3 პროდუქტი მზის შემდგომი მოვლისთვის

15.09.2024

ზაფხული შესაძლოა მიიწურა, თუმცა მისი ეფექტი ჩვენს კანზე? – არც ისე. სანაპიროს, ზღვის წყლის, აუზის ქლორისა თუ რუჯის შემდგომ ხშირია დეჰიდრატაციის შეგრძნება, თუ რუჯი აგიჭრელდა, კანი გამოგიშრა, ფერიც აღარაა ერთგვაროვანი და სტრუქტურასაც უჩივი – არ იღელვო, ჩვენ მარტივი გამოსავალი გვაქვს. დღევანდელ სტატიაში #ამარტაგირჩევთ 3 პროდუქტს, რომელიც შენს კანს ბზინვარებასა და ერთგვაროვნებას დაუბრუნებს.

Mizon. შრატი Hyalugen

მზით გაჟღენთილმა მცხუნვარე დღეებმა კარგ მოგონებებთან ერთად, სიმშრალის შეგრძნება დატოვა, არა? მკითხველების დიდი ნაწილი აქერცვლას და არათანაბარ ფერს უჩივის, რისი ერთ-ერთი მხსნელიც – ჰიალურონია. იცოდი რომ ეს მართლა სასწაულებრივი ინგრედიენტი არა მხოლოდ ატენიანებს, არამედ აძლიერებს კანის დამცავ ბარიერსაც?! ასევე, ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნას და კანს მეტად ელასტიურს ხდის. სხვათა შორის, მასზე ალერგიული რეაქციაც თითქმის გამორიცხულია, რადგან ორგანიზმში ეს ინგრედიენტი ბუნებრივად გვხვდება. მოკლედ, თუ დაგაინტერესა, ძალიან საინტერესო შრატით გირჩევთ დაწყებას.

ჰიალუგენის ფორმულა 2-1-ში მოქმედებით აერთიანებს კოლაგენსა და ჰიალურონს, ლიფტინგისა და დატენიანების ეფექტებისთვის. ასევე, შეიცავს ნიაცინამიდს, რომელიც პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო მოქმედებებითაა გამორჩეული, ამიტომ კანის თანაბარი ფერის აღდგენაში იღებს მონაწილეობას.

დამატებით, ფორმულაში შეხვდებით ადენოზინს – ხილული თუ ახალწარმოქმნილი ნაოჭების შესავსებად და ბეტაინს – დისკომფორტის მოსახსნელად. პროდუქტი ნებისმიერი ტიპის კანზე შეგიძლიათ გამოიყენოთ, რა თქმა უნდა, ტონერით გაწმენდის შემდეგ – დამატენიანებლამდე.

Mizon. კოლაგენის ტუჩის ესენცია

ტუჩებზე ჩვენი კანი სხეულის სხვა ნაწილებისგან რადიკალურად განსხვავებულია. მარტივად რომ წარმოიდგინოთ, თუ ზოგადად კანი 16-მდე შრისგან შედგება, ტუჩზე მხოლოდ 3-5 შრეს მოიცავს, რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ აღვიქვამთ სითბოსა თუ სიცივეს გაცილებით მარტივად, ამიტომ ჩანს სისხლძარღვები ვარდისფერი შეფერილობის სახით და ამიტომ საჭიროებს ეს ზონა განსაკუთრებულ მოვლას.

პროდუქტი, რომელზეც დღეს გიყვებით, მხოლოდ კორეულ ბრენდებში გვხვდება. ესენცია იცავს ტუჩს:

  • ფოტოდაბერებისგან
  • გამოშრობისგან
  • ბზინვარების დაკარგვისგან

ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, აქვს SPF15, არ შეიცავს პარაბენებს და სხვა ისეთ ინგრედიენტებს, რომელთა მოხვედრაც ორგანიზმში საფრთხისშემცველია. მოკლედ, მიზონის კოლაგენის ტუჩის ესენცია Must have პროდუქტია.

Missha. Super Aqua

და ბოლოს, არც სახის კანის დამატენიანებელი საცხი უნდა დაგვავიწყდეს. რადგან რუტინა კორეული პროდუქტებით დავაკომპლექტეთ, „მისშა“-ს სუპერ აქუა ხაზზე ვისაუბროთ. ფორმულა, რომლითაც ეს გამაა შექმნილი, სხვადასხვა ზომის, დაბალ, საშუალო და მაღალ მოლეკულურ ჰიალურონს მოიცავს, რაც უზრუნველყოფს კანის ღრმა შრეებში ინგრედიენტების შეწოვას.

საცხის ნაღებისებრი სტრუქტურა ადვილად შეიწოვება, არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას, შესაბამისად, იდეალურია მაკიაჟის ბაზადაც. პროდუქტი კანს ხანგრძლივი დროით ატენიანებს. რეკომენდებულია მისი გამოყენება ნამიან კანზე, რადგან ჰიალურონს წყლის მოლეკულების „შეკავშირების“ მოქმედება ახასიათებს, შესაბამისად, კანს მეტად მბზინავს ხდის.

იმედი გვაქვს, რომ ის, რასაც #ამარტაგირჩევთ თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება. ისიამოვნეთ შემოდგომით და ახალი აღმოჩენებით.

PSP

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

Scroll To Top