MARRAKESH
ალბათ, არასდროს და არავის უფიქრია როგორია ქვეყანა, რომელიც მხოლოდ შავის და თეთრის სხვადასხვა ტონალობებშია გადაწყვეტილი. ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ შავის და თეთრის სხვადასხვა ტონალობებშია გადაწყვეტილი, ცხოვრება სრულიად ჩვეულებრივია, იქაც თენდება და ღამდება, იბადებიან და კვდებიან, ქორწინდებიან და შორდებიან, უხარიათ და სწყინთ, აშენებენ და ანგრევენ, ხსნიან და ხურავენ. ზუსტად იმ ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ შავის და თეთრის სხვადასხვა ტონალობებშია გადაწყვეტილი, ახალი ამბები ისევე ხდება და ვრცელდება, როგორც სხვა დანარჩენში. აქაც სეირნობენ შავ-თეთრ ბაღებში, აწყობენ ფოტოსესიებს და მოდის ჩვენებებს, ერთმანეთს ჩუქნიან შავ-თეთრი ყვავილების თაიგულებს, აკვირდებიან შავ-თეთრ დაისს და ტკბებიან შავ-თეთრი მოზაიკებით.
თუ ამ წარმოსახვით ქვეყანაში ცხოვრება წარმოუდგენლად გეჩვენათ, მაშინ აუცილებლად გეამებათ ამ აღწერილობის სრულიად საპირისპირო, თანაც რეალური ქვეყნის ამბავი. ქვეყნის, რომლის ლანდშაფტი, არქიტექტურული ტრადიცია, ტექსტილის კულტურა, სავაჭრო დახლები და ეროვნული საკმაზიც კი, ნებისმიერი მხატვრისთვის საოცნებო პალიტრას ქმნის, შთაგონების წყაროდ კი ისეთი დიდი ხელოვანებისთვის ქცეულა, როგორიც მაგალითად, ანრი მატისი იყო.
ატლანტიკის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვას შორის მოქცეულ მაროკოში, ყველგან ფერები თამაშობს. მდოგვისფერ უდაბნოებს ფირუზისფერი ოაზისები მოსდევს, მალაქიტის სიმწვანითა და ლილიებით სავსე, ანკარა რეზერვუარებით. ქალაქებს, თითქოს ტერაკოტისფერი ფილტრი აქვს გადაკრული, მათი ქუჩები კი დახუნძლულია თიხის ვიწრო დერეფნებით, ჭრელი ტიხრული თაღებით და ხის მოჩუქურთმებული კარებით. აქვეა სახატავი პალიტრის მსგავსი, საღებავებით სავსე ორმოების რიგი, რომლებშიც ნაჭრებს ღებავენ. აქ ფერს იცვლის აბრეშუმი, ტყავის და ბამბის ქსოვილი; აქ ინდიგოს ლურჯ ფერს იძენს ძაფი და გრძელ თოკებზე გასაშრობად გაკიდებული, მისტიურ ლიანებს ემსგავსება.
მაროკოში, კერძოდ კი – მარაკეშში დაიბადა ლურჯის კიდევ ერთი, ცნობილი ელფერი, რომელიც ფრანგი მხატვრის, ჟაკ მაჟორელის სახელს ატარებს.
მხატვარმა მარაკეში 1917 წელს, 31 წლის ასაკში აღმოაჩინა და ამ ოაზისის “ნაყოფიერი და ბედნიერი ცხოვრებით სავსე ბაზრებმა” ის მაშინვე მოაჯადოვა. მარაკეშის ბაზრობები მართლაც მოგაგონებთ ხალხმრავალ და ფერად ფესტივალს, სადაც ყველა ბედნიერია. ჭრელი და არომატული სუნელების გამყიდველები დიდი რუდუნებითა და სიყვარულით ფუთავენ მუყაოს თითოეულ კონვერტს, ტყავის ფეხსაცმლით და აქსესუარებით სავსე თაროები, კუბიზმში შესრულებულ ნახატებს წააგავს…
მაჟორელის ლურჯი სუფთა, ინტენსიური და ცოცხალია და ყველაზე თვალსაჩინოდ, მარაკეშის შუაგულში, მაჟორელის ბაღის კედლებსა და ორნამენტებში ცოცხლობს. ბაღის შენება მაროკოზე შეყვარებულმა მხატვარმა 1923 წელს, მიწის შესყიდვით დაიწყო. მრავალფეროვნებით შთაგონებულმა, ამ მიწაზე მავრიტანული სტილის სახლი და ბერბერული სახელოსნო აიშენა გამოუწვავი აგურის კოშკით. 1931 წელს, არქიტექტორ პოლ სინუარს დაუკვეთა კუბისტური ვილა, რომლის პირველ სართულზეც, დროის უდიდეს ნაწილს მასიური დეკორაციების ხატვაში ატარებდა. მოყვარულმა ბოტანიკოსმა, თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში, მცენარეების შთამბეჭდავი კოლექცია შეაგროვა ხუთივე კონტინენტიდან და მაჟორელის ბაღი მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად აქცია.
ბაღი მდიდრულად გამოიყურებოდა და მისი იმ სახით შენარჩუნება, რა სახითაც ის მაგიურ ატმოსფეროს ქმნიდა, დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ 1947 წელს მაჟორელმა ის საჯარო სივრცედ გადააკეთა და დამთვალიერებლებისთვის შესვლის გადასახადი დააწესა. ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, 1961 წელს, მხატვარი იძულებული გახდა, ბაღი და ვილა-სახელოსნო გაეყიდა. წლების განმავლობაში, ბაღი ღია რჩებოდა დამთვალიერებლებისთვის, თუმცა დიდ ყურადღებას მას არავინ აქცევდა…
მაჟორელის ბაღს მეორე სიცოცხლე ივ სენ ლორანმა და მისმა პარტნიორმა, პიერ ბერჟემ აჩუქეს. ეს მრავალფერი ბაღი მათ 1966 წელს, მარაკეშში პირველი მოგზაურობის დროს აღმოაჩინეს და ალბათ, სწორედ აქ სტუმრობისას იფიქრა ივ სენ ლორანმა: “მარაკეშამდე, მე მხოლოდ შავ-თეთრი ვიყავი”.
მართლაც, 60-იანი წლების ბოლოდან, მისი კოლექციები უფრო მკვეთრი, მსუყე და კონტრასტული ფერებით შეივსო. გამოჩნდა ოქრომკედით ნაქსოვი დეტალები, დიდი, ფერადი ბაფთები, ჭრელი მანები, ბროწეულისფერ ფონზე დასმული წვრილი, მაჟორელის კობალტისფერი ყვავილები, ხასხასა თავსაბურავები და მასიური, ფერადი აქსესუარები. მაჟორელის ბაღი შთაგონების უშრეტი წყარო იყო დიზაინერისთვის.
პიერ ბერჟე იხსენებდა, რომ ბუნების ფერებით მოჯადოებული, მეწყვილესთან ერთად, ყოველდღე სტუმრობდა ამ ბაღს. მაროკომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ივ სენ ლორანზე და მისთვის ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, მეორე სახლად იქცა. 1980 წელს, დუოსთვის ცნობილი გახდა, რომ ბაღი, უძრავი ქონების პროექტის ფარგლებში, სასტუმროს უნდა ჩაენაცვლებინა და მათ ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად.
ასე გახდა მაჟორელის ბაღი ივ სენ ლორანის და პიერ ბერჟეს საკუთრება. პარტნიორებმა ვილას “ვილა ოაზისი” დაარქვეს, იქვე დასახლდნენ და ბაღის რესტავრაციას შეუდგნენ. მათი მიზანი იყო “მაჟორელის ბაღი გამხდარიყო ყველაზე ლამაზი ბაღი – ჟაკ მაჟორელის ხედვის გათვალისწინებით”.
მხატვრის სახელოსნო ბერბერული კულტურის მუზეუმად გადაკეთდა, ბამბუკის ხეივნები, კაქტუსები და ლოტუსის ყვავილები, მოზაიკით მოკირწყლული შადრევანი და პალმების ხეივანი კი წლების განმავლობაში რჩებოდა ლეგენდარული ივ სენ ლორანის ინსპირაციად.
ელენე გრძელიძე