© ELISABETTA CLAUDIO

შავი ფერისა და სინათლის უჩვეულო სინთეზით ქმნის Mustafa Sabbagh თავისი არტისტული ხედვის საფუძველს. მის დადგმულ ფოტოებში მოდა უკავშირდება  ხელოვნების ისტორიის, ფსიქოანალიზისა და ადამიანის სხეულის შინაარსს. მისი მოდელები ცოცხალი ქანდაკებებია, რომლებსაც განსაკუთრებული მგრძნობელობის კანი აქვთ. Mustafa Sabbagh-ს ფოტოგრაფიის დამფასებლები ყოველთვის აღნიშნავენ კანის ფაქტურის გადმოცემის განსაკუთრებულ უნარს, რომლითაც კანი იკითხება,  როგორც მრავალშრიანი ინფორმაციის მატარებელი. სპეციფიკური განათებით, კონცეპტუალური სამოსით, სვირინგებით, ნიღბებით.  განსხვავებული ქსოვილების დინამიკით შემოსილი მოდელები მისტიკური რიტუალების მონაწილეებს ჰგვანან. Mustafa Sabbagh-ს ფოტოგრაფიული დრამატურგია ეროტიზმის დახვეწილსა და რთულ ხარისხს აჩვენებს. ბუნებრივია, რომ  Amarta-ს შეკითხვაზე, თუ ვინ შეასრულა მთავარი როლი მისი , როგორც ფოტოხელოვანის ჩამოყალიბებაზე, მისი პასუხი ასეთია:

ორივე ფროიდმა – ზიგმუნდმა და ლუსიენმა. 

რას ფიქრობთ თანამედროვე ხელოვნებისა და მოდის გადაკვეთაზე, რაც ასეთი ინტენსიურია დღეს?

ოსტატობა ყოველთვის  საერთო ძირიდან მოდის: ინტელექტუალური თავისუფლება, ღრმა ანალიზი, რევოლუციური ესთეტიკა, რაც ეთიკას  ხედვის გავლით შემოსავს .

თქვენი კონცეფციის გამოსახატავად განსაკუთრებით რა შთაგაგონებთ, ბნელი თუ ნათელი?

ჟოზე სარამაგუს ‘სიბრმავე’იყო ხედვის უუნარობა სრულ სითეთრეშიც. ქრომატიულობა დანახვასკი არ უშლის ხელს, არამედ მისი აბსოლუტურობა ქმნის დაბრკოლებას. თქვენ სინათლეს სრულად მხოლოდ სიბნელეში დაინახავთ. ეს თითქოს მუდმივი სიარულია თოკზე და მხოლოდ  ჩამოვარდნის თავბრუსხვევაში შეიძლება გარკვევით დაინახო თითოეული დეტალი. 

MUSTAFA SABBAGH MEETS AZZEDINE ALAIA FOR AMARTA MAGAZINE, 2018

COURTESY: THE ARTIST, SIMONE VALSECCHI ARCHIVE & ESTATE, AMARTA MAGAZINE

 რა მოგონება გაკავშირებთ  დიზაინერAzzedineAlaia-სთან, რომელსაც ეძღვნება თქვენს მიერ შექმნილი ეს ორი ნამუშევარი სპეციალურად ჟურანლAmarta-სთვის?

ხშირად შევხვედრივარ. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით თავისუფლების შესახებ და როგორ დარჩე მუდმივად აქტუალური..და ასევე ტატი – ავთენტური რევოლუცია საღამოს კაბებში…

Mustafa Sabbagh დაიბადა ამანში (იორდანია), წარმოშობით იტალიელ-პალესტინელი გაიზარდა ევროპასა და ახლო ამოსავლეთში.მისი ცხოვრების სტილი კოსმპოლიტურია, თუმცა თავისი შეხედულებით უფრო მომთაბარეობისაკენ იხრება. მას აქვს მაგისტრის ხარისხი არქიტექტურაში, იყო რიჩარდ ავედონის ასისტენტი,  ასწავლის ლონდონის სენ-მარტინის დიზაინისა და ხელოვნების კოლეჯში. მისი ფოტოები მსოფლიოს წამყვან გამოცემებშია დაბეჭდილი და დღეისთვის მისი ნამუშევრები ფოტო და ვიდეო მედიუმების მეშვეობით  ვიზუალური კვლევის მიმართულებით ვითარდება. 

Mustafa Sabbagh სილამაზის სტერეოტიპულ სტანდარტებს მუდმივად არღვევს თავისი ნამუშევრებით და მშვენიერების უფრო ღრმა და უნიკალურ მომენტებს წამოწევს წინ. მისი ვიდეო ინსტალაცია – ‘ვენერა ჩარჩოში’ (Venus in Frame), რომელიც 2017 წელს იყო პალაცო დეი დიამანტი-ში (Palazzo dei Diamanti) წარმოდგენილი, ქალის სხეულის რეპრეზენტაციის რენესანსულ მოდელზე აგებულ არტისტულ ფანტაზიას აჩვენებდა. მისი სხვა ინტერპრეტაცია კი ვილენდორფის (Willendorf) ვენერას თანამედროვე ვერსიაა. Mustafa Sabbagh-ს დადგმულ სცენებში ჩანს ინტერესი სხეულის არქეტიპული მნიშვნელობებისა და არაცნობიერში არსებული სიმბოლოებისადმი. პალაცო დეი დიამანტი-ში Mustafa Sabbagh 2013 წელსაც იყო მიწვეული  სურბარანის (Zurbarán) გამოფენის ფოტო სესიისათვის, რომელშიც მან ამ მხატვრისათვის სახასიათო განათების თემა გამოკვეთა. ხელოვნების ისტორიის გამოცდილება მნიშვნელოვანია Mustafa Sabbagh-სთვის, რომლის მოტივებს ის სინათლის უჩვეული ტონალობით გამოხატავს. ედიტ ლაზარი (Edith Lázár) Anti-Utopias-ს გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ამგვარად აღწერს Mustafa Sabbagh-ს ესთეტიკას: „ განათება იდუმალი და ყოველმომცველია, სხეულები იშლებიან სტრუქტურებსა და ფაქტურებში. ამის მიუხედავად , ხორცი თავს ავლენს იმ დაპირისპირებით გამოწვეულ ბზარებში, რომლებიც წითელი პირის, კანისა და დაკერებული თუ დაზიანების ლაქებით ვლინდება. ისინი ლამაზ ფორმას ინარჩუნებენ პარალელური შიშის შეგრძნებით შიგნით მოქცეული მონსტრული, მაგრამ რბილი, ხორციელი სხეულისა.“ ამავე წერილში Mustafa Sabbagh დახასიათებულია,  როგორც ფოტოგრაფი ხელოვანი, რომლისთვისაც მოდა ძიების საგანია და ამას ისეთი პრაქტიკით აკეთებს, რომელიც კლასიკურ ფოტოგრაფიის ან ხელოვნების ისტორიის ფარგლებში ექცევა კონცეპტუალური ლინზის გავლით. „მისი ფოტო სერია, სადაც სხეულები ქსოვილებში არიან გახვეული – ეს კვლევაა, რომელიც იმ ურთიერთობებს ეყრდნობა, რომელშიც სხეული ერთობა სილამაზითა და სექსით გროტესკის იდეის ირგვლივ.“

ხათუნა ხაბულიანი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top