ნათელა გრიგალაშვილის ფოტოწიგნი
15.12.2021
პერიფერიული რეალობის კვლევა ბოლო წლების ქართულ კინოდოკუმენტალისტიკასა და ფოტოგრაფიაში ტენდენციად ჩამოყალიბდა. ნათელა გრიგალაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს მივიწყებული რეგიონების უჩინარი გმირებით დაინტერესდა. მისი დუხობორების სერია 2013 წელს დაიწო და დღემდე გრძელდება. პროექტის შვიდწლიანი მოგზაურობის, შრომის და თავგადასავლის ერთგვარი შეჯამებაა, 2021 წელს საფრანგეთში Images Plurielles-ის მიერ გამოცემული ფოტოწიგნი „დუხობორების მიწა“.
როგორ დაიწყო დუხობორების ამბავი ?
მე მაინტერესებს უმცირესობები, იქნება ეს ეთნიკური თუ რელიგიური. მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. მინდა, რომ შევისწავლო, დავუახლოვდე და გავიგო თუ როგორ ცხოვრობენ ისინი… ჯავახეთში პირველად 2013 წელს ჩავედი და სოფელ გორელოვკაში მოვხვდი, სადაც დღეს ყველაზე მეტი დუხობორია. თავიდან ძალიან გამიჭირდა, დიდი წინაღობაც დამხვდა მათი მხრიდან. ჩაკეტილები იყვნენ, არ მიმიღეს… პირველი „მოგზაურობის“ შემდეგ მოვაწყვე გამოფენა, მაგრამ ამით მუშაობა არ დამისრულებია. იმდენად დიდი იყო შთაბეჭდილება, რომ პირველად სწორედ ჯავახეთში გავხსენი სოფლის ფოტოკლუბი და ამ ფორმით შევინარჩუნე მათთან ურთიერთობა, უფრო მეტად დავუკავშირდი ამ თემს. ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვებაა სიტყვები, როცა მათ მითხრეს: „შენ უკვე დუხობორი ხარ!“ ახლაც, პერიოდულად სულ ჩავდივარ. ჩემი ოცნებაა იქ სახლი მქონდეს. გორელოვკაში მეგობარი მყავს მაშა, რომელიც ფოტოკლუბში ჩემი მოსწავლეც იყო, ჩასვლისას ყოველთვის მასთან ვრჩები. რამდენიმე წლის წინ ფოტოაპარატი ვაჩუქე და თავადაც იღებს ფოტოებს.
დუხობორები, დღეს ერთ-ერთი მცირერიცხოვანი თემია საქართველოში. რა იცოდით მათ შესახებ და როგორ შეიცვალა თქვენი რწმენა-წარმოდგენები ადგილზე მუშაობისას?
სანამ იქ ჩავიდოდი შევისწავლე ლიტერატურა დუხობორების შესახებ, მაგრამ ადგილზე ძალიან ბევრი ახალი რამ აღმოვაჩინე. ამ პროექტის იდეა იყო შემესწავლა თემი, რომელიც ნელ-ნელა ილევა, პატარავდება, იკარგება მათი კულტურა, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. მე ვიღებდი ამ თემის ყოფა-ცხოვრებას, არქიტექტურას, პორტრეტებს, ხელნაკეთ ნივთებს… ყველაფერი, რაც აცვიათ მათივე ხელითაა შექმნილი და მოქარგული. დუხობორები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, მაგრამ არ ცნობენ, ჯვარს, ხატს მღვდელს, ეკლესიას. თვლიან, რომ ესენი მხოლოდ ატრიბუტებია და ადამიანს რწმენა უნდა ჰქონდეს გულში. პირველად ჩასული, შემთხვევით მოვხვდი დაკრძალვაზე. რიტუალური პროცესიაც განსხვავებული აქვთ: გლოვა და ტირილი აკრძალულია, ქალებს თეთრი თავსაფარი ახურავთ, ეს ერთგვარი სიმბოლოა მათი დამოკიდებულების, რომ გარდაცვლილი მიდის ნათელში. დუხობორი ქალები სწავლობენ ფსალმუნებს და გარდაცვლილს ასე სიმღერით აცილებენ. სიკვდილის დამთრგუნველობა იქ არ იგრძნობა, მახსოვს გარდაცვლილის შვილმა წამოიტირა და გარშემომყოფებმა გლოვის უფლება არ მისცეს.
შვიდი წლის განმავლობაში დუხობორების თემს ხშირად უბრუნდებით, რა შეიცვალა მათ ყოფაში თქვენი პირველი ვიზიტიდან დღემდე?
2013 წელს იყო 110 ადამიანი, დღეს ბევრად ნაკლებია. ყველაზე მეტი დუხობორი ცხოვრობდა გორელოვკაში. ორლოვკა, ეფრემოვკა, ფრავანი – ეს სწორედ დუხობორების მიერ დაარსებული სოფლებია ჯავახეთის რეგიონში, სადაც ადამიანები წლებთან ერთად ქრებიან. ჩემი ჩასვლიდან დღემდე ფოტოზე აღბეჭდილი გმირები გარდაიცვალნენ, უამრავი სახლი დაინგრა, ზოგიერთი მათგანი 100 წელზე მეტი ხნისაც კი იყო. არქიტექტურული დეტალები დღემდე აღფრთოვანებას იწვევს ჩემში, მაგალითად რუსული ბუხარი, რომელიც მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი, პირველად სწორედ დუხობორების სახლებში ვნახე. ყველა სოფელი მოვლილი მაქვს და ყველა დეტალი ვიცი. ხშირად მთხოვენ უცხოელი ჟურნალისტები და ფოტოგრაფები დუხობორების სამყაროში მათი მეგზური ვიყო.
როგორ აღმოგაჩინათ ფრანგულმა გამომცემლობა Image Plurielles-მა? რამდენი ფოტო შევიდა წიგნში და თქვენი, როგორც ავტორის ჩართულობა ნამუშევრების სელექციის პროცესში რამდენად დიდი იყო ?
2019 წელს ჩემი პირველი გამოფენა შედგა მარსელის ერთ-ერთ გალერეაში. ეს იყო ჩემი ზოგადი გამოფენა, რომელიც ფოკუსირებული არ იყო კონკრეტულად დუხობორების თემაზე. ფრანგულმა მხარემ თავად შემომთავაზა წიგნის გამოშვება, ფოტოალბომის დაბეჭდვაც ამ ფორმით სურდათ – ჩემი შერეული ნამუშევრებით. ცხადია, მე უარი ვუთხარი, რადგან ასეთი მიდგომა ჩემთვის წამგებიანია. საბოლოოდ ერთობლივად ჩამოვყალიბდით დუხობორების თემაზე. ათი ათასობით ფოტო მაქვს გადაღებული და ეს ბუნებრივია, რადგან ჯავახეთში მუშაობა შვიდი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. აქცენტი გაკეთდა იმ ტიპის ფოტოებზე, სადაც ყველაზე მკაფიოდ ჩანდა დუხობორების ცხოვრება. მნიშვნელოვანია, რომ წიგნში მოხვდა სწორედ ის უნიკალური არქიტექტურა (სახლები), რომლებიც დღეს განადგურებულია; ასევე ის ადამიანები, ვინც უკვე ცოცხალი აღარ არის. წიგნის შექმნაში მცირედი წვლილი ქართულმა მხარემ, კერძოდ კულტურის სამინისტრომ შეიტანა.
როგორც თავად თქვით, საქართველოს რეალობაში უმცირესობები გაინტერესებთ. ეს „კვლევა“ დუხობორებით დაიწყო, შემდეგ იყო პანკისი და მაღალმთიანი აჭარა…
კი, ნამდვილად ასეა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ვიღებდი და ახლაც ვიღებ აზერბაიჯანელების თემს საქართველოში. ძალიან დიდი არქივი მაქვს. რაღაც პერიოდი ყოველ შაბათ-კვირა მარნეულში დავდიოდი. ეთნიკური უმცირესობები არის ჩემი პროფესიის მარადიული ინტერესი. საქართველო ძალიან ფოტოგრაფიული ქვეყანაა, ჭრელი და საინტერესო. მე მივდივარ მხოლოდ იქ და ვიღებ მხოლოდ იმას, რაც ჩემს სულთან ახლოსაა: ადამიანებს, გარემოს, ბუნებას… და არასდროს ვინტერესდები კონკრეტული დროის აქტუალური სოციალური პროექტებითა თუ თემებით, ეს აქტუალობა დროებითია და მალევე ქრება. სულ ახლახან ტყიბულში ვიყავი ერთი კვირით, ჯერ მაღაროში არ ვყოფილვარ რადგან ნებართვას ველოდები რომ შემიშვან. დიდი ხანია მინდოდა გადამეღო, საბჭოთა პერიოდის ქალაქი, რომლისგანაც დღეს მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი.
„დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში მთავარია ამჩნევდე, მაგრამ სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩებოდე“ – ეს თქვენი ფრაზაა ერთ-ერთი ინტერვიუდან. გარემოზე დაკვირვება ზოგადად დოკუმენტალისტიკის მთავარი ვნებაა. დღეს თანამედროვე კინოდოკუმენტალისტიკაში ხშირად საუბრობენ თუ სად გადის ზღვარი „უწყინარ“ ობსერვაციასა და გმირების ყოფაში უხეშ ინტერვენციას შორის. რა ხდება ამ დროს ფოტოგრაფიის სამყაროში, რა დოზით ერთვებით თქვენი გმირების ყოფაში?
ერთია როცა ფოტოგრაფი აკვირდები და სწავლობ გმირს, გარემოს, მეორეა რამდენად ერევი მათ ცხოვრებაში. დუხობორები ამის ნათელი მაგალითია. იქ სადაც „უცხო“ ვიყავი ახლა საუკეთესო მეგობარი მყავს. ზოგადად, „სადაც მიდიხარ იქაური ქუდი უნდა დაიხურო“, მაგრამ შენი არჩევანია, თუ გსურს – დარჩები, უბრალოდ დააფიქსირებ რაღაცებს და მორჩა. მნიშვნელოვანია, რომ ვისაც იღებ იყო მათი ნაწილი, თან შეუმჩნეველიც უნდა დარჩე, მაგრამ საბოლოოდ უნდა გახდე მათიანი. გადაღებებისას ვაკვირდები, ვუსმენ, ვარსებობ.. მაგრამ ამ ყოველივეს ჩუმად ვაკეთებ, მთავარი დამკვირვებელი ვხდები მათი ცხოვრების და ესაა ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ შენ როგორც ფოტოგრაფი აღარ ჩანდე და არ იყო მათთვის უცხო სხეული. ხშირად არც გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებებს და ბეწვის ხიდზე გავდივარ გადაღებების დროს, მაგრამ ერთ რამეში ყოველთვის მიმართლებს – ძალიან კარგი ადამიანები მხვდებიან.
ანდრე ბაზენი, ფრანგი კინოთეორეტიკოსი, თავის ცენტრალურ ნაშრომში „ფოტოგრაფიული გამოსახულების ონტოლოგია“ საუბრობს „მუმიის კომპლექსზე“. ეს თეორია თანაბარი წარმატებით ერგება როგორც კინოს ისე ფოტოგრაფიას. კინო დროის ნაკადის დინებას ართმევს გამოსახულებას და თითქოს ხელიდან სტაცებს სიკვდილს სიცოცხლეს…
ფოტოც, გარკვეული თვალსაზრისით ამ კონკრეტული დროის და სივრცის შენახვაა, „სიკვდილზე გამარჯვება“ და მარადიულობის მინიჭება…გლობალიზაცია იმდენად სწრაფი ტემპით მიდის, მითუმეტეს რეგიონებში, რომ ეს მკაფიო ცვლილება ძალიან მტკივნეულად იგრძნობა. პერიფერიულ რეალობაში დრო კი არ იყინება, პირიქით აჩქარებულია ტემპო-რიტმი. მეშინია, რომ ხვალ ჩავალ კონკრეტულ სოფელში და იქ აღარაფერი დამხვდება. მინდა, რომ ბევრი მოვასწრო, ჩემს ფოტოობიექტივში ყველაფერი ისეთი დარჩეს, როგორიც არის… ადამიანები ტოვებენ სოფელს და მოდიან ქალაქში. შესაძლოა, დადგეს დრო და ეს ოჯახები უკან დაბრუნდნენ, მაგრამ ეს ის სოფელი აღარ იქნება, ავთენტურობა გაქრება… ჩემს სოფელს ვიღებდი სულ, თითქმის მთელი ცხოვრება. ოდესმე, მინდა გამოფენის მოწყობა სწორედ იმ სივრცეში, სადაც ცხოვრობდნენ ადამიანები და ახლა მათ ნაცვლად სიცარიელეა.
რატომ არ ხვდება თქვენ ობიექტივში დედაქალაქი ან საქართველოს სხვა რეგიონული ცენტრები ?
თბილისი რატომ არ ხვდება? იცით რამდენი თემაა თბილისში გადასაღები.?! ქალაქი და მისი ცხოვრება, ხომ თავისთავად საინტერესოა, შიგნით სიღრმეში იმდენ ნაწილად დავყოფდი… მე მხოლოდ იქ მივდივარ რაც ჩემია. ფოტოგრაფია მე მაძლევს ბედნიერებას, თავისუფლებას… სულ სხვაა ქალაქში გადაღებული პროექტი და სულ სხვაა რეგიონში. არ მინდა თბილისში ყოფნა, მინდა ერთი მთიდან მეორეზე გადავიდე, ეს არის ჩემთვის მთავარი. გზაში ყოფნა და ფიზიკურად საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა ჩემი შემოქმედების მთავარი მოტივაციაა. თბილისში დიდი ხანი ვერ ვჩერდები, ორი კვირა რომ გავა მენტალურად და ფიზიკურად ცუდად ვარ ხოლმე. პერიფერიული რეალობა ემოციურად მავსებს, ხვალვე რომ მქონდეს შანსი, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში წავიდოდი საცხოვრებლად.
დღეს ქართულ კინოდოკუმენტალისტიკაში ერთგვარი ტენდენციაა, ცენტრისგან შორს პერიფერიაში გმირების, თემების, პრობლემების ძებნა და შემდეგ მათი მხატვრულ მასალად გარდაქმნა დოკუმენტური ესთეტიკის გამოყენებით. ერთ-ერთი პირველი ირაკლი ფანიაშვილის ფილმი „სერგო გოთორანი“ გახლდათ, რომლის ოპერატორიც თავად ხართ…
კინოოპერატორობა მინდოდა და ფოტოგრაფიც სწორედ ამიტომ გავხდი. ერთ დღეს დამირეკა რეჟისორმა ირაკლი ფანიაშვილმა, რომელსაც ჩემი ფოტოები ჰქონდა ნანახი და მითხრა, რომ სურდა მისი ფილმის ოპერატორი სწორედ მე ვყოფილიყავი. მე პირდაპირ ვუთხარი, ძალიან რისკავთ თქო! ის იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ მეც დამაჯერა და გადაღება გავბედე. კამერასთან მუშაობა ორ კვირაში შევისწავლე და ასე შედგა ჩემი პირველი და უკანასკნელი კინოდებიუტი ფილმით „სერგო გოთორანი“. ამ ფილმის შემდეგ ჩემს ყველა პროექტზე, ფოტოგადაღების პარალელურად ვიდეოების სერიას ვიღებ. ერთ დღეს, ალბათ, მულტიმედია გამოფენას გავაკეთებ და ასე გავუზიარებ აუდიტორიას.
სად გადის ზღვარი დოკუმენტურ, ობიექტურ რეალობასა და ხელოვანის მიერ ინტერპრეტირებულ სუბიექტურ სამყაროს შორის, ამ ორი საწყისის შედარებისას რამდენად ახლოს დგას ერთმანეთთან ფოტოგრაფია და კინო?
ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და ერთმანეთისგან გამომდინარეობენ კიდეც. კინო მოძრავი კადრია და ფოტო – უძრავი. რაღაც დოზით მე როგორც ავტორი, დოკუმენტურ ფოტოგრაფიაშიც ვერევი – ის რომ ვსწავლობ თემას, გმირებს, გარემოს. დუხობორების თემის მაგალითზე ბევრი რამ შევისწავლე წინსწრებით, მაგრამ იქ ადგილზე სულ სხვაგვარად მივუდექი საკითხს, სხვა პერსპექტივით დავინახე ის რეალობა და ბევრი ახალი აღმოვაჩინე.
ნენო ქავთარაძე