Ria Keburia Foundation & Project Fungus

18.12.2021

ENJOY TRANSCENDENCE – ასე ჰქვია  რია ქებურიას სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტს, რომელზეც Project Fungus-ის რვა ქართველმა არტისტმა იმუშავა თემაზე: მითი და რიტუალი თანამედროვე სამომხმარებლო საზოგადოებაში. 

ლაშა ყაბანაშვილი, მარიკო ჭანტურია, ნინი გოდერიძე, დავით აფაქიძე, Hitori Ni ხოსილიტა, გიორგი კარტოზია, K.O.I, თინა შარაშენიძე –  რეზიდენციის განმავლობაში ეცნობოდნენ ტექსტებს მითის და რიტუალის გარშემო, რის შემდეგაც შექმნეს დამოუკიდებელი ნამუშევრები, რომლებიც გარკვეული თვალსაზრისით აწარმოებენ ერთმანეთთან დიალოგს და წარმოადგენენ განსხვავებულ ხედვებსა და პერსპექტივებს. 

ENJOY TRANSCENDENCE-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც  კონსუმერიზმის დადგენილი რწმენა-წარმოდგენების, მითის და რიტუალის, დასავლური კაპიტალისტური დისკურსის გადააზრება, დანგრევა და უკიდურესად სუბიექტური ინტერპრეტაციით ნამუშევრების შექმნა გახლავთ. 

ხოსილიტას  „დღის ზმანება“, ყოფითობაში არსებული მომენტების ვიზუალიზაციაა. როდესაც მოძრაობა განმეორებადია და ზედმეტ მენტალურ ჩართულობას, ფიქრსა და ფოკუსირებას არ საჭიროებს. ჩვენი სხეული რობოტულად დაუსრულებლად აგრძელებს მოძრაობას, ხოლო გონება წყდება არსებულ რეალობას და იწყებს წარმოსახვითი სიტუაციების, გარემოების და მდგომარეობების შექმნას, რომელსაც „რა იქნებოდა“-ს ხასიათი აქვს… ეს ვერბალური ნარატივი არტისტს ვიზუალურ სიბრტყეზე სივრცისა და გმირის ურთიერთდამოკიდებულებით აქვს წარმოდგენილი. სივრცე, რომელიც კონტექსტს ანიჭებს პერსონაჟს და პირიქით – სუბიექტი, რომელიც ცალკეული ნიშანი, სიმბოლო ხდება გარემოსთვის. 

პროექტში წარმოდგენილი არტისტებიდან რიტუალის შთამბეჭდავი ვიზუალიზაციაა  დათუნა აფაქიძის ნამუშევარი „აბები აბორტისთვის“.  რეპროდუქციის უნარის საკრალიზება ყველა კულტურასა და ეპოქაში ხდებოდა. რეპროდუქცია მთავარ ღვთაებრივ აქტს წარმოადგენდა, როგორც მატრიარქალურ, ისე პატრიარქალურ საზოგადოების წარმოდგენებში. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქალურ სამყაროში მამაკაცმა ბოლომდე მიითვისა საკრალურობა, რეპროდუქციის უნარი მაინც ქალის პრივილეგიად (სინამდვილეში კი ჩაგვრის იარაღად) დარჩა. თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გადმოტანილი რელიგიურ-რიტუალური საწყისი, ტრიპტიქი: თეთრ ტილოზე წითლად მოხაზული ემბრიონის ფორმა, ოვალურ სიბრტყეში მომწყვდეული ტყუპები და ფეხმძიმე ქალის მუცელი, რომელშიც მტკივნეულად რეპრეზენტირდებიან ნემსები. ამ „წმინდა სამებას“ აუდიტორიასა და ხელოვნების ნიმუშებს შორის, ერთგვარ წარმდგენად და მთავარ რეპრეზენტატორად გვევლინება საკრალური კვერთხი, რომელსაც მრავლობითად აბოლოებს საეკლესიო სანთელი, რაც არტისტის კრიტიკულ დამოკიდებულებას აღნიშნული თემის მიმართ ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავს. ავტორის თქმით: „აბები აბორტისთვის“ ღმრთისმშობლის ხატების კუთხეა, რომელიც სააბორტაციო აბების სარეკლამო კამპანიას წარმოადგენს. აბორტი მასში განხილულია, როგორც საკრალური აქტი, რომელშიც ქალი იბრუნებს რეპროდუქციის უფლებას“.

რიტუალის და გარკვეული თვალსაზრისით საკრალურობის თემას აგრძელებს Hitori Ni , შერეული ტექნიკით შესრულებულ ნამუშევარში Scorpio9. UFO, ნანოტექნოლოგიები და მომავლის სუბიექტი – ყველა ცნება ერთად თუ ცალ-ცალკე Hitori Ni-ის ნამუშევრის ხილვისას ცნობიერების ნაკადის ძალით მოემართება. შესაძლოა ნამუშევარმა უფრო მეტიც გითხრას „თუ მოუსმენ“ ინსტალაციაში ჩამონტაჟებული ყურსასმენებით. 

God Era (ნინი გოდერიძე) დღევანდელობის ყველაზე მტკივნეულ და აქტუალურ პრობლემას უკიდურესად ორიგინალური მეთოდით იკვლევს. მაშინ, როცა თანამედროვე სამყაროში ინფორმაცია იმარჯვებს ცოდნაზე და ადამიანის სურვილებს ციფრული მედია წარმართავს, ინდივიდი კიბერ, ვირტუალური, ხელოვნური, სიმულაკრული რეალობის ჩარჩოებში ექცევა. ავტორის თქმით, „კორპორაციები ყველა რესურსს იყენებენ, რომ კონსიუმერულ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი ახალი პროდუქტი მიაწოდონ. ჩვენ კი მათ თამაშის წესებს თითის ერთი მოძრაობით ვემორჩილებით.“ ეს უკანასკნელი – თითის ერთი მოძრაობით დამორჩილება ბუკვალურად გამოიხატება God Era-ს ნამუშევრებში ვიზუალურ დონეზე: ადამიანის  ჰიპერტროფირებული  თითი ერთის მხრივ საკითხის ზუსტად აღქმაში გვეხმარება, მეორეს მხრივ კი დამოუკიდებელი განყენებული ხელოვნების ნიმუშის სახე-ხატს ქმნის. ამ ჩაკეტილი, მარადიული, თითქოსდა სიურელისტური წრის პირველი საწყისი კი სწორედ შეხებაა, შეხება რომელიც ადამიანის თითით იწყება.

თანამედროვე საზოგადოებაში მითის რეპრეზენტაციას გვთავაზობს თინა ატამი (თინა შარაშენიძე) საკუთარ ნამუშევრებში. არტისტის თქმით: „მითები მათი პირდაპირი მნიშვნელობით ერთი მხრივ რელიგიური კონსუმერიზმის მიღმა დარჩა, მეორე მხრივ გლობალურმა კატასტროფებმა ადამიანებში კვლავ გააღვიძა სპირიტული ცოდნებისა და გამოცდილებების მიმართ სწრაფვა. არსებული ორგანიზებული რელიგიების პრობლემურობის გამო, ხშირად ადამიანები მივიწყებულ ღმერთებს და ღვთაებებს აცოცხლებენ“. ამ მოსაზრების ვიზუალურ რეპრეზენტაციად თავად ავტორის მიერ განსახიერებული ტოტემური ღვთაება გვევლინება, რომელიც ერთდროულად უკიდურესად არქაულ და თანამედროვე საწყისებს აცოცხლებს და აერთიანებს ვიდეო ინსტალაციაში – სადა ბანაობ? გამოყენებული მასალაა: პლასტმასის წყლის ცარიელი ბოთლები და პარკი. ძველი მითების მიხედვით ზევსმა მადლობის ნიშნად პანი ცაზე თანავარსკვლავედად აქცია. მაგრამ პანი დღეს პლასტმასის ბოთლებში ბანაობს. ამ ფორმით, არტისტი იკვლევს თუ რას მივყავართ თანამედროვეობაში სამყაროს დასასრულამდე. როგორია მოდერნულ სამყაროში მითიური ღმერთი პანი? როგორ მიჰყავს კონსუმერიზმს დედამიწა დასასრულისკენ. პლასტმასის ბოთლიდან გადმოსული წყალი, კი ღვინოდ არ გადაიქცევა. ვიდეო ინსტალაციის გარდა, არტისტი გვთავაზობს ფერწერულ ტილოს  „პანის ფრენა მზის ჩასვლისას“ , რომლის შექმნისთვისაც იყენებს გადაგდებულ სქემებს, ზეთის და აკრილის საღებავებს. ნახატი შექმნილია არტისტის მომავალი ფილმის კადრების მიხედვით, რომლის სიუჟეტშიც პანი ცდილობს დედამიწა პანდემიისგან გადაარჩინოს.

არტისტ გიორგი კარტოზიას „ადიქციები“ თანამედროვეობაში არსებულ დამოკიდებულებებს გადმოსცემს მოდური საგნებისა თუ სხვადასხვა სუბსტანციების მიმართ. ფერწერულ სიბრტყეზე, თეთრ ფონზე წარმოდგენილი სუბიექტები თან ძველ, ტოტემურ ღვთაებებს მოგვაგონებს და თან უკიდურესად რადიკალურ, პროვოკაციულ საწყისებად გვევლინებიან. 

KOI-ის „უადგილო“ კონსუმერულ საზოგადოებაში მითის და რიტუალის მიჯნაზე ქვიარ თემებით ინტერესდება. მაშინ როცა, მდიდრული კურორტები, ექსკლუზიური კლუბები, მაღაზიები და სხვა მსგავსი სივრცეები ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე სასურველ ადგილებად იქცა, ქვიარ თემი ალბათ ის უმცირესობაა, რომელიც ყველაზე მეტად მიილტვის ამ ახალი მდიდრულობის და მოდურობისკენ, სურს რომ მათი ნაწილი გახდეს და საზოგადოებისთვის მისაღები იყოს. ავტორის თქმით: „სიმართლე ისაა, რომ ქვიარ ადამიანებს ყველაზე ხშირად ამ სივრცეებში მომსახურე პერსონალად ან სხვა დაბალანაზღაურებად პოზიციებზე ვხვდებით. აქ ჩვენი ადგილი არ არის. ამ სივრცეების პატრონებისა თუ რეალური, გადახდისუნარიანი სტუმრებისთვის ქვიარ სხეულები აქსესუარებია, ჯამბაზები, ცოცხალი სიმბოლო-მაგალითები უცნაურობის, განსხვავებულობის და მოდურობის.“ არტისტის ეს ვერბალური ნარატივი ნამუშევარში დანაწევრებული რეალობის, უკიდურესად დეტალიზებული გარემოს, ჩარჩოში მოქცეული ემოციებისა და განწყობების ფორმით რეპრეზენტირდება. მინიმალისტური ფოტოსურათები ცარიელ სივრცეებზე დაკვირვებას გვაიძულებს, სადაც დამთვალიერებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს სად არის მარგინალიზირებული, ქვიარ ინდივიდების ადგილი. 

მარიკო ჭანტურიას და ლაშა ყაბანაშვილის ერთობლივი ნამუშევარი AS ABOVE, SO BELOW – კონსუმერული საზოგადოების განზოგადებულ სახე-ხატს ქმნის, სადაც ავტორის თუ მაყურებლის ინტერპრეტაცია მხოლოდ მათ არჩევანსა და სუბიექტურ გამოცდილებაზე ხდება დამოკიდებული. That which is above is like to that which is below and that which is below is like to that which is above – სიტყვების თამაში სიმულაციისა და რეალობის გადაკვეთას ზუსტად გამოხატავს. დრო, რომელიც კაპიტალისტურ სამყაროში მთავარი პოსტულატია – დრო ფულია, დრო წყვეტს ყველაფერს და მასზე დამოკიდებულება თანამედროვე სამყაროს ტემპო-რიტმიდან გამომდინარე სულ უფრო დიდი ხდება. წარწერა OPEN სიმბოლურ პორტალად გვევლინება, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე ხელოვნების გზით, ნამუშევრების აღქმის, დათვალიერების „მოხმარებისკენ“ უბიძგებს, მიანიშნებს კონკრეტულ დროზე ( 24hours and 7days) და თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ეპატიჟება.

გამოფენა ENJOY TRANSCENDENCE 8 დეკემბერს Ambassadori Kachreti Golf Resort– ში  გაიხსნა და 2022 წლის 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ნენო ქავთარაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top