ილაპარაკო აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოზე, ანიტა რაჭველიშვილზე და არ ახსენო მისი „კარმენი“, ეს დაახლოებით იგივეა, მიმოიხილო ჩემპიონთა ლიგის საფეხბურთო მატჩები „რეალის“ ან „ბარსელონას“ მატჩების გარეშე. ანიტას ტრიუმფალური სვლა მსოფლიოს საოპერო სცენებზე სწორედ ჟორჟ ბიზეს უკვდავ ოპერას უკავშირდება, როდესაც 2009 წლის 7 დეკემბერს, ახალგაზრდა, უცნობმა ქართველმა მომღერალმა „ლა სკალას“ სეზონის გახსნაზე მსოფლიოში აღიარებულ გერმანელ ტენორთან, იონას კაუფმანთან ერთად იმღერა. რაც მთავარია, სახელოვანი მაესტროს, დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით!
იმ დღიდან მოყოლებული, ოპერა „კარმენი“ – ბოშა ქალის დრამატული და მხურვალე ვნებებით, ხაბანერა-სეგიდილიათი, მტკივნეული სიყვარულით, სიამაყის შეგრძნებითა და თავისუფლების უსაზღვრო სურნელით, ანიტა რაჭველიშვილის ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. დღეს ის კარმენის პარტიის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო შემსრულებლადაა აღიარებული მსოფლიოში. თითქმის
არ დარჩენილა ცნობილი საოპერო სცენა ბერლინის „შტატსოპერიდან“ ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერამდე“, სადაც ანიტა რაჭველიშვილს კარმენის პარტია არ შეუსრულებია და კრიტიკოსების აზრით, ჯერ-ჯერობით ეს მისი ყველაზე წარმატებული როლია… და სხვათა შორის, ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ ანიტა რაჭველიშვილი ანა მანიანისაც კი შეადარა!
დიდი წარმატების უვერტიურა ერთობ უჩვეულო და საინტერესო აღმოჩნდა: მილანის „ლა სკალას“ მუსიკალურ აკადემიაში სტაჟირებაზე მყოფი ახალგაზრდა, ქართველი მომღერალი ლექციებზე მიიჩქაროდა, სადაც მასტერკლასებს ესწრებოდა. შესვენებაზე სასწრაფოდ გამოიძახეს თეატრში, რადგან მაესტრო დანიელ ბარენბოიმს მისი მოსმენა სურდა.
თავიდან საუბარი იყო ოპერა „კარმენ”-ში მერსედესის მეორეხარისხოვან როლზე. სცენაზე გავიდა და სიმღერა დაიწყო. მალე დარბაზში სახელგანთქმული ტენორი, იონას კაუფმანი შემოვიდა, რომელიც მას ყურადღებით აკვირდებოდა. ბარენბოიმმა სთხოვა კარმენის რომელიმე არია ემღერა, შემდეგ სხვა…კიდევ… მოსმენის შემდეგ თეატრის დირექტორის კაბინეტში დაიბარა და აუხსნა, რომ მერსედესის პარტიისთვის ზედმეტად მნიშვნელოვანი ხმა ჰქონდა და პირდაპირ შესთავაზა კარმენის როლის შესრულება 2009 წლის დეკემბერში, საოპერო სეზონის გახსნაზე!
„ყურებს არ ვუჯერებდი, მეგონა ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. თუმცა რამდენიმე თვეში თეატრის დირექციამ დამიბარა და კონტრაქტის პირობების განხილვა შემომთავაზა, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ეს სიზმარი არ იყო და ყველაფერი რეალურად ხდებოდა“.
მიუხედავად იმისა, რომ ანიტას ნამდვილად გააჩნია თანდაყოლილი სცენური ქარიზმა, არტისტულობა, სექსუალობა და რაც მთავარია, მეცო-სოპრანოსათვის დამახასიათებელი შთამბეჭდავი დიაპაზონისა და სიძლიერის ხმა, მისი ცხოვრება სინამდვილეში კონკიას მითს უფრო ჰგავს. თბილისში, გლდანის უბანში მცხოვრები გოგონა ხშირად ფეხითაც კი მიდიოდა კონსერვატორიაში ლექციაზე. მის მშობლებს სწავლის ფული არ ჰქონდათ, ამიტომ ყველაფერი გაყიდეს და ბინა ბანკში ჩადეს, ანიტა სასწავლებლად იტალიაში რომ გაეშვათ.
2007 წელს ანიტამ საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია მიიღო და სასწავლებლად „ლა სკალას“ აკადემიაში ჩაირიცხა, რაც მისი და მისი პედაგოგის, შესანიშნავი მეცო-სოპრანოს, მანანა ეგაძის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი იყო. სწორედ მილანში, 2009 წლის 7 დეკემბერს, წმინდა ამბროსის ხსენების დღეს (ამ დღეს იხსნება „ლა სკალაში“ საოპერო სეზონი), „კარმენის“ ბრწყინვალე დებიუტით იშვა საოპერო ზღაპარი შრომისმოყვარე, ნიჭიერ და გამრჯე კონკიაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
„მომღერალი ყოველთვის უნდა ფიქრობდეს წინსვლაზე, განვითარებასა და სწავლაზე. ის მუდმივად უნდა ისწრაფოდეს სრულყოფისაკენ, რადგან წარმატება იოლად არასოდეს მოდის. საჭიროა თავდაუზოგავი შრომა, პერსპექტივის შეგრძნება, კვლევის ფართო არეალი, პლუს კარგი ინტუიცია და იღბალიც. მგონია, მილანში სწავლის გაგრძელება ჩემთვის აუცილებელი იყო… როცა ხვდები, რომ ნიჭი გაქვს, აუცილებელია ამ ნიჭს მიეხმარო, იშრომო და მუდამ ეძებო ახალი შესაძლებლობები“.
მიუხედავად ნაირგვარი „კარმენებისა“ – ფრანკო ძეფირელის ავთენტური და კონსერვატორული დადგმით დაწყებული, კალიქსო ბიეიტოს თანამედროვე ვერსიით დამთავრებული (პარიზის „ოპერა ბასტილში“), ანიტა მაინც კლასიკურ ვერსიებს ამჯობინებს. ამბობს, რომ ამ ოპერის ავთენტურობის ხაზგასმა მას ფსიქოლოგიურად უფრო ეხმარება, თუმცა ისეთ სარისკო დადგმებშიც მიუღია მონაწილეობა, სადაც კარმენის ვნებები და სექსუალობა შედარებით ვულგარულად და ზედაპირულად არის წარმოჩენილი.
„მაინცადამაინც, არ მომწონს თავსმოხვეული, თანამედროვე ექსპერიმენტები. რეჟისორი „კარმენის“ სამყაროს შიგნიდან უნდა იცნობდეს და მხოლოდ ეპატაჟით და ფორმით არ შემოიფარგლებოდეს. ამიტომაც მომწონს ფრანკო ძეფირელის სპექტაკლები. ის ღრმა ხელოვანია, რომელიც აბსოლუტურად ავთენტურად დგამს. მაგალითად, „კარმენში“ სცენა სავსეა ფლამენკოს მოცეკვავეებით, კლასიკური დეკორაციებით, შთამბეჭდავი კოსტიუმებითა და გუნდით. მისი „კარმენი“ ყველაზე შთამბეჭდავი და სრულყოფილია ყველა სხვა სპექტაკლებთან შედარებით, სადაც მიმღერია“.
ანიტა აღიარებს საფრანგეთის უპირატესობას და გარკვეულ პრიორიტეტს ამ ოპერასთან მიმართებაში. ამბობს, რომ კარმენის შესრულება პარიზში სრულიად სხვა პასუხისმგებლობაა, რაც მისთვის გარკვეულწილად, შიშთანაც არის დაკავშირებული. პარიზი ბიზეს ქალაქია – ქალაქი, სადაც კარმენი უყვართ და სადაც, ფაქტობრივად, ზეპირად იციან ამ ოპერის თითოეული ფრაზა; სცენაზეც შესაბამის კარმენს ელიან. ამიტომ, მომღერალი თითოეულ ვოკალურ ფრაზას წლების განმავლობაში უფრთხილდება, ხვეწს, აზუსტებს და სრულყოფს. საინტერესოა კარმენის, როგორც პერსონაჟის მიმართ, თავად ანიტა რაჭველიშვილის დამოკიდებულებაც:
„კარმენი ძლიერი და თანამედროვე ქალია. მთელი თავისი ბუნებით, ხასიათით, მოქმედებით და ტემპერამენტით. ის ყველაზე ძლიერ და მებრძოლ ქალებს მაგონებს, თუმცა არც უშეცდომოა – ზედმეტად ამაყი და თავნებაა. ამავე დროს, თავისუფლების უკიდეგანო სიყვარულს გრძნობს და მზად არის ამ თავისუფლებისთვის მოკვდეს კიდეც. ჩემთვის, ბევრი რამ ცოტა გაზვიადებულია, ცოტა სასტიკიც მეჩვენება, მაგრამ ამის გარეშე ასეთი მაგნიტური, მომხიბვლელი პერსონაჟი არ იქნებოდა“.
„კარმენიდან“ კი ორიოდე ნაბიჯი რჩება „ცეცხლოვან ფლამენკომდე, რომელიც თურმე ასევე ძალიან მოსწონს ანიტას. მისი აზრით, ფლამენკო ვულკანური ცეკვისა და სიმღერის ნაზავია, რაშიც კარგად ჩანს ესპანური სული, მისი კულტურა, ტრადიციები და ფოლკლორული ფესვები….
„რაც მთავარია, ფლამენკო არის ცოცხალი, გულიდან წამოსული, მღელვარე ხელოვნება. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან ვნება, სიყვარული და სიმღერა თითქოს ერთ სივრცეშია თავმოყრილი და განფენილი. ფლამენკო ესპანური კულტურის ნამდვილი სულია“.
და კიდევ: წარმოუდგენელია ახალგაზრდა ქალს, რომელიც უკვე წლებია კარმენის პარტიას მღერის და პარალელურად ფლამენკოს მოყვარულიცაა, ესპანური მოდა არ იზიდავდეს. როგორც აღმოჩნდა, „მასიმო დუტი“ ანიტას ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია, თუმცა არც „ბალენსიაგას“ ჩანთებზე ამბობს უარს და ქართველ დიზაინერს, დემნა გვასალიას გულშემატკივრობს. ცოტათი გულისამაჩუყებელია, რას ყვება ანიტა რაჭველიშვილი სტუდენტობის დროინდელ გატაცებაზე, რომელიც „ზარას“ უკავშირდება:
„ძალიან მიყვარს „ზარა“. ალბათ იმიტომ, რომ სტუდენტობის წლებში, როდესაც მილანის აკადემიის სტიპენდია უნდა მყოფნოდა ერთდროულად იპოთეკაში ჩადებული ბინის დასაფარად, მილანის ბინის ქირის ფასად და თავის გამოსაკვებადაც, „ზარა“ ერთადერთი ქსელი იყო, სადაც შემეძლო მეყიდა შედარებით ელეგანტური სამოსი. საკონცერტოდ გამოსადეგი კაბები და ფეხსაცმელიც. თან ასობით და ათასობით ევრო არ დამეხარჯა“.
ანიტა რაჭველიშვილის კიდევ ერთი გამორჩეული თვისება მისი აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციაა: ეკოლოგიის პრობლემები, ქალთა უფლებები, სოციალური საკითხები, რკინიგზის კულტურის სახლის გადასარჩენად გამართული კონცერტები და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი საქველმოქმედო კონცერტი მან ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრთან ერთად გამართა (დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი), სადაც ესპანელი კომპოზიტორის, მანუელ დე ფალიას ბალეტიდან „სიყვარული ჯადოქარი“ რამდენიმე ვოკალური ნომერი შეასრულა… ამ კონცერტზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი საოცრად ღრმა და პროფესიონალური დამოკიდებულება ჩვენთვის შედარებით უცნობი, თანამედროვე ესპანური მუსიკისადმი.
„მანუელ დე ფალიას „სიყვარული ჯადოქარი“ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაწარმოებია. ამ ორიგინალურ ნაწარმოებში მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე ერთი და იგივე პერსონაჟს განასახიერებენ, მაქვს ასეთი ოცნება, რომ სამივე პერსონაჟი განვასახიერო სცენაზე“.
2017 წელი კიდევ ერთი მოვლენით იყო გამორჩეული: ანიტა რაჭველიშვილი მუსიკის კრიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა წარადგინეს Opera Awards 2017-ზე, ნომინაციაში „საუკეთესი მომღერალი ქალი“. რადგან Opera Awards ერთგვარ „საოპერო ოსკარად“ ითვლება მუსიკალურ წრეებში, ცხადია, პრესტიჟულია უკვე ნომინაციაში მოხვედრა. თუმცა თავად მომღერალი ამგვარ გამოკითხვებს საკმაოდ მშვიდად უყურებს:
„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა პრინციპით ადგენენ ამგვარ რეიტინგებს, ან ვინ ატარებს გამოკითხვებს. თუმცა ცხადია, გამიხარდა, რომ ნომინირებული ვიყავი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი საოპერო კარიერა სულ 7-8 წელს ითვლის, Opera Awards-ის ნომინაციაში მოხვედრა დიდი პატივია“.
და ბოლოს, ისევ მრავალგანზომილებიანი და ათასჯერ ნახსენები „კარმენით“ დავასრულებთ. 2017 წლის აპრილი; თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბიზეს ოპერის ახალი ვერსია დაიდგა – ახალი სულისკვეთებით, ახალი რეჟისორული იდეებით და რაც მთავარია, უკვე მსოფლიოში აღიარებული ანიტა რაჭველიშვილის პირველი სპექტაკლით მშობლიურ სცენაზე. ანიტას პარტნიორობას უწევდნენ გერმანიიდან მოწვეული ცნობილი ქართველი ტენორი გიორგი ონიანი (დონ ხოზე), თბილისის ოპერის ახალგაზრდა, მაგრამ უკვე აღიარებული სოლისტები – ნიკოლოზ ლაგვილავა (ესკამილიო) და ირინა თაბოიძე (მიქაელა) და სხვები.
„კარმენი“ განვლილი საოპერო სეზონის მთავარ მოვლენად იქცა, რომელიც რეჟისორმა ლევან წულაძემ დადგა. მისი კონცეფციის მიხედვით, მოქმედება გასული საუკუნის 50-იანი წლების კუბაზეა გადატანილი და შესაბამისად, აქცენტებიც იცვლება. თავისუფლების მოყვარული კარმენი „თავისუფლების კუნძულზე“ უფრო მეამბოხეა და სრულიად სხვაგვარად გამოიყურება. დამათრობელად ჟღერს მისი ხაბანერა ჰავანური სიგარების ბოლში, სადაც დააბოტებენ მიამიტი ჯარისკაცები, რომელთაგან ერთ-ერთის ფლირტი ჯერ ვნებად, ხოლო შემდეგ სულისშემძვრელ დრამად იქცევა… ცხადია, ჟორჟ ბიზეს მომნუსხველი, წარუშლელი და ტრაგიკული მუსიკის წყალობით.
„კარმენში“ კიდევ ერთხელ წარმოჩინდა აქამდე უცნობი რამდენი ობერტონი, მოქნილობა, სილბო, ელვარება თუ მოზომილ-გათვლილი ეროტიზმი ანიტას ხმასა და საშემსრულებლო მანერაში… და რომ, ის ნამდვილი ვარსკვლავია!
„სამწუხაროდ, ძალიან დაძაბული გრაფიკის გამო არ მქონდა დრო რეჟისორთან მემუშავა. პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე მომიწია პირველად მემღერა „კარმენში“ მშობლიურ სცენაზე. ეს მღელვარე და შთამბეჭდავი განცდაა, რომელსაც უკვე რეჟისორთან მუშაობის სათანადო გამოცდილების შემდეგ გაგიზიარებთ!“
და ვიდრე ანიტა მშობლიურ სცენას ისევ დაუბრუნდება, მღელვარე „ვერდიანული“ გამოცდები ელის ნიუ-იორკში, ვენაში, მიუნჰენში, პარიზსა და ბერლინში. ეჭვებით განაწამები პრინცესა ამნერისის შემდეგ „აიდაში“, ის დედობრივი ინსტინქტებით გაორებულ და გახლეჩილ აძუჩენას იმღერებს „ტრუბადურში“.
დავით ბუხრიკიძე