კინო 2023 წელს
30.11.2023
თბილისის რიგით 24-ე კინოფესტივალზე მთავარი ყურადღება ქართულ პანორამას ეთმობა. იმის მიუხედავად, რომ ქართული კინო ფართო საზოგადოებამდე გზას ჯერ ისევ ეძებს, ახალი ფილმებისადმი ინტერესი მხოლოდ მატულობს. კომუნიკაციის სირთულეს ორი საფუძველი აქვს: ის რომ მხატვრული დონე და შინაარსი არ იზიდავს მაყურებელს და ამავდროულად თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამები პრაქტიკულად არ არსებობს. სახელმწიფო ინახავს თეატრებს, მაგრამ არ ზრუნავს კინოთეატრებზე.
საქართველოში კულტურული ცენტრების მწვავე დეფიციტია. ასეთ პირობებში თბილისში კინოფესტივალი „პრომეთე“ იწყება, რომელიც ათწლეულებია კინოს სამყაროში ფანჯარას წარმოადგენდა. სწორედ აქ აჩვენებდნენ იმ ფილმებს, რომლებიც ქალაქების (არარსებული) კინოთეატრების ეკრანებზე წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო. „პრომეთეს“ პროგრამები თავს უყრიან სხვადასხვა ფესტივალზე გაბნეულ ფილმებს, რაც ქართველი მაყურებლისთვის დიდ კომფორტს ქმნის. თუმცა მნიშვნელოვანი ფესტივალებიდანაც, ბუნებრივია, ყველაფრის ჩამოტანა ვერ ხერხდება. სწორედ ამიტომ, წელს მაყურებელი რამდენიმე მნიშვნელოვან ნამუშევარს გამოტოვებს. ამ წერილში სწორედ იმ ფილმებზე მოგიყვებით, რომელთა ნახვას კინოდარბაზში ვერ შეძლებთ, მაგრამ რისი მონიშვნაც ღირს. ჟურნალი „ამარტა“ კანისა და ვენეციის უკანასკნელ ფესტივალებს აშუქებდა. რეკომენდაციებიც სწორედ ამ უკანასკნელების პროგრამებიდან იქნება.
რეკომენდაცია #1: კანის ფესტივალის გრან პრის მფლობელი ჯონათან გლეიზერის „ინტერესთა ზონა“ (The Zone of Interest) დაუვიწყარი ფილმია. მოქმედება აუშვიცში, საკონცენტრაციო ბანაკის მახლობლად ვითარდება. ბანაკის უფროსი და მისი მეუღლე, რომელსაც ევროპული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობი სანდრა ჰულერი ასრულებს, იდილიური ცხოვრების მოწყობას ცდილობენ. ბანაკს მაყურებელი ვერ ხედავს, ისევე როგორც ფილმის გმირები არ ამჩნევენ მას, მაგრამ XX საუკუნის ეს უდიდესი ბოროტება ატმოსფეროშია გაბნეული და ჰაერთან ერთად შეიგრძნობა. ფილმს აქვს გამორჩეული მუსიკა, რომელიც რეჟისორის ჩანაფიქრს აფერადოვნებს და ბოროტებას სმენით გვაგრძნობინებს. თუკი ლუკი ვისკონტი „ღმერთების დაღუპვაში“ ეთიკის გაუქმებას აღბეჭდავს, გლეიზერი პირიქით, ახალი ეთიკის ფორმირების შემზარავ პროცესს გვანახებს.
რეკომენდაცია #2: მედიტაციურ მოგზაურობაში გვეპატიჟება არგენტინელი რეჟისორის ლისანდრო ალონსო უკანასკნელ ნამუშევარში „ევრიკა“ (Eureka), რომლის პრემიერაც ასევე კანის ფესტივალზე შედგა. ფილმის ნახვას კარგი ყურსასმენების ან ხმის სისტემის გარეშე აზრი არ აქვს. მედიტაციურ კინოში გამოსახულება და ხმა თანაბრად მნიშვნელოვანია. ალონსოს ფილმებში ხმაური ხშირად გამოსახულებაზე უფრო მნიშვნელოვანია – რეალობას დასრულებისთვის ხმა ესაჭიროება. ინტელექტუალი რეჟისორები გამოსახულებას აღარ ენდობიან და არც მაყურებელს ატყუებენ. ხმაური ეკრანზე პროეცირებული რეალობის თავისუფალი და ინდივიდუალური აღქმის საშუალებას იძლევა. ეს ტექნიკა ლიტერატურას მოგვაგონებს, რომელშიც მწერალი მხოლოდ ზოგად შტრიხებს აღწერს, საგნების, პეიზაჟებისა თუ გმირების გარეგნობის წარმოსახვა კი მკითხველის გონებაში ხდება. ამ პროცესს სჭირდება სინელე (და სიცარიელე), რასაც ზოგიერთი ასევე მოსაბეზრებლად თვლის. უფრო ვრცლად „ევრიკაზე“ რეჟისორთან ინტერვიუში ვსაუბრობ, რომელსაც აქ გაეცნობით.
რეკომენდაცია #3: მოგზაურობაზეა ფრანგი რეჟისორის ტრან ან უნის „დოდინ ბუფანის ვნება“ (La Passion de Dodin Bouffant), ასევე ჯადოსნურ სამყაროში – კულინარიაში. ფილმის მოქმედება მეცხრამეტე საუკუნეში, გურმანისა და მზარეულის სიყვარულის გარშემო ვითარდება. ამ ისტორიაში საინტერესო ისაა, რომ სიყვარული გასტრონომიის საშუალებით არსებობს – შეყვარებულები გრძნობებსა და ვნებებს საკვების საშუალებით ცვლიან. ისინი არამხოლოდ ერთმანეთს, არამედ გარე სამყაროსთან კავშირსაც სწორედ კულინარიით ამყარებენ. პერსონაჟების გრძნობათა ეკრანიდან გაგება ყოველთვის რთულია. სიყვარული მაყურებლისთვის ინფორმაციაა, რომლის შეგრძნებაც მხოლოდ საკუთარი გამოცდილების გახსენებითაა შესაძლებელი. ტრან ან უნი ჟულიეტ ბინოშისა და ბენუა მაჟიმელის გმირების სიყვარულის შესაგრძნობად მაყურებლის გრძნობის ორგანოებისა და რეცეპტორების გააქტიურებას მიმართავს. კერძების მომზადების პროცესის სკრუპულოზური გადაღების მიზანი ადამიანის მოჯადოებაა. შემთხვევითი ხომ არაა, რომ თანამედროვე კულინარია მაგიიდან მომდინარეობს. ფილმმა პალმა საუკეთესო რეჟისურისთვის დაიმსახურა და საფრანგეთის კინოაკადემიამ ის „ოსკარებზეც“ გააგზავნა (და არა ოქროს პალმის რტოს ლაურეატი). ამ ფილმის მცირე ზომის ეკრანზე ხილვა რამდენად შეინარჩუნებს მაგიურობას არ ვარ დარწმუნებული, თუმცა მისი ნახვა მიზეზ გარეშე ღირს.
რეკომენდაცია #4: ზღაპრულია ბერტრან ბონელოს უკანასკნელი ნამუშევარი „მხეციც“ (La Bête), რომელიც ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენეს და კრიტიკოსთა მაღალი შეფასება დაიმსახურა. ფილმი ეკრანებზე 2024 წლის თებერვალში გამოვა, თუმცა არა საქართველოში. ორი გმირის სიყვარულის შეუძლებლობის ისტორია სამ დროში ვითარდება: 1910, 2014 და 2044 წლებში. ფილმის მიხედვით, მომავალში გრძნობები ადამიანთა მთავარ საფრთხედ იქნება მიჩნეული. მეცნიერები განკურნების გზებსაც გამოიგონებენ, რისთვისაც გენეტიკურ ინჟინერიას მიმართავენ. გაბრიელა, რომელსაც ლეა სედუ თამაშობს, „მკურნალობის“ კურს გადის, მაგრამ სიყვარულისგან საბოლოოდ გათავისუფლებისთვის საჭიროა ყველა წინა ცხოვრებაშიც მსგავსი აქტის განხორციელება. სამ დროში მიმდინარე ამბავი დიდ და პატარა სათქმელებსაც შეიცავს, მაგრამ მთავარი ამ ფილმში სიყვარულის მასშტაბის შეგრძნებაა, რომელიც თურმე არამხოლოდ სიკვდილის შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს, არამედ ის ადამიანის დაბადებამდეც უკვე არსებობს.
რეკომენდაცია #5: უკვდავებაზეა ჩილელი რეჟისორის პაბლო ლარაინის „გრაფი“ (El Conde), რომელსაც საუკეთესო სცენარისთვის ვენეციაში ოქროს ლომი გადაეცა. ამ ფილმმა ჩემი ყურადღება ტრეილერის მუსიკით მიიპყრო. ჰენრი პერსელის ოპერიდან „მეფე არტური“ ზამთრის სულის (გენიის) არიის მუსიკალური მოტივები ფილმის მთლიან პროფილს ქმნის. ოპერაში ძილიდან გაღვიძებული სული მიწაში დაბრუნებას ითხოვს. „გრაფში“ გარდაცვალება და განსვენება არ უწერია ჩილელ დიქტატორ აუგუსტო პინოჩეტს, რომელიც, ფილმის მიხედვით, ვამპირია და საფრანგეთის რევოლუციიდან მოყოლებული დედამიწაზე დაძრწის, რათა იპოვოს ადგილი, სადაც ფეოდალურ წყობას საფრთხე არ დაემუქრებოდა. ასე მიადგება ის ჩილეს და იქ ნეოფეოდალურ ქვეყანას დააფუძნებს. თუმცა პინოჩეტს ცხოვრება მოჰბეზრდება და ეძებს სიკვდილს, რაშიც ხელს ოჯახი უშლის, რომელსაც ქონების დანაწევრებაზე კონსენსუსი არ აქვს.
„გრაფი“ საუკეთესო კომედიაა, რაც კი ბოლო წლებში მინახავს. პოლიტიკური კრიტიკის ასეთი დახვეწილი და ორიგინალური ფორმა კინოში იშვიათია. მისი ნახვისას იულიან რადლმაიერის „სისხლისმსმელები“ (Blutsauger) გამახსენა (აქაც დიდგვაროვნები ვამპირები არიან), რომელშიც მთავარ როლს ქართველი რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე თამაშობს. „გრაფი“ „ნეტფლიქსზეა“ განთავსებული და მისი ნახვა უკვე შესაძლებელია, ამიტომ თუკი ამ ფილმების ხილვას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ყველაზე სასაცილო და ამავდროულად უშავესი კომედიით დაიწყოთ.
გიორგი რაზმაძე