ვახტანგ ფხაკაძე

ემოციებად ქცეული ბიზნესი

©GEORGE KOLBAIA

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, საქართველო და მისი დედაქალაქი  თბილისი სულ უფრო მიმზიდველი   ხდება კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და მათთან ერთად, ტურისტებისთვის. კანონზომიერია, რომ დეპრესიის, ანუ თვითშეცნობის პერიოდში გაკეთებული აღმოჩენები შთაგონების წყაროდ იქცევა ხოლმე. საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ბნელი და ცივი 90-იანების შემდეგ,  როდესაც ადამიანებმა სხვა ქვეყანაში,  დაკარგულ ტერიტორიებთან და სამოქალაქო ომთან ერთად გაიღვიძეს,  აუცილებლად უნდა დამდგარიყო შემოქმედებითი აფეთქების ეტაპი.  სწორედ ამის ილუსტრირებაა დემნა გვასალიას და მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვედრილი ქართული მოდის ფენომენი,  აღორძინებული ღამის ცხოვრება (რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის ბერლინსაც კი უწოდებენ), „მკვდრეთით აღმდგარი“ ქართული კინო ინოვატორი ქალი რეჟისორები და მრავალი სხვა. დროთა განმავლობაში, თბილისმა   რეგიონული ცენტრის სახელი დაიბრუნა და არა ერთი მიმართულებით სფეროს განვითარების პიონერადაც იქცა. ცხადია, ამ პროცესს ყოველთვის თავისი შემოქმედები ჰყავს – ხელოვანები, ბიზნესმენები, დარგის სპეციალისტები.  ადამიანი, რომლის შესახებაც დღეს მოგიყვებით, პოსტსაბჭოთა საქართველოში წარმატების მიღწევის ერთგვარი მაგალითია. სხვა საქმიანობის პარალელურად, მის პორტფოლიოში ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც არა მარტო თბილისისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის სიახლეს წარმოადგენს. 

გაიცანით ვახტანგ ფხაკაძე, საქართველოში ნიშური პარფიუმერიის პირველი ბუტიკის „არომატეკას“ დამფუძნებელი.

„ჩვენ ვყიდით სუნამოს, თავის მოვლის საშუალებას, კიდევ ბევრ რამეს, მაგრამ რეალურად, ჩვენ ვყიდით არა პროდუქტს, არამედ ემოციას. სწორედ ამიტომ, ისტორია გადამწყვეტ როლს ასრულებს ბრენდის წარმატებაში. ადამიანებს გვიყვარს ისტორიები.“

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში არა ერთი წარმატებული ბრენდის (როგორც ნიშური, ასევე მასობრივი წარმოების – ამ შემთხვევაში მაღაზიათა ქსელ „ლუტეცია“-ს ვგულისხმობთ) ოფიციალური წარმომადგენელია, მისი საყვარელი ისტორიის შემქმნელის პროდუქცია სწორედ „არომატეკაში“ მოიპოვება. როგორც იხსენებს, By Kilian-ის ამბის მოსმენამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მფლობელის მიერ, კომპანიის დაარსებიდან სულ რაღაც ათ წელიწადში,  ბრენდის  120 მილიონ ევროდ გაყიდვასაც სწორედ მის ისტორიას უკავშირებს:

 „ხომ იცი ეს ამბავი? კილიანი ჰენესების სახელგანთქმული ოჯახის წარმომადგენელია, რომელმაც მთელი ბავშვობა  კონიაკის მარნებში გაატარა. მისი ყურადღება მიიქცია კონიაკის ბოთლებში სასმელის დონის კლებამ. როგორც ბაბუამ აუხსნა, ჭურჭლიდან აორთქლებული ალკოჰოლის მცირე რაოდენობას „ანგელოზის წილს“ ეძახდნენ. სწორედ ამ ამბის შთაგონებით, წლების შემდეგ, კილიანმა შექმნა საკუთარი სუნამოები, რომელთა შეფუთვაც 50 მილიგრამზე მეტი არასდროსაა. „ანგელოზის წილის“ მოპოვება ხომ ურთულესი პროცესია, ამიტომაც დიდი რაოდენობით ვერ იარსებებს.“

ვახტანგ ფხაკაძის  ისტორია „არომატეკამდე“ ბევრად ადრე, 80-იანი წლებიდან იწყება, როდესაც მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულს არ სურდა ზესტაფონში დაბრუნება და ბაბუის მსგავსად, სკოლის დირექტორად მუშაობა. „პერესტროიკის პერიოდი იყო, ყველანი რაღაცის შეცვლას ვცდილობდით. გამიმართლა, რომ სწავლის პერიოდში ჩემი სამეგობრო წრე გავიცანი. მათი უდიდესი დამსახურებაა, რასაც დღემდე მივაღწიე“. ვახტანგ ფხაკაძე  იხსენებს პერიოდს, როდესაც მეგობრებთან ერთად  ყველაფრის კეთებას ცდილობდა, ოღონდ საარსებო წყარო ეშოვნა. „ერთი სიტყვით, ბიზნესი იძულებით დავიწყეთ. ისეთი დრო იყო, ქვა რომ გაგეხვრიტა და გულსაკიდი გაგეკეთებინა, ამასაც გაყიდდი“.   პლასტმასის წარმოებიდან ფეხის საწმენდ ხალიჩებამდე, ყველაფერში სცადეს ბედი. პარფიუმერული ბიზნესიც თავდაპირველად არა სფეროსადმი ინტერესით, არამედ შემოსავლის დამატებითი წყაროს პოვნის მიზნით წამოიწყეს. 80-იანების ბოლოს მეგობრებმა კრედიტის აღება მოახერხეს, რაც იმ პერიოდში ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ასე დაიწყეს ქართულ ბაზარზე იაფფასიანი პარფიუმერიის შემოტანა. შემდეგი ნაბიჯი ბევრად ამბიციური აღმოჩნდა.  საკუთარი სუნამოს ჩამოსხმა გადაწყვიტეს, რომელიც Dior-ის Poison-ის მოდელზე ააწყვეს. პროდუქციას მართლაც საფრანგეთში აწარმოებდნენ, ბოთლები და შეფუთვა ესპანეთსა და იტალიაში მზადდებოდა, რეალიზაცია კი ქართულ და რუსულ ბაზრებზე ხდებოდა.

 „გავედით ე.წ. „ცხვირებზე“, როგორც მათ ახლა მოიხსენიებენ. პროდუქტი არომატით და ვიზუალით ძალიან მივამსგავსეთ Poison-ს, რადგან იმ დროს ეს სუნამო დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დიდი ასოებით ეწერა Made in France. მარკეტინგზე წარმოდგენა არ გვქონდა, მაგრამ ინტუიციით მივხვდით, რომ ეს სვლა იმუშავებდა.” ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ, სანამ ერთხელაც მოსკოვში,  400.000 დოლარის ღირებულების პროდუქცია  მინუს 30 გრადუსიანი ყინვიდან  პლიუს 25 გრადუსიან სითბოში შეიტანეს და ბოთლების უმეტესობა ტემპერატურის კონტრასტის გამო დასკდა. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ველოსიპედის გამოგონებას, უკვე არსებული წარმატებული ბრენდების ბაზარზე შემოყვანა აჯობებდა.

მალევე, საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე „ფრანგული სუნამოს სახლი“ გახსნეს, რომელმაც 90-იანი წლების ქართველ მომხმარებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. Salvador Dali-ს, Nina Ricci-სა და კიდევ რამდენიმე სახელგანთქმული მწარმოებლის ოფიციალური კუთხე ბრენდირებული ავეჯითა და  ბუტიკის ატმოსფეროთი სრულიად ახალი სიტყვა იყო.  ასე დაიწყო ვახტანგ ფხაკაძის ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობა  პარფიუმერიის სამყაროში.

ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარფიუმერული ქსელის  „ლუტეციას“ შექმნისა და „ივ როშეს“ ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ, ნიშური პარფიუმერიით დაინტერესდა, რაც მისივე თქმით, ღმერთის მიერ საჭირო მომენტში გამოგზავნილი ადამიანის დამსახურებაა.

სწორედ მაშინ, როდესაც სასტუმრო „ამბასადორის“ მფლობელმა და მისმა მეგობარმა სასტუმროს ლობიში  რაიმე მიმზიდველი კუთხის გაკეთება სთხოვა, მისმა ახლობელმა დნეპროპეტროვსკში პირველი „არომატეკა“ გახსნა. „წარმოშობით უკრაინელია, თუმცა სოხუმში დაიბადა და გაიზარდა, ამიტომ საქართველოსთან განსაკუთრებულად თბილი ემოციები აკავშირებს. თბილისში ბიზნესის ერთად დაწყება შემომთავაზა და სწორედ ასე დაიბადა „არომატეკა“. სამწუხაროდ, ოჯახური მიზეზების გამო შუა გზაში საქმისათვის თავის მინებება მოუწია და მარტო დავრჩი. თუმცა უკვე ვიცოდი, რომ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანდი“. როგორც იხსენებს, გარკვეული ნიადაგი „ლუტეციას“  ბაზაზე ისედაც მოსინჯული ჰქონდა. მომხმარებელი ხშირად ითხოვდა ნიშურ პარფიუმერიას , რასაც მისი თანამშრომლები მუდმივად ინიშნავდნენ და ბოლოს მივიდნენ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ბაზარზე ჯერ კიდევ ასათვისებელი ნიშა არსებობდა. თუმცა, ბევრი სხვა ბიზნესისგან განსხვავებით, „არომატეკა“ პირველ რიგში საკუთარი სიამოვნებისთვის გახსნა.  „ვერც წარმოვიდგენდი, რომ ქართველი მომხმარებელი ამხელა თანხას გადაიხდიდა სუნამოში. მაგრამ იცი რამ იმუშავა? ჩვენთან ფასდაკლებები არ არის. ძალიან ბევრი ადამიანი „არომატეკაში“ საჩუქრის შესაძენად მოდის და როგორც ჩანს, ჩვენი პროდუქცია უკვე სტატუსის მაჩვენებელია.“

მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად, ალბათ ყველაზე კარგად იცის თავისი სფეროს ქართველი მომხმარებლის მახასიათებლები. ვთანხმდებით, რომ ჩვენთან ორი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორი მუშაობს: ერთი მხრივ, ერთბაშად ვიცით ტენდენციების ატაცება, მეორე მხრივ კი ვერაფრით ვთმობთ ექსკლუზიურობას. ახსოვს, როდესაც „არომატეკის“ გახსნაზე ერთმა ქალმა  ხუმრობით უსაყვედურა კიდეც, ნიშურ ბრენდებს ადრე მხოლოდ მე მოვიხმარდი, ახლა კი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებაო. თუმცა, ამ ბიზნესის შემთხვევაში, ექსკლუზიურობა კვლავ შენარჩუნდა, რადგან  მასობრივ ბრენდებთან შედარებით ეს პროდუქცია მცირე რაოდენობით შემოდის, ამ ყველაფერს კი სტატუსიც დაემატა.

სწორედ ქართველების ინდივიდუალიზმისადმი სიყვარულით,  ბაზარზე კიდევ ერთი ნიშური ბრენდი  Jo Malone შემოიყვანა, რომელიც ბ-ნი ვახტანგის თქმით, მისი ნაბოლარა შვილი და საყვარელი ექსპერიმენტია: „ძალიან საინტერესო მარკეტინგული გათვლა აქვთ. წარმოიდგინე, ტიპური ნიშური ბრენდია, რომელიც საფასო კატეგორიით დიორსა და შანელსაც „ნერვებს უშლის“, ანუ მომხმარებელს ეგოსაც ფხანს, მაგრამ ამასთანავე, მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომიცაა. რაც მთავარია, Jo Malone-ის მთავარი ხიბლი მისი კონცეფციაა – 60 სახეობის არომატი ისეა შექმნილი, რომ ნებისმიერი მათგანის კომბინაცია უნიკალურ თაიგულს წარმოშობს.  თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე სუნამო შეიძინოთ და თქვენი პირადი ნაზავი შექმნათ“. თუკი ამ ექსპერიმენტს ქართველი მომხმარებელი დადებითად მიიღებს, სულ მალე მსოფლიოში ერთ-ერთ სახელგანთქმულ ბრენდს შემოიყვანს, რომლის იდეაც სწორედ ლაბორატორიაში არომატების თითოეულ მსურველზე ინდივიდუალურად მორგებაზეა აგებული. 

წლების მანძილზე მომხმარებლის გემოვნებაც კარგად შეისწავლა და მიიჩნევს, რომ გავრცელებული სტერეოტიპი, თითქოს ქართველებსა და თუნდაც ევროპელებს გრილი არომატები იზიდავთ, მცდარია. „რამდენჯერ ყოფილა, რომ მყიდველი მსუბუქი და  გრილი სურნელის შესაძენად შემოსულა და საბოლოო ჯამში, მაინც არომატის მოტკბო თაიგულის მქონე სუნამოთი წასულა. ეს იმიტომ ხდება, რომ გრილი სურნელისგან ვერ ღებულობენ იმ კმაყოფილებას, რაც შედარებით მძიმე არომატს მოაქვს. დღეს ყველა დიდი ბრენდის ბესტსელერი ვარდის სურნელის ნოტებითაა გაჯერებული. L’Oreal-ს, Estée Lauder-ს და მსგავს დიდ ჯგუფებსაც იგივე სტატისტიკა აქვთ.“

ნიშურ პარფიუმერიასა და მეინსტრიმს შორის უმთავრეს განსხვავებად ორ ძირითად კომპონენტს ასახელებს. ის აუცილებლად ხელით მზადდება და უძვირფასესი ინგრედიენტების გამოყენებით – იმავე ვარდის ზეთის მაგალითზე, რომლის ფასიც შესაძლოა  ათი დოლარიდან  ასეულ ათასამდეც ავიდეს.

მისი აზრით, უმთავრესი დივიდენდი ცხოვრებისგან მიღებული ცოდნა და ის კმაყოფილებაა, რაც საყვარელ საქმეს მოაქვს. ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორად ადამიანების გაუმართლებელ ამბიციას აღიქვამს, განსაკუთრებით კი იმ კონკურენციას, რაც ქართველებს ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ. „იტალიელი, ესპანელი ან ნებისმიერი სხვა ეროვნების წარმატებული ადამიანი რომ იჯდეს, ქართველი მაინც ქართველს შეედრება და იტყვის, ამის გაკეთება მეც ხომ შემეძლოო. ამაზე უარესი არაფერია. თუმცა ამასთანავე, უდიდესი სტიმულიც ის გარემოცვაა, რომლის მხარდაჭერასაც მუდმივად ვგრძნობ და რომ არა ჩემი მეგობრები, ამდენს ნამდვილად ვერ მივაღწევდი“,- ამბობს და იმ დროს იხსენებს, როდესაც მათემატიკის რეპეტიტორობიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს ინგლისური ენის გაკვეთილებში ხარჯავდა, სადაც მასზე უმცროსმა მეგობარმა პრაქტიკულად ძალით წაიყვანა. 

მიიჩნევს, რომ ღმერთი  მის ცხოვრებაში წლების შემდეგ შემოსული ადამიანების სახით  იმ დივიდენდს უგზავნის, რომლითაც ხვდება, რომ სწორ გზაზე დგას. მოკლე და გრძელვადიანი გეგმები საკმაოდ ამბიციური აქვს. ჯერჯერობით მათი გამხელისგან თავს იკავებს, თუმცა ქართველ მომხმარებელს კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს პირდება და გაჩერებას არ აპირებს. სჯერა ადამიანების და მათთვის მინიჭებული დადებითი ემოციებით მიღებული სიამოვნების, რომელიც ნებისმიერი რაოდენობის  ფულზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამას ემსახურება მისი ბიზნესი. 

სამწუხაროდ, ბატონი ვახტანგი 2021 წელს კოვიდით გარდაიცვალა.  

კატო  გიორგაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top