მოფრიალე თეთრ ტილოზე, უსასრულო წრეზე, შავ თეთრი გამოსახულება ბრუნავდა. ადამიანის სხეული, რომელიც ყოველ ჯერზე  თითქოს იგივე იყო და თან სხვაც, ახალი, ვიღაც უცხო. ძველი თბილისური სახლის ხალხით გადავსებული სადარბაზო და საგამოფენო სივრცედ ქცეული მისაღები ოთახი, სადაც ოდესღაც სასადილო მაგიდას ერთი ჩვეულებრივი ოჯახი მისჯდომოდა, შავი ლანდებივით კოსტიუმებს შეევსო. სიმონ მაჩაბელისა და გრიგორ დევეჯიევის ერთობლივი გამოფენა-ვიდეო პერფორმანსი „თილისმები“, 2 წლის წინ, მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა იყო.

სიმონ მაჩაბელი: „მე და ჯიჯის ძალიან დიდი ხანი გვინდოდა  რაღაცის ერთობლივად გაკეთება.სულ ვლაპარაკობდით, იდეები გვქონდა და საერთო ინტერესებიც აშკარად გამოიკვეთა. პროექტი „თილისმა“ ინსპირირებული იყო ტექსტილის საკრალური მნიშვნელობით. მთავარი იდეა,  თილისმა იყო. ჩემთვის შთაგონების წყარო მუსულმანურ კულტურაში არსებული, შელოცვებით მოხატული პერანგის ტრადიცია გახდა.  მეომრები ომში წასვლის წინ ასეთ პერანგებს აბჯრის ქვეშ იცვამდნენ. ამას დაემატა ფსალმუნი, რომელიც მართლმადიდებლებისთვის დაცვის მნიშვნელობისაა და მას ხშირად  ფსკვნილის სახით,  ყელზე ატარებენ.“

გრიგორ  დევეჯიევი: „ეს პროექტი  იყო ორი არტისტის კოლაბორაცია. ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ თილისმის იდეა  პირდაპირ არ გადმოგვეტანა გამოფენის იდეად. მე მაკლდა თემა. თავისთავად მივედი სერგო ფარაჯანოვამდე. მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ და  არაერთხელ გამომიყენებია მისი ნამუშვრები ინსპირაციის წყაროდ. ძალიან მინდოდა, რომ თემას ჰქონოდა განვითარება, ყოფილიყო რაღაც  ისტორია. ახლის გამოგონება არ მინდოდა. გარკვეულწილად  რეჟისორის სტრატეგიით მუშაობა ვარჩიე. აშიკ ქერიბის თემა ავიღე და ის განვავითარე. სიმონიკოს ხედვა უკვე იყო მულტიეროვნული, მულტი კულტურული. ეს არ იყო უბრალოდ კოსტიუმები თილისმის თემაზე.  იყო საჭირო რაღაც, რაც ამ ყველაფერს გააერთიანებდა და ეს აღმოჩნდა აშიკ ქერიბი.“ 

სტრუქტურული, შავი სამოსი, შავადვე ნაქარგი საკრალური წარწერებით უფრო იდუმალებით მოცულ სკულპტურულ ფორმებს წააგავდა, ვიდრე პოდიუმისთვის განკუთვნილ კოლექციას.

ს.მ.  „თილისმაზე“მუშაობისას გამოვიყენე  ქსოვილები, რომლებსაც საეკლესიო ტანსაცმლის შესაქმნელად იყენებენ.  აბრეშუმი, ფარჩა, დამასკი, მაგრამ ყველა ფაქტურა, მხოლოდ შავი ფერისაა. მიზანიც ეს იყო, მრავალფეროვნების დანახვა ერთ ფერში- შავში. მე მაინტერესებდა  სხვადასხვა ფაქტურის შავ ქსოვილებთან მუშაობა. იგივე თემა აინტერესებდა ჯიჯისაც ფოტოში.“

სიმონ მაჩაბელის ნამუშევარი ქართული მოდის სივრცეში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილზეა. მისი კოლექციები მკვეთრად გამოხატული კონცეპტუალურობის,აზრობრივი დატვირთვისა და კოსტიუმის ხელოვნების შერწყმაა. 

ს.მ. „მე ვერ ჩავეწერე თანამედროვე მოდისთვის აუცილებელ ციკლში. მიჭირს ყველა ჩემი პრინციპით, კომპრომისების გარეშე, წელიწადში 2 კოლექციის კეთება. ჩემთვის ეს იყო უკომპრომისო გამოფენა. ის  იდეისთვის გავაკეთეთ და ამიტომ სრულიად დაცლილი იყო კომერციული ასპექტისგან.“

გ.დ.: „როცა გაჩნდა იდეა, ერთად გაგვეკეთებინა  გამოფენა,მე მქონდა ფუფუნება მენახა, თუ როგორ იქმნებოდა ეს კოლექცია. ვიცი,  როგორ მუშაობს სიმონიკო პროექტზე, იდეაზე.  ის, რომ ჯერ კიდევ კოსტიუმების შექმნის პროცესში,  იდეის დონიდან ვიცოდი ყველაფერი,  დამეხმარა იმაში, რომ კოლექცია სხვანაირად დამენახა. ეს არ უნდა ყოფილიყო  მოდის რიგითი პროექტი, იმიტომ, რომ ეს კოსტიუმები მოდაზე მაღლა დგას. ეს ნამუშევარიც და სიმონიკოს ნებისმიერი კოსტიუმი, ჩემთვის გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტანსაცმელი. ეს უძლიერესი ენერგეტიკის მატარებელი, ინტელექტუალური  სამოსია.  ცხადია, ყველა არ არის  მზად ასეთი ტანსაცმელი ატაროს.  ამას  ძალიან ძლიერი ინდივიდუალურობა  სჭირდება.“

ს.მ. „სანამ ჯიჯის დაველაპარაკებოდი, ეს კოსტიუმები  იმპულსური ქმნილება იყო და არ იყო შეკრული. ჯიჯის აქვს უნარი დაინახოს იდეის არსი, გაამარტივოს, გახადოს გასაგები და გადასცეს სხვას. ეს მისი თვისება ძალიან დამეხმარა. ჯიჯიმ გააერთიანა  ყველაფერი. ამ კოლაბორაციის  შედეგი იყო ის, რომ  „თილისმის“  კონცეფციამ საბოლოო სახე მიიღო. გამოფენის შემდეგ ჩვენ მივხვდით, რომ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სათქმელი და რომ თუნდაც ეს კოსტიუმები გვაძლევს ამის საშუალებას.“

გამოფენა დასრულდა, მაგრამ თილისმის იდეამ, არსებობა განაგრძო.  დიზაინერიც და ფოტოგრაფიც გრძნობდნენ, რომ ასე ადვილად ვერ დაემშვიდობებოდნენ შავი ავგაროზებით დახუნძლულ ფაქტურულ ქმნილებებს, ამიტომაც „თილისმა“-მ ფოტო პროექტის სახით „ამარტას“ ფურცლებზე გადმოინაცვლა.  

გ.დ.: „მე მინდოდა ერთ პერსონაჟში გაერთიანებულიყვნენ ის გმირები,რომელბსაც  აშიქ ქერიბში ვხედავთ.  გამოფენაზე  იყო კოსტიუმები, იყო  ვიდეო ინსტალაცია,  მაგრამ  ეს არ იყო საკმარისი. ჩვენთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი მნახველების მხრიდან მხოლოდ ვიზუალური მხარის შეფასება. გამოფენის ფორმატი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ საკმარისად აგვეხსნა, თუ რისი თქმა გვინდოდა. იყო ბევრი დეტალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო  და  ამაზე ყურადღების გამახვილება გვსურდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ „თილისმა“ ფოტო პროექტში გაგვეგრძელებინა.“

ს.მ.: „სთაილინგი „ ყველაზე საინტერესო მომენტი იყო.  ამ კოსტიუმებს მოდის კვირეულისთვის ვაკეთებდი,ამიტომაც ქალზე, მოდელზე  ვფიქრობდი. ჯიჯიმ კი ყველაფერი ამოატრიალა და გააკეთა ყველაზე მთავარი.მან   მოაშორა მოდის ასპექტი ამ ყველაფერს და პროექტი არტის სფეროში გადაიტანა.“

გ.დ.: „სიმონიკოსთან ეს  პირველი კოლაბორაცია იყო, მიუხედავად იმისა, რომ სულ გვქონდა  შეხება  მოდის პროექტებზე. „თილისმა“-ში ჩვენ იმდენი რამ დავინახეთ, რომ  მივხვდით,  უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.  ეს ფოტო პროექტი იქნება არქივის კიდევ ერთი ნაწილი და ბოლოს დიდ რეტროსპექტივას გავაკეთებთ.გვინდა, რომ  ეს კვლევა გაგრძელდეს.“

ეთნიკური კოსტიუმი, კავკასია, ქრისტიანული და მუსულმანური სამყარო, საკვლევი მასალა იმდენად მდიდარია, რომ  ეს კოლაბორაცია არ შეიძლება საინეტერსო არ იყოს. 

ფოტო პროექტი კი  ხიდის ფუნქციას შეასრულებს,რათა „თილისმა“ შემდეგ საერთო იდეას დაუკავშიროს.   

სალომე დადუნაშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top