ANITA RODDICK

უკომპრომისო ქალბატონი

20.12.2021

თუ სილამაზის ინდუსტრიის ენციკლოპედია არსებობს, მასში ანიტა როდიკის სახელი ოქროს ასოებით უნდა იყოს ჩაწერილი. THE BODY SHOP-ის დამფუძნებლის ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ პიროვნებას შეცვალოს მილიონობით ადამიანის ცხოვრება.

ნეგატიური მოვლენები, რომელიც ბავშვობიდან თან სდევდა, ამყარებდა მის რევოლუციურ სულისკვეთებას. თავიდან იყო მშობლების დაშორება, გამხელა იმის, რომ ბიოლოგიური მამა სულაც არ ჰყავდა იტალიელი, ერთი ხელის მოსმით დანგრეული სამყარო და ამ ნანგრევებზე საკუთარი სიძლიერის შენების პროცესი. არ უნდა გამოგვრჩეს სასურველი სკოლის გამოცდებში ჩაჭრა და აკადემიურ სივრცეში ინგლისურის მასწავლებლად დაბრუნება. ამის შემდეგ იყო ბევრი მოგზაურობა, მუშაობა პარიზში, ჟენევაში და კიდევ უფრო შორს – აფრიკაში.

ჩვენი გმირის ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი 70-იან წლებში, შინ დაბრუნებით იწყება. ანიტამ გორდონ როდიკზე იქორწინა. ადამიანზე, რომელთანაც მრავალ ინტერესს იყოფდა, მათ შორის მოგზაურობის და მეწარმეობის სიყვარულს. მეწარმეობის სიყვარული შეიძლება ახლა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ იმ დროში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მხოლოდ სიყვარული თუ გაიძულებდა ყოფილიყავი – ანტრეპრენერი, რადგან ეს საქმიანობა დიდ ენთუზიაზმს და კიდევ უფრო მეტ გამბედაობას მოითხოვდა. თუ გეჩვენებათ, რომ ყველაფერი კარგად მიდის, გეტყვით, რომ ძალიან მალე გორდონმა გადაწყვიტა  ცხენით ჯირითისთვის მიეძღვნა თავი. ეს ჰობი ახალგაზარდას საშუალოზე მეტად იტაცებდა, ამიტომ ბუენოს აირესიდან ნიუ-იორკამდე მისასვლელად ორწლიანი მარშრუტი დაგეგმა.

მკითხველის წარმოდგენაში ანიტა ალბათ მარტო დარჩა, თანაც ორი პატარა შვილით, თუმცა რეალურად, ხელოვანი, რევოლუციური აზროვნების ადამიანები ხომ არასდროს არიან ისე მოტივირებულები, როგორც მაშინ, როცა ფსონები მათ წინააღმდეგაა. ყველა ზემოთ თქმულ უიღბლობას, ოთხიათას ფუნტიანი ვალიც უნდა დავუმატოთ, რომელიც დღეს უკვე შეიძლება ჩაითვალოს „ბოდი შოპი“-ს საწყის ინვესტიციად. თავად ხშირად ხუმრობდა, რომ ფართი, რომელშიც პირველი მაღაზია გახსნა იმდენად შელახული იყო, რომ კედლების დაფარვა მხოლოდ მწვანე საღებავით მოახერხა, ამიტომ ეს ფერი იქცა მისი ბრენდის მთავარ სიმბოლოდ.

თავდაპირველად იყო 25 პროდუქტი, ერთი შეხედვით – არაფრით გამორჩეული ბაზარზე არსებული სხვა საშუალებებისგან, თუმცა ეს 25 პროდუქტი იტევდა  დიდ დაპირებებს და მაშტაბურ იდეებს, რომელიც ინდუსტრიას გადაატრიალებდა. ანიტა აცხადებდა, რომ პროდუქცია არ იყო ტესტირებული ცხოველებზე, არ შეიცავდა სინთეტიკურ მასალებს, ინგრედიენტები კი,  მოპოვებული იყო გლეხების, უბრალო ადამიანებისგან შესყიდვის გზით და არა სქელჯიბიან ბიზნესმენებთან გარიგებით. არ დაგვავიწყდეს მთავარი, შეზღუდული სახსრების გამო ახალ-ახალი შეფუთვების წარმოება „ბოდი შოპს“ არ შეეძლო, ამიტომ პროდუქტის გამოყენების შემდეგ მომხარებელს რეფილს, ანუ ძველი ბოთლების ახალი საშუალებებით შევსებას სთავაზობდნენ.

საქმიანობის განვითარებასთან ერთად, ქსელის გაფართოების საჭიროება დგებოდა, რასაც როდიკები საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებდნენ, ამიტომ ბრენდის ფრანჩიზას გაყიდვა გადაწყდა, თანაც ისეთ ადამიანებზე, რომლებთანაც საერთო ინტერესებს იყოფდნენ, მათგან უმეტესად ქალი იყო და მაღაზიას უპრეცედენტოდ აწყობდა.

80-იანი წლების დასაწყისი კორუფციისა და სიხარბის ოქროს ხანად შეგვიძლია მოვიხსენიოთ, ამიტომ ბრენდის წარმატების პარალელურად სულ უფრო მეტად იკვეთებოდა კითხვის ნიშნები დამფუძნებლების ხედვის შესახებ. ბიზნესის ზრდის, მრავალნიშნა ციფრების და წარმატების პარალელურად, ანიტა არ ღალატობდა საკუთარ ღირებულებებს და საჯაროდ საუბრობდა აქტივიზმზე, რომელსაც თავის მოვლის ინდუსტრია საჭიროებდა. არ ერიდებოდა საქმიანობის უფრო ეთიკური გზებისა და სამართლიანი პოლიტიკის განხილვასაც. სწორედ ამიტომ მის სახელს ხშირად ესროდნენ ტალახს, თუმცა ხელი ჭუჭყიანი, მხოლოდ მსროლელებს რჩებოდათ. 1990 წელს ბრიტანეთში ყველაზე მდიდარ ქალებს შორის როდიკმა მეოთხე ადგილი დაიკავა, 1991 წელს კი ავტობიოგრაფიული წიგნი „სხეული და სული“ გამოსცა, სადაც დეტალურად აღწერდა ეკოლოგიური, ადამიანების უფლებების დაცვის და სამშვიდობო ინიციატივების დაფინანსებაზე, ასევე იმ პრობლემებზე, რომელთა გადაწყვეტისთვისაც ბოდი შოპი შეიქმნა.

1988 წელს, ანიტამ The Green Consumer Guide წიგნის წინასიტყვაობა დაწერა, რომელშიც მკითხველს საკუთარ, როგორც „მყიდველის“ სიძლიერეს აცნობდა, ყვებოდა, თუ რამხელა გავლენა შეგვიძლია გვქონდეს თითოეულ ჩვენგანს, რამდენად აუცილებელია დავსვათ კითხვები პროდუქტებზე, შემადგენლობაზე, წარმოების პროცესზე. ვითხოვოთ და მოვითხოვოთ არაეთიკური მიდგომების შეცვლა. ჩვენ გვაქვს შეუცვლელი ძალაუფლება, ხმა, რომელსაც ყველაფრის გადატრიალება შეუძლია, არჩევანს კი საკუთარი ფეხით და საფულით ვაკეთებთ. სად მივალთ, სად დავხარჯავთ, სწორედ ეს წყვეტს ბიზნესების ბედს. წიგნის 1 მილიონი გაყიდული ეგზემპლარი დღემდე აჩენს იმედს, რომ სილამაზის, თუ სხვა ინდუსტრიის რევოლუციური ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს, თუ ამას მომხარებელი მოინდომებს.

ამავე პერიოდში როდიკი განსაკუთრებული ენთუზიაზმით საუბრობდა მდგრადობასა და ეკომეგობრულ გადაწყვეტილებებზე ბიზნესში. ლოგიკურია, რომ საზოგადოება რომლისთვისაც ანიტა პლანეტაზე ზრუნვას ქადაგებდა, ჯერ მზად არ იყო ასეთი იდეებისთვის და მის მოწოდებებს სიგიჟედ მიიჩნევდნენ. ეს გზა, ნებისმიერ გენიოსს და მის გენიალურ იდეებს გაუვლია. ყველა, ვინც მას იცნობდა აღნიშნავს, რომ ანიტა არასდროს ეგუებოდა უსამართლობას, არ ნებდებოდა და ყოველთვის ხედავდა მხოლოდ ორ – კარგ და ცუდ მხარეს, რადგან სძულდა შუაშისტობა. განსაკუთრებით უყვარდა მცირე ბიზნესები და შთაგონებას სწორედ იმ განვითარების გზაში ხედავდა, რომელსაც სტარტაპი ინდუსტრიის გადამატრიალებელ ბრენდამდე გადის. უფლებათა დაცვის, სამართლიანი ვაჭრობის, ღირსეული სამუშაო პირობების და სხვა მრავალი სიკეთის პროექტის ინსპირაციად ქცეული ქალი, თავისი აზროვნებით, დღემდე ფენომენალურია: „მე მინდა ვმუშაობდე იმ კომპანიაში, რომელიც ემსახურება საზოგადოებას, საკუთარი წვლილი გააჩნია მის განვითარებაში. არ მსურს მხოლოდ ინვესტირება საქმეში, არამედ ამ საქმიანობის – რწმენა!“.

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top