ზურაბ საფარელის „მოწესრიგებული ქაოსი“
ადამიანი უძველესი დროიდან მიისწრაფოდა თავისთვის მყუდრო გარემო და ისეთი ნავსაყუდელი შეექმნა, სადაც სულიერ სიმშვიდეს იპოვიდა და ესთეტიურ სიამოვნებას მიიღებდა. ჟამთა სვლაში საცხოვრებელმა სახლმა ბევრი სახეცვლილება განიცადა და სხვადასხვა სტილის მორჩილი გახდა, მხოლოდ ერთი რამ დარჩა მარადიული – არქიტექტორის ხედვა, რისთვისაც არც ერთ ჭეშმარიტ ხელოვანს არ უღალატია. ზურაბ საფარელიც მუზის იმ მსახურთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს გონებაში წარმოსახული პროექტებისა თუ ნახატების ხორცშესხმას და მისი პირადი აგარაკი, განხორციელებული ფანტაზიის საუკეთესო ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს. იგი ჭეშმარიტი ხელოვანის ერთგვარი სავიზიტო ბარათია, რომელიც უსაზღვრო ინფორმაციას გაწვდის მისი მფლობელის შესახებ, მის გემოვნებაზე, მსოფლმხედველობაზე და ოსტატობაზე.
მუხათწყაროში მდებარე სახლი ორი ნაწილისაგან შედგება. ძველი სამსართულიანი შენობისაგან და ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულის მიშენებული, საკმაოდ დიდი ფართის მქონე ერთსართულიანი მოცულობისაგან, რომელიც ორი მხრიდან მინით არის შემორაგული. გარედან სადა მოპირკეთების შემყურე, ადამიანი ვერაფრით წარმოიდგენს , თუ რა ფანტასმაგორია ვითარდება შიდა სივრცეში. ოთახში შესვლისას, სრულიად განსხვავებული ენერგეტიკის გარემოში აღმოჩნდები, არა ჩვეულებრივ სახლში, არამედ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, სადაც უამრავი მხატვრული ტილოს, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებთან ერთად, სიძველეებისთვისაც მიუჩენიათ თავ-თავისი ადგილი. ექვსი მეტრის სიმაღლის მქონე ინტერიერი, ჭერზე დატოვებული მსხვილი მორებით შექმნილი გადახურვის კოჭებით და მათთან ერთხმოვანებაში მოსული უზარმაზარი, ორი მეტრის დიამეტრის მქონე, ლითონის მრგვალ სარტყელზე განთავსებული სანათებით, მარმარილოსა და ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის ფილებისაგან შედგენილი იატაკით, შუა საუკუნის რაინდის საცხოვრებელს ჩამოჰგავს.
თუმცა ამ პერიოდის ბნელი დარბაზებისა და პირქუში კედლების ნაცვლად, აქ ბევრი სინათლე და თეთრი კედლები ეგებება სტუმარს. უნდა ითქვას, რომ ზურაბ საფარელის ყველა პროექტში, თეთრი ფერი წამყვანია, რადგან იგი შემდგომ ბუნებრივი მასალებისა და ლითონის აქტიურად გამოყენების საშუალებას აძლევს. „პირველი კანონი, რომელსაც არ ვღალატობ, მთლიანობის ეფექტია, შემდეგი კი ვიზუალური მხარე, სივრცის კონცეპტუალური ჩამოყალიბება“, განაცხადა მან საუბარში. 24 მეტრი სიგრძის და 6,5 მეტრი სიგანის მქონე ფართი, რუხი ფერის რიყისა და ნიჩბისის ქვაში შესრულებული ორი მძლავრი თაღით, სამ ნაწილადაა გაყოფილი, ერთგვარ რითმს აძლევს მოცულობას და აბსოლუტურ პროპორციაში არის მოსული საერთო მასშტაბთან. ცენტრალურ ადგილას დიდი, თეთრი ბუხარია, რომლის თავზედაც ძველი რომაელი მეომრის ბრინჯაოს ფარი იმშვენებს თავს.
მეორე ნაწილი ტელევიზორისთვისაა განკუთვნილი, მესამე კი – შთამბეჭდავი ზომების მქონე მაგიდისათვის, რომელიც ზურაბ საფარელის ხელითაა შესრულებული და საკმაოდ დიდ ტერიტორიას იკავებს. მაგიდის ზედაპირზე ზეთის საღებავებით აბსტრაქტული ნახატია დატანილი და მაღალი, თეთრი კედლის ფონზე, ცალკე ლაქად იკითხება და ბინის ამ ნაწილს ერთიან კომპოზიციად კრავს. ზურაბ საფარელის ფანტაზიის ნაყოფია შენობის მარცხენა ნაწილში მდებარე კომოდი, რომელიც ფუნქციური დანიშნულების გარდა, ესთეტური დატვირთვის მატარებელია. ტრავერტინისა და მარმარილოს ოთხკუთხედი ფილებით მოპირკეთებული ხის ეს ნივთი, მის თავზე განლაგებულ ნახატებთან ერთად, მესამე კედლის კომპოზიციის ნაწილია, რომელსაც ვიზუალურად ჭერის ყავისფერი მორები ასრულებს.
„ეს სახლი არა საცხოვრებელ ფართად, არამედ შოურუმად გავაკეთეთ, ეს გახლდათ კონცეფცია, რომელიც საზოგადოებას ჩვენს შესაძლებლობებს სთავაზობდა“, განაცხადა ზურაბ საფარელმა. ყველაფერ ამის შემხედვარეს, ნამდვილად გჯერა, რომ ენერგია, ფანტაზია და შესაძლებლობა მას მართლაც ამოუწურავი აქვს. ზურაბ საფარელის პროექტების მიხედვით განხორციელებული ნაგებობები, მხატვრული ტილოები, ქანდაკებები, თიხის ჭურჭელი თუ ავეჯი ერთნაირი დახვეწილი გემოვნებით არის შექმნილი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ძველი ქართული სასმისისა და ღვინის ჭურჭლის მოტივებზე საფარელის ავტორობით გაცოცხლებული თიხის ნაკეთობების კოლექცია, რომლის დახვეწილმა ფორმებმა არ შეიძლება მნახველი გულგრილი დატოვოს. „ანტიკური ქართული ნივთების თაყვანისმცემელი გახლავართ და ბევრი ფორმა ძველი ნივთების შთაგონებით შეიქმნა. კარგად შევისწავლე ანტიკური ხანის საყოფაცხოვრებო ჭურჭელი.
მას ფანტასტიკური დიზაინი, ორიგინალური ფორმები აქვს, ისეთი თანამედროვე და კრეატიულია, რომ მსოფლიოში ანალოგი არ მოიძებნება. ბუნებრივია, ეს ნივთები ფუნქციური იყო. კაცობრიობა ისე განვითარებული არ იყო, ესთეტიური სიამოვნებისათვის, რომ ის როგორც დეკორაცია ისე გამოეყენებინა“, გვიყვება ბ-ნი ზურაბი. დღევანდელ დღეს კი ალბათ ბევრ ადამიანს მოუნდებოდა საკუთარ ბინაში, საფარელის ამ ოსტატური ნამუშევრების ნახვა. თიხის ნაკეთობებისა და ავეჯის გარდა, ინტერიერში საფარელის ესკიზებით, ქალაქ ტულის ჭედურობის ოსტატების მიერ გაკეთებულ, იატაკზე მდგარ ლითონის შანდლებსაც აქვთ სამყოფელი და ფერით და ფაქტურით ჭაღების ხასიათს იმეორებენ.
„არქიტექტორი კარგი დამლაგებელი უნდა იყოს, შეიძლება უამრავი ძვირფასი ნივთი გამოიყენო, ყველაფერი ხარისხიანად გააკეთო, დაალაგო, მაგრამ აბსოლუტური სიცივე და დისკომფორტო მიიღო, ისე, რომ შენც უკმაყოფილო დარჩე და სხვაც“ – ამ შეგონებით მოქმედი ზურაბ საფარელის სახლში ნამდვილად იგრძნობა მისეული მიდგომა არქიტექტურის ნებისმიერი დეტალისადმი, აქ განთავსებული ყველა ნახატისა თუ ნივთისადმი, რადგან ის ენდი უორჰოლის, უტამაროს, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, ოსკარ შმერლინგის, სერგო ფარაჯანოვის, უჩა ჯაფარიძის და ბევრი თანამედროვე ქართველი მხატვრის თუ უცხოელი დიზაინერების ჩარლზ რენე მაკინტოშის, ანტონიო ჩიტერიოს ნამუშევრებს სივრცის ნაწილად, ცოცხალ ორგანიზმად აღიქვამს და პერიოდულად, თითქოსდა ექსპონატები მოითხოვენო, ადგილებს უცვლის, რათა მათ არსებობის აბსოლუტურად შესატყვისი გარემო შეუქმნას.
„აგარაკის მშენებლობა უსასრულოდ გრძელდება, ეს ის შემთხვევაა, როცა დაუსრულებლობა ხელს მიწყობს, რომ ახალ-ახალი იდეები მოვარგო. ხატვის პროცესს შევადარებდი, გამოსაყენებლად უამრავი ფერი რომ გაქვს. ეს ობიექტი კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ სრული თავისუფლება მომეცა და ის გამოვიდა, რაც ჩავიფიქრე. ეს საინტერესო სივრცეა, რომელიც დროსთან ერთად ვითარდება და ცვლილებებს ნელ-ნელა ასახავს“, ამბობს ზურაბ საფარელი. იგი მუდმივი ძიების პროცესშია და ამიტომაც ელოდება ოსტატის ხელს, სამსართულიანი, მშობლებისეული აგარაკის მესამე სართულზე განთავსებული ქართული დარბაზის ტიპის სივრცე, სადაც შუა ცეცხლთან მჯდომ კაცს ალბათ ახლო მომავალში, ისეთივე დაუვიწყარი სამყარო გადაეშლება თვალწინ, რისი მნახველიც იგი პირველ სართულზე ხდება. ზურაბ საფარელი კი უშრეტი იდეებითა და ენერგიით უმკლავდება არქიტექტურისა თუ დიზაინის სფეროში განსახორციელებელ დაკვეთებს.
რუსუდან საბანაძე
ფოტო : Mathew Molloy