გამქრალი (ოჯახური) ალბომები

კინოს თეორეტიკოსი ანდრე ბაზენი ამბობდა, რომ ფირზე აღბეჭდილი გამოსახულება (კინო, ფოტოგრაფია) ინახავს (აკონსერვებს) დროს. ფოტოსურათი მაყურებელს უყვება არამხოლოდ დროზე, ნივთებსა თუ ადამიანებზე, არამედ იმაზეც, რომ ეს დრო, ნივთები და ადამიანები ნამდვილად არსებობდნენ. ამის მიუხედავად, პოსტ-სიმართლის ეპოქამ ეს პარადიგმაც ეჭვქვეშ დააყენა (ყალბი ნიუსების ცნება), რასაც თან ერთვის ციფრულ სივრცეში სიძველის უშუალოდ შეგრძნების საშუალების არარსებობა, რაც, თავის მხრივ, ისტორიის აღქმის ემოციურ მხარეზე აისახება. 

შეხებითი შეგრძნებები თურმე ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა ფოტოგრაფიისთვის. მხოლოდ ელექტრონულ სამყაროში არსებულმა სურათებმა ბავშვებში გაახუნეს მათი მშობლების, ბებიებისა და ბაბუების დიდიხნისწინანდელ სურათებში არსებული სინამდვილის, მათივე პერსონალური ისტორიის შეგრძნების უნარები. ოჯახურ ალბომებში მოთხრობილი, ვიტყოდი, დამონტაჟებული ისტორიები, შესავალსა და ფინალს მოკლებულმა, მუდმივად ცვლადმა საინფორმაციო ტექნოლოგიურმა სისტემებმა ჩაანაცვლა.

ჟურნალი „ამარტა“ ახალგაზრდა ფოტოგრაფ მერაბ ჭუმბურიძესთან ერთად გთავაზობთ სპეციალურ პროექტს, რომელსაც „ოჯახური ალბომები“ ეწოდება. ჭუმბურიძემ საკუთარი ოჯახის ფოტოალბომებიდან რამდენიმე სურათი აარჩია, რომელთა ინსცენირებითაც სრულიად უჩვეულო ნამუშევრები შემოგვთავაზა. წარსულის თავისებურ გაცოცხლებაში მას დაეხმარნენ დიზაინერები: ლადო ბოკუჩავა, ელოში, ნინო ბაბუხადია და გიორგი ქებურია. პროექტში გამოყენებულია ნინო ზარქუასა და „პეპელას“ სამკაულები.

ანდრე ბაზენი ფოტოგრაფიას დროისა და სივრცის ქარვას უწოდებდა. არის თუ არა „ოჯახური ალბომები“ ამ ოჯახების მეხსიერების შემნახველი?

 ფოტოალბომის კულტურა დაახლოებთ იმდენი ხნისაა, რამდენისაც ფოტოგრაფია.  ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ნივთი, რომელიც ყველა ოჯახში აუცილებლად უნდა ყოფილიყო.

გარდა იმისა, რომ ის ინახავდა ინფორმაციას თაობებზე, მათ  სოციალურ მდგომარეობაზე, საცხოვრებელ გარემოზე, ყოველდღიურობაზე, ვფიქრობ, დიდი ფსიქოლოგიური გავლენაც ჰქონდა და დღემდე აქვს. 

როცა შენი ოჯახის ალბომს ათვალიერებ ამჩნევ, რომ ყველას ჰგავხარ და ხვდები,  ხარ რაღაც უფრო დიდის ნაწილი, გაქვს ისტორია, ამაყობ ამით და ხდები უფრო თავდაჯერებული.  

თუმცა, ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის,  საინტერესო იყო განსაკუთრებული ვიზუალური ესთეტიკა, რომელიც ასეთ ალბომებს ახასიათებს. იმის გამო, რომ ფოტოებს ოჯახის წევრები ძირითიდად ერთმანეთს უღებდნენ, კომპოზიციები გაუმართავი და ხშირად აბსურდულია – აქ ფოტოს განწყობა ქმნის. განსაკუთრებით საინტერესოა სპონტანური ფოტოები, სადაც არავინ ელის გადაღებას. სწორედ ამაშია მათი ფოტოგრაფიული ღირებულება.

პროექტის ამოცანა იყო ჩემი ოჯახის ალბომიდან არჩეული ფოტოების კომპოზიციების გამეორება. მთავარი სირთულე – გადამეღო არა როგორც ფოტოგრაფს, არამედ, როგორც ოჯახის წევრს. ყურადღება არ მიმექცია კომპოზიციისთვის და ვფიქრობ, ნაწილობრივ გამოვიდა.  რა თქმა უნდა, იყო იმპროვიზაციაც და ჩემი აზრით, ამან უფრო ფასეული გახადა პროექტი. 

ფოტო: მერაბ ჭუმბურიძე, გრიგორ დევეჯიევ / მოდელები: ნუცა ღულაძე LOOK MODELS, მასა ბრონსონი, ალექსანდრ კაკაბაძე / მაკიაჟი: ტატიანა ასაბაშვილი, ია ვონ ვალენტინ @THE MAKEUPINSTITUREGEORGIA.COM

რადგან თეატრალურ უნივერსიტეტში ოპერატორის ხელოვნებას ეუფლებით, მოვიყვან კინოსთან შედარებას. მახსენდება ოთარ იოსელიანის ფილმები, სადაც პერსონაჟების წარსულს მათი სახლის ინტერიერით ვიგებთ. თქვენ რა როლს ანიჭებთ  ფონს?

პროექტი ჩემს სახლში გადავიღე, ძველი ფოტოების უმეტესობა სწორედ აქაა გადაღებული. გარემო თითქმის არ შეცვლილა, ავეჯი, კედლები, ნახატები კედლებზე იგივეა.  ყველა ნივთს დიდი ისტორია აქვს და მათი გამოჩენა კადრში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. 

ამავდროულად, თქვენს ფოტოებში ჩანს თანამედროვე ნივთებიც. რისი ნიშანია ეს?

მართალია, ჩემი ინსპირაცია საოჯახო ალბომები იყო, მაგრამ პროექტი მაინც კონტრასტებზეა. მოდისა და ყოველდღიურობის დაპირისპირებასა და კონტრასტზე, რომელსაც გარემო თვითონ ქმნის.  

საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, სოციალური მდგომარეობის გამო საცხოვრებელი სახლის ინტერიერები უცვლელი რჩება. თუმცა, შემოდის  ყოველდღიური საჭიროების თანამედროვე  ნივთები: პლაზმური ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილური, რაც კონტრასტს ქმნის წინა საუკუნის საცხოვრებელ გარემოსთან. 

ტექნოლოგიურმა გამარტივებამ იქონია თუ არა საოჯახო სურათების ესთეტიკაზე გავლენა?

2012 წელს ჰოლანდიელმა არტისტმა და ფოტოკოლექციონერმა ერიკ კესელსმა მოაწყო საერთაშორისო გამოფენა Album Beauty, სადაც გამოფენილი იყო წლების განმავლობაში შეგროვებული ფოტოები საოჯახო ალბომებიდან. ეს იყო პირველი დიდი  ღონისძიება, სადაც მსოფლიო მასშტაბით დაფიქსირდა, რომ ციფრულმა ტექნოლოგიებმა მთლიანად გააქრო ადგილი საოჯახო ფოტოალბომისთვის. თანამედროვე ტექნიკა იმხელა მეხსიერებით არის აღჭურვილი, რომ ფოტოს დაბეჭდვის აუცილებლობა აღარაა. რა თქმა უნდა,  ეს არ ნიშნავს, რომ საოჯახო ფოტოებს აღარ იღებენ, პირიქით, ყველა მზადაა ფოტოს გადასაღებად, ყველანი სელფის რეჟიმზე ვართ გადასული. თუმცა, შეიცვალა მოტივაცია, წინასწარ ვიცით, რომ ეს ფოტო სოციალურ ქსელში იტვირთება და უამრავი ადამიანი ნახავს, სხვა შემთხვევაში, დღეს, ფოტოს უბრალოდ აზრი ეკარგება. 

დღეს ხელოვანი და არახელოვანი ადამიანები პირადი სივრცის დაცვისთვის ძალღონეს არ იშურებენ, თქვენ კი პირიქით იქცევით. რა გახდა ამის მიზეზი?

გარდა იმისა, რომ  გადაღებისთვის ჩემი სახლი გამოვიყენე, პროექტში ჩავრთე ოჯახის წევრებიც,  უმცროსი ძმა და ბებია. დაგეგმვისა და გადაღების დროს არ მიფიქრია, რომ ამით ჩემი პირადი სივრცის დიდ ნაწილს ვაჩვენებდი, პირიქით, ეს დამეხმარა კიდეც ვყოფილიყავი კომფორტულად და თავი საკუთარ მოედანზე მეგრძნო. ერთი შეხედვით, ეს მართლაც შეიძლება იწვევდეს უხერხულობას, თუმცა ხელოვნებაში ზღვარი პირადსა და საჯარო სივრცეს შორის უხილავია.  ეს ყველაზე კარგად ფოტოგრაფიაში აისახა – სალი მანი (Sally Mann) და მისი ყველაზე ცნობილი ფოტოსერია შვილების მონაწილეობით, ნაბუიოში არაკი (Nabuyoshi Araki), რომელმაც თავისი მეუღლე გადაიღო თაფლობის თვეში. ლარი სალტონისთვის კი (Lary Sultan) შთაგონება მისი მშობლები გახდნენ – სწორედ ამ უხილავი საზღვრის გადალახვით აღწევს არტისტი გულწრფელობას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ფოტოგრაფიისთვის.

გიორგი რაზმაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap