BY SHOWSTUDIO
ასი წელიწადი გავიდა, რაც ბრიტანეთში – ისევე, როგორც საქართველოში – ქალებს პირველად მიანიჭეს ხმის მიცემის უფლება. წარსულის სუფრაჟისტების გასახსენებლად და აღსანიშნავად – ეპოქაში, სადაც მათი მიღწევები ხშირად დაუფასებელი რჩება, ლონდონში ილუსტრირებული პორტრეტების ახალი გამოფენა მოეწყო, რომლის მიზანია ფოტოზე გამოსახულ ქალს ძალაუფლება დაუბრუნოს. გამოფენა, რომელსაც ნიკ ნაითის (Nick Knight) SHOWstudio მასპინძლობს და ბეკს კეისი (Bex Cassie) კურირებს, 100 მოდელსა და 55 ხელოვანს აერთიანებს, რომლებიც კეისიმ იდეალურად დააწყვილა. კურატორი და ილუსტრატორი ბეკს კეისი თავად მოგვითხრობს ვრცლად ამ შოუზე, მის მესიჯსა და ქალებზე.
დასაწყისისთვის მინდოდა მეკითხა თუ როგორ დაიბადა ამ გამოფენის იდეა და რა პრინციპით შეარჩიეთ მონაწილე ხელოვანები და ქალები?
როდესაც ახალი რედაქტორი მიმა ვიგლესიო (Mimma Viglezio) ჩვენი გუნდის წევრი გახდა, სამომავლო გამოფენების თემებს განვიხილავდით. გვინდოდა, გაგვეკეთებინა გამოფენა ქალთა უფლებების გაძლიერებასა და ძალმოსილებაზე და გადავწყვიტეთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში ქალთა საარჩევნო უფლების მოპოვების 100 წლის იუბილე იდეალური საწყისი იქნებოდა. მოდელების არჩევა გართულდა, რადგან არჩევანი უამრავ ბრწყინვალე ქალბატონს შორის უნდა გაგვეკეთებინა. თითოეულ მათგანს დავუკავშირდი და როდესაც აარჩიეს თავიანთი ფოტოსურათები, მოდელები ისეთ ხელოვანებთან დავაწყვილე, რომლებიც დარწმუნებული ვიყავი, რომ მაქსიმალურად შეძლებდნენ იდეის გადმოცემას. SHOWstudio-ს ილუსტრატორთა რიცხვი 80-ზე მეტია, ამ პროექტისთვის კი დაახლოებით 55 მათგანთან ვითანამშრომლეთ, ეს ჩვენთვის თანამშრომელთა ყველაზე დიდი რაოდენობაა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტი ჩვენი არსებობის მანძილზე.
ამ თვის დასაწყისში ოპრამ აშშ-ს შუალედურ არჩევნებამდე სიტყვით გამოსვლისას თქვა: „მათ გასაგონად ვამბობ, ვის წინაპარსაც არ ჰქონდა ხმის მიცემის უფლება და ამჟამად გადაწყვიტა, რომ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში … თქვენ ამით შეურაცხყოფთ თქვენი ოჯახის სახელს“. დიდ ბრიტანეთში ქალების მიერ საარჩევნო უფლების მოპოვების ასი წლისთავი პოლიტიკური მღელვარებისა და ძვრების პერიოდს ემთხვევა ამ ქვეყანაში და სხვაგანაც. გამოფენის მომზადების დროს, რამდენად ფიქრობდით პოლიტიკაზე?
ამ გამოფენაში პოლიტიკას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ჩვენი ბრეინსტორმინგის კრება სწორედ #metoo (#მეც) კამპანიას დაემთხვა. ჩვენ ვიგრძენით იმის სჭიროება, რომ რაც არ უნდა გამხდარიყო გამოფენის თემა, ჩვენ წინა პლანზე უნდა წამოგვეწია ქალის როლი მათი უფლებებისა და ძალმოსილების განსამტკიცებლად. ასი წლისთავის აღნიშვნა ერთის მხრივ მნიშვნელოვან ეტაპს აღბეჭდავს, თუმცა მეორეს მხრივ იმის მაჩვენებელია, თუ რაოდენ დიდი გზაა გასავლელი ქალთა თანასწორობის და გაძილერებისთვის ბრძოლაში. ჩემი აზრით, ნამუშევრების მთავარი მიზანია ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერება. ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესებში ქალთა ჩართულობისა და მონაწილეობის ხელშეწყობა. ნამუშევრების კურირების დროს გამუდმებით ვფიქრობდი, რომ ეს ქალები როგორც პირდაპირი გაგებით, ასევე გადატანითი მნიშვნელობით, გვერდში ედგნენ, ალამაზებდნენ და ძალას მატებდნენ ერთმანეთს.
გამოფენისთვის „100 ქალი“ ხელოვანებმა ნამუშევრები მოდელების მიერ შერჩეული ფოტოსურათების მიხედვით შექმნეს. გარკვეულწილად, დღესდღეისობით მოდის ილუსტრაცია იმ წარსული დროის მოგონების და მასში დაბრუნების საშუალებაა, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა ფოტოგრაფია. თუმცა, მას ბევრი რამ შეუძლია ასწავლოს თანამედროვე მოდის ინდუსტრიას. ამ პორტრეტების შემხედვარე, თქვენ, როგორც ილუსტრატორს, თუ მიგაჩნიათ, რომ ხატვით შესაძლებელია მიაღწიო იმას, რასაც ფოტოგრაფიით ვერ მიაღწევ?
ბ.კ.: ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია ნიკ ნაითთან და ვთანხმდებით, რომ ორივე საშუალება იღწვის საერთო მიზნის მიღწევისკენ, თუმცა, განსხვავებული გზებით. გამორჩეული მოდის ფოტოგრაფიის შესაქმნელად სრულყოფილად უნდა იქნას წარმოჩენილი ყველა ელემენტი: ტანსაცმელი, მოდელი, თმის ვარცხნილობა, მაკიაჟი; და შემდეგ უნდა გამოიკვეთოს ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გამოწვევას რომელსაც ილუსტრირებისას ვაწყდებით, ესაა ყველაფრის ნახვა და არაფრიდან დაწყება; პირდაპირი გაგებით – ცარიელი ფურცლიდან. თუმცა მიზანი ერთი და იგივეა, მოკლედ და სრულად გადმოსცე გარეგნობის შემადგენელი ნაწილების ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები, ყველაზე ლამაზი და ლაკონური გზით. ორივე მეთოდი ცდილობს არა ზუსტად ასახოს სამოსი, არამედ გამოაჩინოს ამ სამოსით გამოწვეული ემოცია.
ს.ბ.: 100 მოდელის არჩევა, რომელიც წარმოადგენს 100 ქალს, შეიძლება მოგვეჩვენოს ერთგვარ შეზღუდვად – სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ სწორედ მოდელები არიან ის ადამიანები, რომელთაც ყველაზე ნაკლებად აქვთ საშუალება გააკონტროლონ თუ როგორ წარმოაჩენენ მათ, ადამიანთა შორის ყველაზე მეტად სწორედ მოდელებს ექცევიან ისე, თითქოს ნივთები არიან. გამოფენის მიზანია მათთვის ძალისა და კონტროლის დაბრუნება, რაც დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია. რა იყო ყველაზე საინტერესო, ან უცნაური მიზეზი, რამაც მათი არჩევანი განაპირობა?
ისტორიულად, ქალებისთვის რთულია გააკონტროლონ თუ რას იფიქრებს და როგორ წარმოაჩენს მათ საზოგადოება, განსაკუთრებით კი მოდის ინდუსტრიაში. მოდელებს აცმევენ, სტილს ურჩევენ და მაკიაჟს უკეთებენ ხშირად მხოლოდ იმის მიხედვით, თუ როგორ წარმოუდგენია ეს ფოტოგრაფს. ამ გამოფენაში ჩვენ გვინდოდა საშუალება მიგვეცა თავად მოდელებისთვის, ეთქვათ თავიანთი სათქმელი ქალთა უფლებების გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ მივიღეთ საკმაოდ დამაჯერებელი პასუხი. ალისა საზერლენდმა (Alyssa Sutherland) მოდის ინდუსტრიას ფარდა ახადა და აღიარა: „სიმართლე გითხრათ, მოდის ინდუსტრიასთან სიახლოვის გამო არაერთი განსაცდელი გამოვიარე. როგორც ახალგაზრდა მოდელმა, ვუძლებდი ბულინგს აგენტებისგან, სექსუალურ ძალადობას ფოტოგრაფებისგან, მაიძულებდნენ ისეთ გადაღებებში მონაწილეობას, რისი წინააღმდეგიც ვიყავი, ხშირად გავმხდარვარ ფინანსური მოტყუების მსხვერპლი სააგენტოების მხრიდან“. მისთვის ქალის სიძლიერის გამოხატვის საშუალება გახდა უბრალოდ ჯინსებისა და მაისურის ტარება, რომელიც აირჩია არა თავდაცვისთვის, არამედ კომფორტისა და პრაქტიკულობის თვალსაზრისით, როდესაც ის პირველად დაესწრო ფრენის გაკვეთილს.
მშვენიერმა მოდელმა, ჰალიმა ადენმა (Halima Aden) ქალის სიძლიერე ყველაზე მეტად მარიო სორენტისთან ხიჯაბში მისი პირველი ყდის გადაღების დროს იგრძნო: „ცხოვრებაში პირველად გავაანალიზე, რომ ადამიანს შეუძლია იყოს მოკრძალებული და ამავდროულად დაიმკვიდროს ადგილი მაღალი მოდის სამყაროში“. შესანიშნავი იყო ის მრავალფეროვნება, რაც მივიღეთ, ხოლო მათი დათვალიერებით ცხადი იყო, რომ თითოეულმა მოდელმა დიდხანს და ფრთხილად იფიქრა იმაზე, თუ რა ანიჭებდა სინამდვილეში ძალას. ციტატები და გარეგნობები თითოეულ შემთხვევაში ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო. ამან კიდევ უფრო ნათლად აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დავამსხვრიოთ ქალური ნიშნების გამოხატულების სოციალურად განპირობებული სტერეოტიპები და მივცეთ თითოეულ ქალს საკუთარი ინდივიდუალურობის გამოვლენის საშუალება.
ასევე მომწონს, რომ ბევრმა მოდელმა, მაგალითად ჯესიკა მილერმა (Jessica Miller), სლიქ ვუდსმა (Slick Woods), კლაუდია შიფერმა (Claudia Schiffer) აირჩიეს ფოტოები, სადაც მათი შიშველი სხეულებია გადაღებული, ხოლო ჯოან სმოლსმა (Joan Smalls), კალი უჩისმა (Kali Uchis) – ფოტოები, სადაც ისინი ქალის თეთრეულში გამოჩნდნენ. ცხადია, მოდას შეუძლია ძალის მონიჭება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარ კანში კარგად გრძნობდე თავს. ან როგორც ადვა აბა (Adwoa Aboah) ამბობს: „ჩაცმა მიყვარს, მაგრამ მთავარია შინაგანად როგორ ვგრძნობ თავს“. თქვენი აზრით, როგორ ასახავს ეს ნახატები მოდელების გრძნობებს და არა მათ გარეგნობას?
ბ.კ.: ნამუშევრების შეკვეთისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო თითოეული ხელოვანისთვის ერთდროულად მიგვეწოდებინა მოდელის ციტატა და მათ მიერ არჩეული ფოტოსურათი. მინდოდა მხატვარი მიმხვდარიყო იმ ემოციურ კავშირს, რომელიც მოდელებს ჰქონდათ გარეგნულ გამოსახვასა და იმ დროისათვის მათთვის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის და თუ როგორ აისახებოდა ეს გარეგნულად. მე მოდელები იმ მხატვრებთან დავაწყვილე, რომლებიც შეძლებდნენ მათი ხასიათის ამოცნობას და შესაბამისად მათი პიროვნული თავისებების წარმოჩენას. გარეგნობა მნიშვნელოვანია, თუმცა როგორც აღნიშნეთ, ნამდვილი ხელოვნების ნიმუში მხატვრის მიერ მოდელის გრძნობების საინტერესოდ ინტერპრეტირებაა.
ალისა საზერლენდის (Alyssa Sutherland) იმედგაცრუება მოდის ინდუსტრიასთან მიმართებაში სამწუხაროდ არ არის ერთეული შემთხვევა. თუმცა აქტიურ მოდელთა მრავალფეროვნება სასიამოვნო მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ შეიცვალა მოდის ინდუსტრია უკანასკნელ წლებში, რაც განაპირობა ისეთი აქტივისტების საქმიანობამ, როგორიცაა ადვა (Adwoa Aboah). თუმცა ქალთა თანასწორობის კუთხით კიდევ ბევრი რამ არის გააკეთებელი. როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამჟამად მოდის ინდუსტრიის მიმართ?
მივიჩნევ, მოდის ინდუსტრიამ, და ზოგადად საზოგადოებამ, პროგრესი განიცადა; თუმცა როგორც ყველა საკვანძო მოვლენისას, დროა დაფიქრდე თუ სადამდე მოხვედი და კიდევ რამხელა გზა გაქვს გასავლელი. ვფიქრობ, მოდის ინდუსტრია წინა ფრონტზე იბრძვის მრავალფეროვნებისა და ცვლილებებისთვის. არსებობს საჭიროება ისეთი პიონერი იმიჯმეიკერი ადამიანებისა, როგორიცაა ნიკ ნაითი (Nick Knight), რათა მათ გაუკვალონ გზა უფრო ყოვლისმომცველ მოდის ინდუსტრიას, რასაც ნაითი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში აკეთებს. მაგალითისთვის ეიმი მულინსის (Aimee Mullins) Fashion Able ისტორია ავიღოთ, ჟურნალში Dazed: მულინსმა ეს ფოტო აარჩია, სადაც თავს ძლიერად გრძნობს, შეუდარებელმა პეტრა ლუნენბურგმა (Petra Lunenburg) კი ეს მომენტი ილუსტრაციით ასახა.
ყველაზე მეტად მომწონს ავენგ ჩუოლის (Aweng Chuol) პორტრეტი, One Eye Girl-ის მიერ დახატული ორსული ბეჰატი პრინსლუ (Behati Prinsloo) და ემა ლარსონის (Emma Larsson) მიერ აკვარელით დახატული საფრონ ვადერი (Saffron Vadher). ვიცი რთული შეკითხვაა, თუმცა აუცილებლად უნდა გკითხოთ: რომელიმე ნამუშევარს თუ ანიჭებთ უპირატესობას, ან თუ არის რომელიმე თქვენთვის გამორჩეული?
უღრმესი მადლობა! ძალიან რთული შეკითხვაა, რადგან ყველა ნამუშევარი მიყვარს, თუმცა ჩემი აზრით, ჯენიფერ ქორკერის (Jennifer Corker) ნაქარგი რკალი ბუმბულებით ნამდვილად გამორჩეულია. მას ტრადიციული სამოდელო ილუსტრაცია სულ სხვა საფეხურზე აჰყავს და წინ უსწრებს ილუსტრირების ჩვენებურ გაგებას. ნამუშევრის ინსპირაცია ჯაქ იაგაცაკის (Jac Jagaciak) მიერ შერჩეული ფოტო გახლავთ, Alexander McQueen-ის 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებიდან. ქორკერმა ყველა ნამუშევარი გამჭვირვალე აბრეშუმისგან შექმნა და უარყო წარმოდგენა, რომ აბრეშუმი სისუსტესა და მსხვრევადობასთან ასოცირდება. მასალა შეგნებულად შეირჩა და გამოყენებული იყო შემდეგი მიზნით – შეწინააღმდეგებოდა ქალების სუსტ არსებებად აღქმას, სანაცვლოდ კი ეჩვენებინა, რომ მათ შეუძლიათ ერთდროულად იყვნენ ძლიერები და ლამაზები. ეს გამჭვირვალე მასალა შეგიძლიათ ორივე მხრიდან ნახოთ, თითოეულ მხარეს კი მეტ და მეტ დაფარულ დეტალს იპოვით, რომელთა აღმოჩენაც ერთი შეხედვით შეუძლებელია. ქორკერმა პარალელი გაავლო იაგაცაკის შეხედულებასთან, რომ კაბა ხელოვნების, მოდისა და ხელობის იდეალური ნაზავია – რაც ნამუშევარში აისახება არაჩვეულებრივად შესრულებული სათევზაო კაუჭებით, ბუმბულებითა და ხელით ნაქარგით; ცენტრში ფენიქსის გამოსახვით – რომელიც ხელახლა დაბადებას ნიშნავს, და ზეიმობს ქალებს. ეს ნამუშევარი ზუსტად გამოხატავს იმ განსხვავებას, რომელიც თანამედროვე და ტრადიციული მოდის ილუსტრაციას შორის არსებობს. ნამუშევარი, როგორც SHOWstudio, მიღებულ ნორმებს ებრძვის და კვეთს საზღვრებს ყველაზე ლამაზი და განსხვავებული გზით.
სილვია ბომბარდინი