RULER

RULER, 2019. ACRYLIC AND OIL ON CANVAS / 240 x 320 cm

სტეფანი ჰაინცე გერმანელი ხელოვანია, რომელიც აღმოსავლეთ ბერლინში დაიბადა, ის დღესაც იქ ცხოვრობს და მუშაობს. მას კურატორი ელენე აბაშიძე ესაუბრა გამოფენაზე სახელად „სახაზავი/მმართველი“, რომელიც  თბილისში გალერეა LC Queisser-ში გაიხსნა.

ახლახანს შენი ნამუშევარი  RULER („სახაზავი“) LC Queisser-ში ვნახე. ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო შენს შემოქმედებასთან.მოუმზადებელი მივედი, მსურდა საღი თვალით შემეხედა ნამუშევრებისთვის. ჩემი პირველი განცდა ის იყო, რომ მას გარკვეული კავშირი ჰქონდა გერმანულ მხატვრულ ტრადიციასთან, განსაკუთრებით 1980-იანი წლების Neue Wilde-თან და მე-20 საუკუნის დასაწყისის გერმანულ ექსპრესიონიზმთან. ეს მოძრაობები აგრესიულად აყენებდნენ ეჭვქვეშ თავიანთი დროის სტატუს კვოს. მათი მტკიცე მიდგომა თითქმის ადგილს არ ტოვებდა მოწყვლადობისთვის, სისუსტისა თუ სიმყიფისთვის. შენს შემოქმედებაში პირიქით, უხვად ვხედავ ამ თვისებებს. ხედავ თუ არა შენს პრაქტიკას ამ მოძრაობათა გაგრძელებად და ამავე დროს  ხელოვნების ისტორიაში  არსებული სიცარიელის ამოვსებად?

როდესაც ვხატავ ასეთ რამეებზე სრულებით არ ვფიქრობ. არ ვცდილობ ხელოვნების  ისტორიის მოძრაობათა შორის არსებული ნაპრალების ამოვსებას. სიმართლე რომ ვთქვა, მაშინებს კიდეც სხვა ადამიანების ნამუშევრებსა და ხელოვნების ისტორიასთან დაკავშირებულ ბმულებში ჩარევა. განგრძობადობა ბუნებრივად წარმოიქმნება, ვეყრდნობი იმას, რაც უშუალოა. ჩემი  სურვილი  ვხატო, თითქმის იმხელაა, რამხელაც მე.  ხატვა ბავშვობაში დავიწყე, სრულებით აღფრთოვანებულმა იმ სიმარტივით, რომელსაც შემოქმედებას უწოდებენ – უბრალო განვითარება, როდესაც კალამი მოძრაობს ქაღალდზე. და მართლაც, როდესაც ახლაც  ვფიქრობ აღტაცებაზე, რომელშიც ხატვის უნარს მოვყავარ, ვხედავ ამ სივრცეს, რაც ყოველთვის ძალას მაძლევდა მძიმე პერიოდებში. რა დროშიც არ უნდა ცხოვრობდე, მისი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მნიშვნელოვანია და ეს შემოქმედების წყაროდ მიმაჩნია. პერსონალური, ისევე როგორც პოლიტიკური ასპექტები ცენტრალურია ჩემთვის. ჩემს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფსიქოლოგიას, სოციალურ კლასს, გენდერს, სექსუალობას, ბუნებას და საჭმლის მოპოვებას, ყოველდღიურ ამინდს და მონელებას. ამ მხრივ, მიღწევის საპირისპიროსა და შეუძლებლობას ვესწრაფვი. და მაინც, იმის ნაცვლად, რომ კონკრეტულ ფიგურასა თუ სპეციფიკურ მარგინალიზებულ ჯგუფთან მიმართებაში ავსახო მარცხი, დამდგარ პენისებს ან პირდაპირი გაგებით, სტაფილოებს ვისვრი ჩემს ნახატებში.

REAR (FALLING LEAF), 2019. ACRYLIC AND OIL ON CANVAS / 210 x 195 cm

Ruler – თამაშობს სიტყვის ორმაგი მნიშვნელობით (სახაზავი / მმართველი). რა არის გასაზომი და არის კი შესაძლებელი მისი გაზომვა? რა არის სამართავი? ვინ/რა მართავს?  წინა პლანზე სწევ დეტალებს, მაგალითად, ქალის გროტესკულ ფეხსაცმელს, თეთრი ცხენის კისერს, ეჭვქვეშ აყენებ ფუჭ სიამაყეს, შენი „ქალღმერთები“ შეიძლება ითქვას, უ-მართავენ. შეგიძლია ისაუბრო ქალღმერთის როლზე შენს შემოქმედებაში? 

ვფიქრობ, წარმოდგენისა თუ ნამუშევრის სახელწოდებით მიმართულებას ვაძლევ ნახატებს. ვფიქრობ, მართვისა და ზომვის თემები თანაბრად წამოჭრიან მიმართებათა საკითხებს: ინდივიდისა- საზოგადოებასთან, ძლევამოსილისა -უძლურთან. მაგალითად, შეგიძლია ციცქნა ინტიმური ნახატი ვრცელი ფორმატის ტილოსთან მიმართებაში გაზომო. შეგიძლია პენისები დათვალო ან ერთმანეთს დაატოლო. შეგიძლია სიტყვიდან Penis ასო I ამოიღო და მიიღო Pens (კალმები). შეგიძლია უძლურებს გამოუყო კუთხე, რათა თბილ, ნათელ გარემოში მიიძინონ. მე სივრცეს ვქმნი ცხვრებისთვის, მეძავებისა თუ საჭმლისთვის, დახვეწილობისთვის, გროტესკული ქალის ფეხსაცმლისა თუ თეთრი ცხენის კისრისთვის, რომლებსაც თავად ვერც ვხედავ. თავად ვარ ის, ვინც ბატონობს და ზომავს.

გამოფენაზე არის ერთი ნახატი სახელწოდებით „ქალღმერთი“. ჩიტისებრი ყვითელი ფიგურა იკვეთება ბნელ სივრცეში. ეს ფიგურა არაა მთლად პერსონაჟი, რადგან აქვს არა სახე, არამედ მოჩვენებისმაგვარი შემზარავი გამომეტყველება, მაგრამ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას უდავოდ ახდენს.  წარმოიდგინე, რა მოხდებოდა, ის რომ მართავდეს!?

RULER, 2019. ACRYLIC AND OIL ON CANVAS / 240 x 320 cm

ორმაგია არა მხოლოდ გამოფენის სათაურის მნიშვნელობა, არამედ მისი ფიზიკური მოცემულობაც. გამოფენა გალერეის ორ სართულს იკავებს და ორ ნაწილადაა გაყოფილი. საინტერესო კონტრასტს ქმნის გალერეის მეორე სართულის თეთრი სივრცე და პირველი სართულის სივრცე, რომელიც ადრე ერთსაძინებლიანი ბინა იყო, რომელიც ალბათ არც აღუდგენიათ საბჭოთა კავშირის შემდეგ. პირველ სართულზე განთავსებული ნამუშევრები ორგანულად ეწერებიან გარემოში. შეიძლება ითქვას, რომ ეს დაკავშირებულია შენს აღმოსავლეთ ბლოკში გატარებულ ბავშვობასთან?

კი, ეს ჩემს ბავშვობასთან არის დაკავშირებული.  მიყვარს ნახატების განსხვავებულ სივრცეებში აღქმა. აღმოსავლეთ ბლოკს არ უკავშირდება  შემოქმედებითი გამოცდილება ან გარემო – ის უხეში და უსწორმასწოროა, თუმცა საკუთარი სილამაზეც გააჩნია. ლამის მაშინებს, თუ რა ზუსტად ჯდება ეს ორი ნახატი ამ გარემოცვაში. მაგრამ იგივე.  შეიძლება ზედა  საგალერეო სივრცეზეც ითქვას. ბევრს ვფიქრობ კლასობრივ განსხვავებაზე და იმაზე, თუ როგორ შეცვალა ამან ჩემი იდენტობა და აზროვნება. 

ორეულებს კიდევ ერთხელ ვხვდებით გამოფენაზე, როდესაც მცირე ქაღალდზე  შესრულებული ნამუშევრები საგნებადაა წარმოდგენილი, სადაც ქაღალდის ორივე მხარეს ვხედავთ. ორივე მხარის კომპოზიცია განსხვავდება ერთმანეთისგან. რა დამოკიდებულება გაქვს ორეულის საკითხთან?

რომ ახსენე, მეც მივხვდი, რომ ორეულის თემა მართლაც იკვეთება გამოფენაში. მაშინ, როდესაც ჩემი წინა გამოფენა, „ცალი ხელთათმანი“ ცალობის საკითხს ეხებოდა.

მცირე ნამუშევრებს, როგორც წესი, მოგზაურობისას ვქმნი ან როდესაც სტუდიაში არ ვარ. თან დამაქვს წიგნები, რომლებსაც ხატვისთვის ვიყენებ. ფურცლის ყველა მხარეს ვიყენებ, ვჭრი ან კოლაჟისთვის ვხმარობ. მიყვარს ჩანახატის ინტიმურობის და მათი ამოჭრის სისასტიკის გამოკვეთა. ორივე ამ მხარეთაგან ერთდროულად წინაცაა და უკანაც. ამოჭრა, ქაღალდის დაფენა ანდა მელნის გამოჟონვა ამ ორმხრივ ნახატებში ნატიფად დასცინის ერთმანეთს. ჩანახატები ტილოების ამოსავალი  წერტილი და საძირკველია. დიდი ზომის ტილოებზე გადატანისას თარგმანის შეცდომები იჩენს თავს, რაც ყოველთვის მისასალმებელია.  ფერები და ხაზები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ და ასე ქმნიან ახალ აზრებს. შედეგად, მარცხი არა მხოლოდ ყოველთვისაა ერთ-ერთი შესაძლებლობა, არამედ ჩემი მხატვრობის აუცილებელ ნაწილსაც წარმოადგენს.

კოლინ ლანგის სტატიაში (Lang, Colin, “Fail Better, Colin Lang on Stefanie Heinze at Captain Petzel, Berlin, Issue 14, June 2019, The Sea) საინტერესო პასაჟი გვხვდება მალვის პრაქტიკის შესახებ. ავტორი მიუთითებს დეტალებზე ნახატის კომპოზიციაში, რომლებიც ნამუშევრის მთლიანობაში იმალებიან;  ამბობენ, რომ მალვის თემატიკა შენი თაობის არაერთ მხატვარს ახასიათებს. ვეთანხმები, რომ შენი ნახატის ზედაპირი მნიშვნელობის კამუფლაჟად გამოიყენება. მიმაჩნია, რომ ეს არაპირდაპირი ქმედება ფემინისტური პრაქტიკაა. რისგან უნდა დავიმალოთ და რატომ გვჭირდება ეს?

 ნახატში დამალვა შეუძლებელია. არც ის ვიცი, როგორ დავმალო ნახატის მთლიანობა, რადგან თვალწინ ეს მთლიანობა გიდგას.

ჩემი ნამუშევრები შემოთავაზებებია მოვწყდეთ შესაძლებლობას და ნება მივცეთ ნაცნობის საზღვრებს, გაიხლიჩონ და გაფართოვდნენ. ამდენად, მე „ახალ-აზრს“ (newsense) ვაცხადებ ერთგვარ ფსევდო-ოპტიმისტურ გამოგონებას, როგორც ნონსენსზე პასუხს. მარცხის გამოცდილება საკუთარ ლოგიკას, კომპლექსურობას და ესთეტიკას აღწევს ჩემს ნახატებში. მე ვეძებ მოულოდნელსა და სუბვერსიულს, რომელსაც მსურს პერვერსიული შევურწყა. ჩემი შემოქმედება ირხევა მაღალ და დაბალ კულტურებს, ეგზოტერიკულსა და ეზოტერიკულს შორის და იღებს მარცხს, როგორც ყოფნის აუცილებელ და უკეთეს გზას.

ელენე აბაშიძე

All images: Courtesy of the artist and LC Queisser, Tbilisi. ©ANGUS LEADLEY BROWN

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top