქცენტებს სწორედ შავი ქმნიდა, რაც შემთხვევითი არ არის: შავი სწორედ ის ფერია, რომელიც უკომპრომისოდ გამოკვეთს სილუეტს, რაზე დაკვირვებაც გვიბიძგებს ვკონცენტრირდეთ მოდაზე, როგორც სიმპტომზე.
ნატალია ნიქაცაძე, ხელოვნებათმცოდნე
ფოტო: ნანო სარალიშვილი