© GRIGOR DEVEJIEV / RING BY SOFIO GONGLI

თბილისში  „ამარტა“-ს მოწვევით დებრა შოუ უკვე მეორედაა. კაფე „ლეილა“-ში ვზივართ და შთაბეჭდილებებით სავსე მიყვება, რატომ მოსწონს ეს ქალაქი. ორიგინალური საყურე ქართული ყანწის ელემენტით იმდენად ორგანულად ერწყმის მის სტილს, რომ ოდნავ სიურეალისტურ განწყობასაც კი ქმნის – ჩემს წინ მსოფლიოს  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი-შემსრულებელი დებრა შოუ ზის, რომლის გარეშეც ძნელი წარმოსადგენია John Galliano-ს, Alexander McQueen-ის, Jean-Paul Gaultier-ს, Thierry Mugler-ისა და სხვა ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი სანახაობები.

„ბევრ ძველ ქალაქში ვყოფილვარ, სადაც ძალიან შთამბეჭდავი ძეგლებია, მაგრამ მათ ისტორიაში სიმძიმე და სევდა იგრძნობა. თბილისის ძველმა უბნებმა კი სხვანაირი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე – ის ენერგია, რომელიც აქაურობისგან მოდის, იმდენად მშვიდია, რომ ისტორია ამისგან მსუბუქი ხდება და არა სევდიანი. ხვდებით, რას ვგულისხმობ?“

თავად დებრასგანაც სწორედ ასეთი ენერგია მოდის – მშვიდი. ეს ცოტათი პარადოქსულიც კი არის, რადგან მისი საუბრის მანერა ძალიან ენერგიულია და მიუხედავად იმისა, რომ ძველი თბილისის ერთ-ერთ მშვიდ და მყუდრო კაფეში ვხვდებით, სადაც გარემო რელაქსაციისთვის განგაწყობს, ის იმდენად სავსე ჩანს ემოციებით და მათი გაზიარების სურვილით, რომ შიგადაშიგ ჩაის სმაც ავიწყდება. „ოჰ, მე ყოველთვის ნელა ვსვამ ჩაის“ – ამბობს ბუნებრივი უშუალობით და ვხვდები, რომ მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების მუზა ის არა მხოლოდ უნიკალური სხეულის დახმარებით გახდა. დებრასგან საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკა მოდის, რომელიც  ბუნებრივია ნებისმიერ ჩვენებას განსაკუთრებულ მუხტს აძლევს დღესაც.

© GRIGOR DEVEJIEV / DRESS BY CHUBIKA / LOCATION TBILISI SEA

„ჩემი სხეული არ არის საინტერესო ყველა დიზაინერისთვის – მე არ ვარ კომერციული მოდელი, არ მაქვს კომერციული სხეული. ის ძალიან უნიკალური და გრძელია. სანამ მოდის ინდუსტრიაში არ მოვედი, არ მესმოდა ჩემი გრძელი ხელების არსი, არ ვიცოდი, რომ მქონდა ძალიან მაღალი ყელი და ეს ლამაზი იყო – ეს ამ ბიზნესმა მასწავლა.“ 

დებრა შოუს სახე ალბათ მათთვისაც ნაცნობია, ვინც მოდაში ძალიან ცუდად ერკვევა – Dior-ისა და Paco Rabanne-ის ჩვენებების დამსახურებით. ამასთან, დებრა  ერთ-ერთია იმ მოდელთაგან, რომელიც ჯონ გალიანოს მუზად იქცა. „გალიანოს სამყაროში შესვლა ფანტაზიას უფრო ჰგავს. მან ოცნება მასწავლა. ის, რაც მას შეუქმნია დიორისთვის, ასევე მისი გონება და ხედვა, საოცარია. გალიანოს შეუძლია ისტორიას ბოლომდე ჩაუღრმავდეს მხოლოდ ერთი პერსონაჟისთვის. ამიტომ, როდესაც მის სამუშაო ფოტო-კოლაჟს უყურებ, ოცნების ახალ გზებს ხედავ.“

დებრა შოუ გალიანოსთან შეხვედრამდეც მეოცნებე იყო. უნივერსიტეტში დიზაინსა და კონსტრუქციას სწავლობდა, თუმცა თავი დაანება, რადგან პარიზში წასვლაზე ოცნებობდა. „მაშინ ორი პრიორიტეტი მქონდა: პარიზი და ეიფელის კოშკი. ახლა ვცხოვრობ პარიზში, ხედით ეიფელის კოშკზე. ამ ქალაქის სილამაზე არასოდეს მომაბეზრებს თავს“, – ამბობს ის. იმისთვის, რომ პარიზში წასულიყო, სამოდელო კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელში გამარჯვების შემდეგაც ეს სურვილი აუსრულდა. 

არასოდეს დაუგეგმავს მოდელი გამხდარიყო. პოდიუმზე სიარულიც შემთხვევით ისწავლა. ამაში მთავარი წვლილი ერთ ამერიკელ პედიატრს მიუძღვის, რომელიც თავისუფალ დროს ახალგაზრდებს სიარულის და პოზირების გაკვეთილებს უტარებდა. ამ გაკვეთილებზე დებრა მეგობარს დაჰყვებოდა, რომ პროცესისთვის შორიდან ედევნებინა თვალი. ერთ დღესაც მასწავლებელმა შესთავაზა, თავად ეცადა სიარული. როდესაც მან ნახა, როგორ მოძრაობდა გოგონა, მაღალი შეფასება მისცა და მისი წახალისებაც სცადა. სწორედ მან აპოვნინა სამოდელო კონკურსიც, რომ შოუ პარიზში წასულიყო. „ეს ადამიანი იქცა ყველაფრის საწყისად, დაუდო სათავე  ჩემს კარიერას.“ 

პარიზში მოხვედრის შემდეგ დებრამ საბოლოოდ გადაწყვიტა დიზაინისთვის თავი დაენებებინა და წარმატებული მოდელი გამხდარიყო, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდა: „მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო ბიზნესში 1992 წელს მივედი, ცნობილი 1997 წლამდე არ გავმხდარვარ. როდესაც ჯონ გალიანოსთან, შანელთან  და ვერსაჩესთან დავიწყე მუშაობა, ყველა კითხულობდა „ვინ არის ეს ახალი გოგო?“ ეს განსაკუთრებით მხვდებოდა ყურში, რადგან ამ ბიზნესში უკვე ხუთი წლის მოსული ვიყავი, მაგრამ მათთვის მე მაინც „ახალი გოგო“ გახლდით.”

მისი დებიუტი მაღალი მოდის სამყაროში პაკო რაბანის ჩვენებაზე შედგა, რომელსაც მალე Dior-სა და Gianfranco Ferre-სთან თანამშრომლობა მოჰყვა. თავდაჯერებულობისა და მიზანდასახულობის წყალობით, მოდელი ყოველთვის ახერხებდა ემუშავა მისთვის საინტერესო, საყოველთაოდ აღიარებულ დიზაინერებთან. როგორც თავად იხსენებს, იმ პერიოდში არ ჰქონია იმის განცდა, რომ ვინმესთვის მუზა იყო. ამის გაცნობიერებაში მოგვიანებით ინტერნეტი დაეხმარა, როდესაც უცნობი ადამიანები წერდნენ, რომ ის მუზა, საკულტო მოდელი იყო.“ ამასთან, მისი კარიერა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ მოდის ჩვენებებით – პერფორმანსების და სარეკლამო კამპანიების გარდა, შოუმ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმში, ასევე George Michael-ის მუსიკალურ ვიდეოში Fast Love.

Photographed and styled by GRIGOR DEVEJIEV Mua Christina Regini / Assistant LUCIA DEVEJIEVA / Hair VICTORIA GIGISHVILI / Produced by ALEXANDR KAKABADZE

Special Thanks to Djansug Kakhidze Tbilisi Center for Music & Culture

დებრა შოუ დღემდე მოდის ბიზნესშია. თბილისში საგანგებოდ ფოტო-გადაღებისთვის ჩამოფრინდა, პარიზში კი, გარდა იმისა, რომ მოდის კონსულტანტია, დამწყებ მოდელებს უტარებს გაკვეთილებს და დიდი პოდიუმისთვის ამზადებს. თუმცა განსაკუთრებულ და მისთვის საინტერესო ჩვენებებზე  მონაწილეობაზე უარს არ ამბობს. ის უკვე თითქმის ოცდახუთი წელია, მოდის ინდუსტრიაშია. ამიტომ რთულია, ცდუნებას გაუძლო და არ ჰკითხო ამ სფეროს განვითარების ტენდენციების და ყველაზე დიდი გამოწვევების შესახებ. დებრა მრავალფეროვნების არარსებობის პრობლემასა და ფერადკანიან მოდელებზე იწყებს საუბარს. „როდესაც მოდელობა დავიწყე, ამ ბიზნესში ყველანაირი ეთნიკური წარმომავლობის მოდელებს ნახავდით. სადღაც 2000 წლიდან  სიტუაცია უეცრად შეიცვალა – მრავალფეროვნება ცალსახად ბრიტანულმა სახეებმა შეცვალეს, რადგან ძირითადად ბრიტანელი სტილისტები წყვეტდნენ, ვინ გავიდოდა პოდიუმზე. დღეს მოდის სამყაროში კვლავ დაიწყეს განსხვავებული სახეების ძიება, რაც ლოგიკურია – ჩვენი სამყარო ხომ ასეთი მრავალფეროვანია. ამის მიუხედავად, ამ ინდუსტრიაში დღესაც მწვავედ დგას მრავალფეროვნების პრობლემა. ვფიქრობ, ეს მხოლოდ სამოდელო ბიზნესს კი არა, მთლიანად ინდუსტრიას ეხება. იცნობთ შავკანიან ან ინდიელ დიზაინერებს?“ კითხვა მოულოდნელია და ცოტათი დამაფიქრებელი. „ის ფაქტი, რომ პასუხის გასაცემად დაფიქრებაა საჭირო, უკვე დიდ პრობლემაზე მიანიშნებს. ამაზე აუცილებლად უნდა დაიწყოს სერიოზული მსჯელობა, რადგან, ჩემი აზრით, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობები არ უნდა არსებობდეს.“

დებრას აზრით, დღეს მოდელის როლი ცოტათი განსხვავებულია, ვიდრე ეს ადრე, 90-იანებში იყო. მაშინ მნიშვნელობა ჰქონდა სამოსის რამდენი ეგზემპლარი გაიყიდებოდა მას შემდეგ, რაც მოდელი მას საზოგადოებას წარუდგენდა. „დღეს ინსტაგრამის ეპოქაა – მთავარია, რამდენი მიმდევარი გყავს. მიუხედავად ამისა, მოდელს შეუძლია იყოს მეტი, ვიდრე სამოსის საკიდი, თუ თემას სიღრმისეულად ჩასწვდება.“

და მაინც, როგორ დიზაინერს გაიცნობდა დებრა შოუს სახით მსოფლიო, მას რომ სწავლისთვის თავი არ დაენებებინა და მოდელობა არ გადაეწყვიტა? ამბობს, რომ განსაკუთრებით არქიტექტურული ფორმები და ინტელექტუალური კონსტრუქცია ხიბლავს; სამოსი რომ შეექმნა, ეს აუცილებლად მისი შთაგონების წყაროდ იქცეოდა. ამასთან, მოსწონს, როდესაც დიზაინერი იყენებს განსხვავებულ ელემენტებს, იუმორს. თუმცა, როდესაც საყვარელ დიზაინერებზე ვეკითხები, იღიმება და ამბობს, რომ ეს ის ხალხია, ვისაც პირადად მისთვის, მის სხეულზე შეუქმნია სამოსი – Galliano, Mugler…

პოდიუმზე გასვლა შოუსთვის ყოველთვის სცენარის გარეშე ფილმში თამაშის ტოლფასი იყო. იმპროვიზების ეს გასაოცარი ნიჭი ფოტოებშიც იგრძნობა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ,  ახალი გატაცებაც მისგან ამ უნარს მოითხოვს.

ახალი ინტერესის საგანი კი მუსიკაა. თავად ამბობს, რომ ეს მისი დიდი ხნის გატაცებაა და ყოველთვის უნდოდა მუსიკის შექმნა და სიმღერა. „მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე – დედა და ბებია ორღანზე უკრავდნენ. რაც უფრო მემატებოდა ასაკი, მით უფრო მიძლიერდებოდა სურვილი, მუსიკა უკეთ შემესწავლა. დავინტერესდი 60-70-იანების შემოქმედებით, დიდი კვლევა ჩავატარე და ერთ დღესაც, როდესაც უბრალოდ ვკითხულობდი ჩემს ლექსებს, საკუთარი მუსიკა შევთხზე. ის მოეწონა ერთ მუსიკოსს და ორიგინალური ნაწარმოების შექმნა შემომთავაზა. ასე დავაარსეთ ჯგუფი Debra’s Dream  – ეს ხომ მართლაც ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო.“ ამბობს, რომ სცენა სრულიად განსხვავებული ენერგიის მატარებელია და პოდიუმისგან ძალიან განსხვავდება. თუმცა, მთავარ საერთო შტრიხსაც უკვე მიაგნო – ორივე შემთხვევაში, იმპროვიზებას მიმართავს. ეს კი, ალბათ, ნიშნავს, რომ წარმატებები მუსიკალურ კარიერაში დებრას შეგვიძლია არც ვუსურვოთ – ოცნებების ასახდენად მან მთავარ საიდუმლოს დიდი ხნის წინ მიაგნო.

ნინა ახლოური

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top