მედუზა სტიქსის ნაპირებიდან

©ZAQARIA CHELIDZE

ლევან სონღულაშვილი  „შავ-თეთრად მოაზროვნე“ თანამედროვე მხატვარია.

ოკეანისგაღმა ნასწავლი და თავისი კბილა არტისტებისაგან უჩვეულოდ სერიოზულიც, მიზანსწრაფულიცა და მოწესრიგებულიც.

წარმატებას  მოწყურებული თანამედროვე არტისტი  „თვითდიზაინის“ ტექნოლოგიებსაც მოხერხებულად ფლობს.

იცის, რომ მთელი დღევანდელი „სელებრითი კულტურა“ წინასწარ გათვლილსა და დაგეგმილ თვითმხილებებსა და „აღსარებებზე“ უნდა იყოს აწყობილი.

და ამ „აღსარებებს“ უკვე რახანია გვიპატაკებს კიდეც აწ უკვე ხელოვნების მაგისტრის მანტიით მოსილი.

ეტყობა, ლევან სონღულაშვილმა უკვე ისიც იცის, რომ ნამუშევრის არტეფაქტზე, მის ესთეტიკურ ღირებულებაზე არანაკლები ფასი აქვს მის კონცეპტუალურ სარჩულს, იმ სააზროვნო შრეს, რომლის მოდელირებასაც არანაკლებ დროს ახარჯავს ეს ენერგიული ,ახალგაზრდა არტისტი.

PRIAPEIA (SKETCH) / INK ON PAPER, 2015

ღამის კაცის შთაბეჭდილებასაც ტოვებს ლევან სონღულაშვილი.

აკი თავადაც გვეუბნება: 

„დღისით არ ვხატავ. დილის სინათლე ხელს მიშლის შინაგანი ნათების პოვნაში. მეტიც, დღე კაცობრიობის ბნელ ლაქას წარმოაჩენს, როგორც დათოვლილი მიწა გავლილი არსების ნაკვალევს. ღამით კი, როცა ცა შავად შეიღებება, ვარსკვლავი კი თეთრად აციმციმდება, უსასრულობის ნაწილი ვხდები, სადაც მისტიურ ნათელს ვპოულობ  და მაშინ იწყება პროცესი, რომელსაც შემოქმედებითს ვუწოდებ. თეთრს ვერ ვპოულობ, თეთრი ჩემშია. იგი აბსოლუტური სინათლის ფერია, ყველა ფერის გამაერთიანებელი, უმანკოების, ჭეშმარიტების, მშვიდობისა და ღვთიურობის სიმბოლო. მე კი მედუზა ვარ, სინათლე, მდინარე სტიქსის მდუმარებასა და ოკეანურ წყვდიადში“.

თეთრი და შავი ფერებით ოპერირება მხატვრის „ფერიმჭამელებზეც“ შეიძლება მეტყველებდეს და მის ალტერნატიულ ქრომატულ მგრძნობელობაზეც.

მთავარი ისაა, რომ თეთრი და შავი, როგორც ასეთი,  ლევანის „პარაფერწერაში“ ამხელს ძირეულ სოციალურ, ანთროპოლოგიურ, რიტუალურსა და გნებავთ, იდეოლოგიურ ანტითეზას: სიკეთე – უკეთურება; სიწმინდე – უწმინდურება; ბედი – უბედობა; ბედნიერება – უბედურება; სიცოცხლე – სიკვდილი; ჯანმრთელობა – ავადობა.

©ZAQARIA CHELIDZE

სხვათა შორის, თეთრად და შავად ყოფნაც საინტერესო სიმპტომებია.

იყო თეთრი – ნიშნავს იყო თანასწორი ცოცხლებთანაც და მკვდრებთანაც.

ხოლო იყო ამგვარ „სწორ“ მიმართებებში, ნიშნავს იყო ჯანმრთელი; სიავეს არ უქადნიდე სხვას. 

ასეთი ადამიანი არასოდეს იწვევს ჩვენში მრისხანებას, შურით არ განგვაწყობს. მოკლედ, თეთრის მსახველ-მხატველი  ნეიტრალობის მატარებელი სუბიექტია.

კეთილგანწყობა, რომელსაც ასეთი უფერო (და არა უფერული) სურათების სითეთრე იწვევს სხვაში, რაღაც მიმტევებელ ჟესტსაც გვკარნახობს.

ასეთი სითეთრე ერთგვარ კორპორატიულ მორალსაც ეფუძნება. მორალს, რომელიც ყველას ერთად მიგვიყვანს თუნდაც სტიქსის ნაპირამდე.

აი, ნაპირი ვახსენე და ლევანის მხატვრობა თავისებურ მიჯნებსაც გულისხმობს. თეთრისა და შავის ანტითეზა სიცოცხლის დროის გადალახვისა და სიკვდილის „მარადისობასთან“ მიახლების მისტერიასაც უნდა გვამცნობდეს.

ლევანის სურათებში გადა-სვლის თავისებური რიტუალური აქტებია დასადგურებული თითქოს  მისი  კოლექტიური პერსონაჟებიც ლიმინარული პერსონები არიან. გადა-მსვლელი, გადა-მფრინველი თუ გადა-მცურავი  პერსონები.

თავისებურ ახლადმოზიარე პერსონაჟებადაც მესახებიან ისინი და ინიციაციის პროცესში ჩაფლულ-ჩაძირულ არსებებადაც.

ლევანი ურთიერთობის – შეხვედრის, განშორების, დაცილების, პოვნის, დაკარგვის თავისებურ ნარატივსაც გვთავაზობს. ადამიანური (თუ მეტაადამიანური) კომუნიტასის მოდელირებას ცდილობს.

ამ მოდელში მისტიკური თავისუფლება, უშურველობა და სპირიტუალური „სიბეცეც“  მისახვედრია და  სუსტის, მიუსაფარისა და უმწეოს ძალაუფლებაც.

ამ გაგებით, ეს ციკლები თითქოსდა  მხატვრის ავტოპორტრეტებიცაა.

სხვათაშორის, ფერწერული „სიღარიბეც“ რაღაც ფრანცისკანულ ნოტაზე განგვაწყობს.

ტრუბადურების მანერით თუ ვიტყვით, ესაა სამყარო – დასახლებული „ქალბატონი (და ვაჟბატონი) სიღარიბეებით; მოარული სიღარიბეებით“.

ნაცრისფერია მათი გაბატონებული სიღარიბის სიმბოლო.

მხატვარსაც საკმაოდ უფიქრია ამ თავის „საბედისწერო“ უფერობაზე:

„ჩემთვის თეთრი, შავი და მათი მეტამორფოზა – ნაცრისფერი, ქმნიან ფერის კონცეპტუალურ იდეას, როცა ტონი თუ ნახევარტონი  სურათის ფაქტურასთან ერთად, მეტაფორად იქცევა. როცა სააზროვნო სივრცე ქრება, გაშიშვლებული აზრი პორნოგრაფიაა. თეთრი, როგორც უფერო ფერი, ერთგვარი არა რაა, აბსოლუტური სინათლე და სულიერი საწყისების სიმბოლო. იგი ფერთა გამაერთიანებელია.გოეთეს აზრით, შავის საპირისპიროდ, თეთრში იბადება დანარჩენი ფერები.იგი ამბობდა: „ყველა ფერს თავისი ხასიათი აქვს და თუ ადამიანი კარგად დაუკვირდება ფერთა ჩანაფიქრს, მის წინ გადაიშლება მთელი გრძნობათა სამყარო“.

ლევან სონღულაშვილი ხატავს თვითკმარ სამყაროს, შავ-თეთრ სამყაროს, რომელიც ჩვენს ჩაურევლადაც სამყაროობს.

ამ სამყაროში სიცილი არ იციან…

სამყაროს, რომელიც „ელიტარული“ გაუცხოებით გამოხატავს ადამიანური ყოფის უნივერსალიებს: სხეულებრივ პრაქტიკასაც ეხმიანება და გონებაჭვრეტით სწრაფვასაც ეპასუხება.სიცივესაც მოერევა, შიმშილსაც გადაგვალახინებს, შიშსაც და ცახცახსაც გადაგვატანინებს და ტანისეულ გამოცდილებად შემოგვიტოვებს, სხეულის ენად გვიქცევს, დამაშვრალი და დათრგუნული სხეულის ენად.

THE NUN / INK,  ACRYLIC, PENSIL ON PAPER, 2012 / 70 X 87.02 CM

 „თეთრი ფერის კონცეპტუალური ბუნება, როცა თითქოს შთანთქავს და ანეიტრალებს სხვა დანარჩენ ფერებს და სიცარიელედ, სიჩუმედ და ჯამში, სიკვდილის სიმბოლოდ გარდაისახება, კინემატოგრაფიაშიც გვევლინება ხოლმე. მაგალითად, დეიმონ ლინდელოფისა და ტომ პეროტას ბოლოდროინდელ ნამუშევარში, „მიტოვებულებში“ (The Leftovers),  თეთრი ფერის ორმაგი სახე სიუჟეტში მნიშვნელოვან სიმბოლურ დატვირთვას იძენს. თეთრი,  როგორც ტერორი და სიცარიელე, სითეთრიდან  გაუჩინარებული კაცობრიობის ნაწილი და სითეთრეში ტრანსფორმირებული ადამიანთა მასა. სამყაროს ბნელ ფერადოვნებას გამიჯნული, თეთრად შემოსილი, უტყვი, მწეველი საზოგადოება„ცოდვის ნარჩენები“, რომლებიც ქაღალდზე დაწერილი ტექსტით, „ლიტურგიული თამბაქოს“ თეთრსავე კვამლში გახვეულნი ეკონტაქტებიან გარე სამყაროს. თეთრად გადაღებილი მონასტრის ინტერიერიც სიცარიელესა და სირბილეს გამოხატავს. „ცოდვის ნარჩენების“ ლტოლვა თეთრი ფერისადმი მათივე პასიურობით აიხსნება. ცხვრებივით დაიარებიან და სდუმან, რათა დუმილში განცდილ ჭეშმარიტებას ეზიარონ და მუდამ ახსოვდეთ. სითეთრე ერთდროულად ამ ინდივიდთა არარსებობასა და ყოფნას ასახავს, რაობასა და არარაობას. მიჩნეულია, რომ თეთრი ფერის მოყვარული ადამიანი გულწრფელი, გაწონასწორებული და მორჩილია. „ცოდვის ნარჩენებისთვის“ კი ეს ერთგვარად ტერორის, პროტესტისა და გლოვის სახეა. დასავლურისგან განსხვავებით, აღმოსავლურ კულტურაში ეს ფერი სწორედ სიკვდილთან და გლოვასთანაა კავშირში“.

ფერი და არა-ფერი, რაობა და არა-რაობა, ყოფნა და არ-ყოფნა (თუნდაც არად-ყოფნა) – აი, ლევან სონღულაშვილისეული თეთრი მისტერიების წითელი ხაზი.

არადა, არც ეს წითელი და არც ეს ხაზი მის ნამუშევრებში ჯერაც არ ჩანს,  არ გამოსჭვივის.

კაცმა არ იცის, როდის და როგორ გადალახავს ლევანი ამ თავის  მშვენივრად ახირებულ სითეთრესა და „უფერულობას“; ანდა,  იქნებ  ამ სითეთრ-სიშავისა და მათი განაცრისფერების ახალმა ესთეტიკურმა ეპიდემიამაც უწიოს თავადაც მედუზად ქცეულ არტისტს სტიქსის ნაპირებიდან და ასე დაუსრულებლად გადაა(ვა)დებინოს სამყაროს „უთვალავი ფერით“ მოხელთების ნება, ცოტათი მაინც დააძლევინოს აღუვსებელი საწყაული მის პოსტრომანტიკულ სულსა და გონებას რომ მოსდებია….

P.S. „მობი დიკი“  ჩემი არ იყოს, ლევანის საყვარელი წიგნიც ყოფილა;

ჰოდა, მელვილთან ვკითხულობთო – „თეთრი ფერის მაგიური ძალის საიდუმლოს ახლაც ვერ ჩავწვდებით და ვერ შევიტყობთ, რატომ მოქმედებს ის ასე ჩვენს სულებზე“;

 „ანდა, იქნებ ყოველივე იმის ბრალია, რომ თეთრი ფერი არსებითად ფერი კი არ არის, თვალხილული უფერობაა და ამიტომაცაა ასეთი უტყვიც და ასე მრავალმნიშვნელოვანიც თოვლით დაფარული დიდი სივრცე – ათეიზმის ნაირფეროვანი უფერულობა, რასაც ასე გავურბივართ?“

დავით ანდრიაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top