11.02.2022

მოდის და კინოს კომუნიკაცია, მე-20 საუკუნის პირველი ათწლეულებიდან იღებს სტარტს. არაერთი ფილმი შეიქმნა როგორც არტ ჰაუს, ისე მეინსტრიმულ კინოში, სადაც კონკრეტული პერსონაჟის კოსტიუმი თუ სტილი, ფილმის მთავარ იდენტობად იქცა და კინოდან მოდაში  გადაინაცვლა. იგივე წარმატებით,  რამდენიმე პოპულარული მაგალითის მოყვანაც შეგვიძლია, როცა ცალკეული ბრენდის ფილოსოფია და წამყვანი მოტივები ხდება ფილმის მაგისტრალური ხაზი („საუზმე ტიფანისთან“, „ფანჯარა ეზოს მხარეს“, „ეშმაკი ატარებს პრადას“).

1950-60-იანი წლების დასავლურ კინოში ფუნდამენტური ცვლილებები იწყება როგორც თემატური, ისე ვიზუალური თვალსაზრისით. ჰოლივუდის ტექნიკოლორის ეპოქის ფერადოვან კინოსურათებში ცალკეული კოსტიუმი, რეჟისორის, მსახიობის და თავად ფილმის სავიზიტო ბარათად იქცა. ევროპულ კინოში  ამ მხრივ დომინირებს ფრანგული „ახალი ტალღა“ –  მიმდინარეობა, სადაც ახალგაზრდა ავტორები  მჭიდრო კავშირში არიან ეპოქალურ დიზაინერებთან. აქ მოდა მთლიანი ფილმის იმიჯს და სტილს განსაზღვრავს („უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ ჟ.ლ. გოდარი).  

გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან კინოს და მოდის სოციალური გავლენა გაძლიერდა და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება; ეპოქაში, სადაც შანელი, ბალენსიაგა, ივ სენ ლორანი – ახალგაზრდა, დამწყებ რეჟისორებთან თამამ ექსპერიმენტებს არ ერიდებოდნენ. დღეს კინო და მოდა სხვა დროსა და სივრცეში თანაარსებობენ: იქმნება კონკრეტული კოლექციები ცალკეული ფილმების ძლიერი ინსპირაციით და უფრო მეტიც, დიზაინერები ქმნიან ცალკე ხაზს კონკრეტული ფილმისთვის („პერსონალური მყიდველი“ ო. ასაიასი). აღარაფერს ვამბობ, 1990-იან წლებში შექმნილ კინოგმირებზე, რომელთა სამოსი თუ პერსონალური სტილი,  ფილმების გამოსვლის შემდეგ მოდის ახალ ტენდენციად დამკვიდრდა. ნულოვანი წლებიდან საავტორო კინოში მომუშავე კლასიკოსი რეჟისორები (დევიდ ლინჩი) საკუთარ შემოქმედებით მისწრაფებებს მოდის ინდუსტრიაშიც ცდიან, ეს ტენდენცია დღესაც (იორგოს ლანთიმოსი ) წარმატებით გრძელდება.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღემდე რთული სათქმელია სად გადის ზღვარი ფილმს და fashion film-ს შორის. რა ნიშნით უნდა მივანიჭოთ კონკრეტულ ვიზუალურ ნაწარმოებს ან ვიდეო პროდუქტს სტატუსი – fashion. ის, რაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე მრავალი წელია კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, საქართველო მხოლოდ გასულ წელს შეუერთდა და თბილისის მოდის საერთაშორისო კინოფესტივალი 2021 წლის 18 დეკემბერს გაიხსნა.

თბილისის მოდის საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი არასაკონკურსო საპრეზენტაციო გამოშვება თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ფესტივალის პარტნიორები იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, stamba D BLOCK, KOLGA TBILISI PHOTO, At.ge და სარაჯიშვილი.

მსგავსი კონცეფციის, შინაარსის და ფორმატის წამოწყება ქართულ სახელოვნებო სივრცეში ნოვაციაა. ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი სხვადასხვა გამოცდილების, ინტერესების, პროფესიის ადამიანებს აერთიანებს. როგორც ფესტივალის დამფუძნებელი გრიგორი დევეჯიევ ამბობს, მათ მმართველობის ჰორიზონტალური პრინციპი აქვთ და გადაწყვეტილების მიღების თუ ფესტივალზე შემოსული ფილმების სელექციის პროცესში ყველას კონტრიბუცია თანაბრადაა გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, რომ პირველი საფესტივალო არასაკონკურსო გამოშვება, ცოცხალ ფორმატში ჩატარდა.

ამ ყველაფერზე და არა მხოლოდ, წარმოდგენილ ვიდეოინტერვიუში ვრცლად ისაუბრებენ ფესტივალის დამფუძნებელი გრიგორი დევეჯიევ, სამხატვრო ხელმძღვანელი მერაბ ჭუმბურიძე, პროგრამის კოორდინატორები სოფიო ბუჯიაშვილი და სოფიო მაქუინი.

Fashin Film Festival მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მრავალი წელია იმართება. 2019 წელს დაწყებული პროცესი ობიექტური მიზეზების გამო, მხოლოდ 2021 წლის ბოლოს განხორციელდა. თბილისის მოდის საერთაშორისო კინოფესტივალი ვიზუალურ ხელოვნებაში (კინო, მხატვრობა, ვიდეო არტი, დოკუმენტალისტიკა) მომუშავე არტისტებისთვის საკომუნიკაციო სივრცეა, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარების საშუალება საერთაშორისო დონეზე, ამას გარდა გარკვეული თვალსაზრისით საგანმანათლებლო პლატფორმის ფუნქციასაც ითავსებს.

კინო, როგორც მედიუმი, მისი მასშტაბიდან გამომდინარე აუდიტორიასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით დღემდე უპირობო ალტერნატივას წარმოადგენს სახელოვნებო სივრცეში. გარკვეულწილად ეს ყველაფერი მოდაზეც ვრცელდება. მოდას, გაცილებით დიდი აუდიტორია ჰყავს,  ვიდრე საკუთრივ მომხმარებელი.  მაყურებელთან ვიზუალური კომუნიკაციის ეს ორი უნიკალური საწყისი  კი აღნიშნული ფესტივალის მთავარ კონცეპტს წარმოადგენს.

თბილისის მოდის საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი საპრეზენტაციო გამოშვება – საუბარი არტისტებთან

ავტორი: ნენო ქავთარაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top