სხვა სახლებს არ გავს


25.11.2021

1970-იანი წლების მილანი მოდის იმდენად არა, რამდენადაც სტუდენტური გაფიცვებისა და მღელვარების ეპიცენტრი იყო. მემარცხენე ახალგაზრდები და არამხოლოდ ახალგაზრდები, რადიკალიზაციის გზით ცდილობდნენ იტალიის ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ მხარეში – ლომბარდიის რეგიონში, ძალაუფლებასა და უთანასწორობასთან ბრძოლას. მაშინდელი და დღევანდელი სისტემის უკან იტალიის უძველესი ოჯახები და მათი ბიზნესები იდგა, რასაც თან ერთვოდა კორუმპირებული ხელისუფლება და უმოქმედო სახელმწიფო აპარატი.

მოდა რომ სწორედ ქვეყნის იმ ნაწილში განვითარდა, სადაც ყველაზე მეტი მდიდარი და ფაშისტი ცხოვრობს, შემთხვევითი არაა. სიტყვა „ფაშიო“ (fascio) კონას ან ერთიანობას ნიშნავს. შემდგომში ფაშისტების დროშაზეც კონად შეკრული ისრები იქნება გამოსახული, რომელიც ერთდროულად ნიშნავდა როგორც ოჯახს, ასევე საზოგადოებას. იტალიური მოდის სახლი Gucci ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდა ერთიანობას, თუმცა ლიდერობისთვის ბრძოლაში ოჯახის სხვადასხვა შტო დაუპირისპირდება ერთმანეთს. დღეს მოდის სახლის მუშაობაში არცერთი გუჩი აღარ არის ჩართული.

Gucci-ს, იტალიური ოჯახური ბიზნესის კლასიკური მაგალითის ისტორია, ერთი მაღაზიიდან დაიწყო. 1970-იან წლებში ის მსოფლიოში ცნობილ ბრენდს წარმოადგენდა. ინგლისელი რეჟისორი რიდლი სკოტი სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს თხრობას. ცნობილი მოდის სახლის ფუძემდებლის Guccio Gucci-ს შვილიშვილი მაურიციო ოჯახურ ბიზნესში ჩართვაზე უარს ამბობს, მას იურისტობა სურს, თუმცა შემთხვევითი ნაცნობობის წყალობით, მომავალ მეუღლესთან ერთად Gucci-ს მოდის სახლს ჩაუდგება სათავეში. ის ყველა გუჩის აჯობებს და ბაჰრეინის საინვესტიციო კომპანიის დახმარებით ერთპიროვნულ მმართველად მოგვევლინება. რა გასაკვირია, რომ 1990-იან წლებში (იტალიური) მოდის ინდუსტრიაში ორი შოკისმომგვრელი მკვლელობა მოხდება და ორივე კაპიტალთან იქნება კავშირში. 1995 წელს მაურიციო გუჩის მკვლელობის უკან ყოფილი მეუღლე პატრიცია რეჯანი იდგა. სასამართლოზე პირად მოტივებს გაუსვამენ ხაზს, მათ შორის, ქვრივის ალიმენტებს, თუმცა არავინ ისაუბრებს ამ მკვლელობის მეტაფორულ მნიშვნელობაზე, ერთგვარ ანგარიშსწორებაზე ოჯახური ინტერესების უგულვებელყოფის გამო (მაურიციო მას ღალატობს როგორც ბიძას და დანარჩენ ნათესავებს და ახალ ოჯახს ქმნის).

რიდლი სკოტისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში (კაპიტალიზმში) კლანურობის ფენომენის გამოკვლევა. „უცხოს“, „თელმა და ლუიზას“ და „გლადიატორის“ პოპ-მარქსისტი რეჟისორი რიდლი სკოტი 2017 წელს „სამყაროს მთელ სიმდიდრეს“ იღებს  ეპიკურ თრილერს ამერიკელ ნავთობმაგნატ პოლ გეტიზე, რომლის შვილიშვილსაც რომში გაიტაცებენ. სამყაროში ყველაზე მდიდარი ადამიანის წოდების მქონე ბიზნესმენი უარს იტყვის გამტაცებლებისთვის თანხის გადახდაზე ერთი უბრალო მიზეზით  ის სამყაროში ყველაზე ძუნწი ადამიანის სახელითაც იყო ცნობილი.
მაშასადამე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რიდლი სკოტი ტრილოგიას ქმნის, რომლის „მეორე ნაწილში“ „გუჩის სახლი“ იმ საზღვრებში, რასაც ჰოლივუდი დასაშვებად ცნობს, გვიძერწავს ძალაუფლების ვერტიკალების სათავეში მყოფი ძალების მორიგ საზარელ სახეს.
სიმდიდრე რიდლი სკოტისთვის ცალსახად ბოროტებაა, მუდამ ასეთი იყო („რობინ ჰუდი“) და ასეთად დარჩება („პრომეთე“). მომხვეჭელობა ისეთ სფეროებსაც რყვნის, როგორიც მოდაა, რომელიც დღეს რამდენიმე გავლენიანი ოჯახის ფინანსური კონტროლქვეშ არსებულ გიგანტურ სოციალურ-კულტურულ ატრაქციონს წარმოადგენს. „გუჩი“ სწორედ ასეთ კონგლომერატში შედის და მოგების თვალსაზრისით, ლიდერის პოზიციებს იკავებს. ამრიგად კიდევ უფრო საიტერესო ხდება მოდის სახლის ისტორიის გაცნობა.

მაურიციო გუჩის როლს ფილმში ადამ დრაივერი ასრულებს. მისი ფანი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ვაფასებ თვითირონიის უნარს, რომლის დეფიციტსაც თანამედროვე კინოსამსახიობო სკოლაში ვხედავთ. რაღა შორს მივდივართ, ამ უნარს მოკლებულია დრაივერის მეწყვილე ლედი გაგა. სრულიად კარიკატურული თამაშის მანერასთან ერთად, გაუგებარია, რატომ საუბრობს ეს უკანასკნელი იტალიური აქცენტით ინგლისურენოვან ფილში.
ჰოლივუდში ამერიკელი მსახიობებისთვის, რომლებიც ინგლისელის თამაშს გადაწყვეტენ, განსაზღვრულია ე.წ. general american-ის აქცენტი, რომელსაც მეორენაირად „დაუნთაუნის სააბატოს“ აქცენტსაც უწოდებენ. საუბრის ხელოვნური მანერა მაყურებელს მიანიშნებს, რომ ინგლისელ გმირს არა გაერთიანებულ სამეფოში დაბადებული ადამიანი განასახიერებს. ლედი გაგას შემთხვევაში კი ალბათ ფილმის შემქმნელებს სურდათ მისი იტალიური ფესვების ხაზგასმა, თუმცა საბოლოო ჯამში პატრიცია რეჯანი ლოს-ანჟელესში მცხოვრებ „მექსიკელ“ იმიგრანტს დაამსგავსეს. ზოგადად, ფილმის ყურების დროს, იქნება ეს გარემო თუ განსაკუთრებით სამსახიობო გუნდი, მაყურებელმა შეიძლება იფიქროს, რომ მოქმედება კალიფორნიაში ვითარდება, ვიდრე პოპკულტურისა და პოლიტიკური რადიკალიზმის გარიჟრაჟის იტალიაში.

„გუჩის სახლი“ საკმაოდ კლაუსტროფობიული ფილმია. თითქმის ვერ ვხედავთ იმ იტალიას, რომელიც ეტორე სკოლას, დინო როზის, ნანი მორეტისა და სხვათა შემოქმედებაში გვინახავს. მეორე მხრივ, საინტერესოა ჰოლივუდი როგორც ასეთი, როგორ ურთიერთობს სხვა კულტურასთან. რიდლი სკოტის მილანი იდენტობის არმქონე ურბანული სივრცეა, რომელშიც ზოგადსაკაცობრიო ტრაგედია/ფარსი (ამ ორიდან მკითხველმა თავად აირჩიოს ერთი შეფასება) უნდა გათამაშდეს.
საკმაოდ სქემატური ისტორია, რომელიც თავიდან ბოლომდე ამერიკულ ხასიათსა და ცხოვრების სტილზეა აგებული, მუდმივად გაორებულ ემოციებს იწვევს მაყურებელში. მაგალითად, როდესაც მაურიციო პატრიციას მამას ქალიშვილის ხელს სთხოვს, რეჯინას სახლი, მშობლები, საუბრისა და ქცევის მანერა იმდენად „ამერიკულია“, რომ სიცილის შეკავება შეუძლებელი ხდება. თუმცა აქ მხოლოდ კომიკურობის საკითხი არ დგას, საქმე გლობალიზაციას ეხება, რომელიც ერთ მოდელზე აფუძნებს სამყაროს სტეიტენ-აილენდიდან ვლადივოსტოკამდე.

ფილმში უამრავი ცნობილი მსახიობია დაკავებული: ჯერემი აირონსი, სელმა ჰაიეკი, ალ პაჩინო და სხვები. ლედი გაგას თამაშის ტლანქი მანერა სწორედ მათი დახმარებით ხდება ნაკლებად გამაღიზიანებელი. სავარაუდოდ, გაგას „ოსკარებსა“ და „ოქროს გლობუსზე“ გამოარჩევენ, განსაკუთრებით ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ჰიმნის შესრულების შემდეგ, რომლის დროსაც „მონსტრების დედა“ ნაციის დედად ტრანსფორმირდა.
„გუჩის სახლი“ ლედი გაგას Swept Away-ა (რეჟისორი გაი რიჩი, 2002), რომელმაც თავის დროზე მადონას კინოკარიერა დაასრულა. გაგას შემთხვევაში ასე ალბათ არ მოხდება, რადგან სერიალების პოპულარიზაციის შემდეგ იმდენად დიდ აურზაურთან გვაქვს საქმე, რომ შესაძლოა „კარგის“ და „ცუდის“ გაგება დომინანტურ კინოში საბოლოოდ ჩაბარდეს წარსულს.

ფილმში, როგორც ვთქვით, კარგი მსახიობებიც არიან, მათ შორის, ეპიზოდურ როლს ასრულებს ლუკა ჩიქოვანი, რომელიც ფართო მაყურებელმა ალიჩე რორვაკერის (Alice Rohrwacher) „მშვენიერი ლაზაროდან“ გაიცნო. ფილმში ის „გუჩის“ სახლის ისტორიისთვის რევოლუციურ ჩვენებაზე კოლექციებს აფასებს. მოდის სახლის ახალი შემოქმედებითი დირექტორის, ტეხასელი ტომ ფორდის პირველი ჩვენების შემდეგ მაურიციო გუჩის მალევე სიცოცხლეს გამოასალმებენ.

MeToo-ს მოძრაობის მიუხედავად, რომელსაც ლედი გაგაც უჭერდა მხარს, თუმცა არა ეკონომიკური და სოციალური თანასწორობის, არამედ მხოლოდ სექსუალური შევიწროვების კუთხით, „გუჩის სახლი“ ვერ/არ გაექცა ქალის დემონიზებას. მაურიციო გუჩის მკვლელობის საქმეში ხარბი და შეშლილი ქალის იმიჯი დაბრუნდა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ე.წ. თეთრი ლიბერალიზმის იმ პუნქტებსაც კი, რომელზეც თანამედროვე სამყაროს დაფუძნება ხდება (სტეიტენ-აილენდიდან ვლადივოსტოკამდე). ჰოლივუდი საკუთარი თავის სიმულაციით არის დაკავებული, რის გამოც მისი პროდუქციის ხარისხი საგრძნობლად ეცემა. თუმცა რიდლი სკოტის ეს ფილმი უდავოდ დააფიქრებს მაყურებელს მათზე, ვინც ჩვენს ცხოვრებას განაგებენ, იქნება ეს ნავთობი, ტექნოლოგიები, მედია, მოდა თუ პოპკულტურა.

გიორგი რაზმაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top