გიორგი გოცირიძე

მთის უხილავ ენერგეტიკასა და ქართული ზამთრის
კურორტების პოტენციალზე 

20.04.2026

საქართველო მთის ქვეყანაა — ეს ფრაზა იმდენად ხშირად გვესმის, რომ ხანდახან გვავიწყდება მისი რეალური შინაარსი. რას ნიშნავს სინამდვილეში მთის ეკოსისტემა? ეს მხოლოდ ლამაზი ხედები და სასრიალო ტრასებია, თუ გაცილებით რთული, ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც თავისი მკაცრი კანონები აქვს?

როგორ უნდა ვაქციოთ ბუნებრივი მოცემულობა ეკონომიკურ დოვლათად ისე, რომ არ დავარღვიოთ საუკუნოვანი ბალანსი? რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს გუდაური, ბაკურიანი, სვანეთი თუ გოდერძი და რატომ უნდა აირჩიოს ევროპელმა ტურისტმა საქართველო ალპების ნაცვლად?

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ გეოგრაფსა და მეცნიერს, გიორგი გოცირიძესვესტუმრეთ, რომელიც მთას არა მხოლოდ როგორც ტურისტულ ობიექტს, არამედ როგორც გეოლოგიურ და კულტურულ ფენომენს განიხილავს.

ფოტო: ნ.ლებანიძე

ბატონო გიორგი, ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი მთავარი სიმდიდრე ბუნებაა. გეოგრაფიული თვალსაზრისით, რა მასშტაბის რესურსთან გვაქვს საქმე და რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს ეს ჩვენ, როგორც საზოგადოებას?

საქართველოს ტერიტორიის 60%-ზე მეტი მთას უკავია. ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა, უდიდესი ფასეულობა, თუმცა, ამავდროულად, სერიოზული გამოწვევა და პასუხისმგებლობა. მთა ეკოლოგიურად მყიფე, მაგრამ ეკონომიკურად უმნიშვნელოვანესი გარემოა, რომელიც ადამიანისგან გონივრულ ჩარევას ითხოვს. ჩვენ, როგორც სახელმწიფომ და საზოგადოებამ, სწორად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი ამ გარემოში — უნდა ვისწავლოთ მისი ათვისება და მოხმარება ისე, რომ თანაცხოვრების ჰარმონია არ დაირღვეს.

ჩვენი მთები ვიზუალურად მართლაც შთამბეჭდავია — უშბას, თეთნულდის თუ მყინვარწვერის სილუეტები სავიზიტო ბარათად იქცა. რა ქმნის ამ უნიკალურ ფორმებს, რა პროცესები დგას იმ სილამაზის უკან, რომელსაც დამსვენებელი ხედავს?

ის ვიზუალური ეფექტი, რაც ასე გვხიბლავს — კონტურები, სილუეტები, ფერთა გამა — გეოლოგიური და კლიმატური ფაქტორების ერთობლიობაა. იქნება ეს თეთნულდი, უშბა თუ მყინვარწვერი, მათი ფორმა შიდა და გარე ძალების მუდმივი ჭიდილის შედეგია. საწყისი, რა თქმა უნდა, გეოლოგიურია. ეს არის განუწყვეტელი პროცესი: იქ, სადაც ახლა მთაა, ოდესღაც ზღვა იყო, შემდეგ ოკეანე, მერე კუნძულები… მიმდინარეობს დედამიწის ქერქის დანაოჭება, წარმოიშობა მთები, რომლებსაც შემდეგ წვიმა, წყალი და ქარი „ასწორებს“.

ის, რასაც დღეს ვხედავთ — კავკასიონი და საქართველოს ლანდშაფტი — ქრონოლოგიურად ბოლო ფაზაა, რომელიც დაახლოებით მილიონ-ნახევარი, ორი მილიონი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა.

მოდა იცვლება, მთები კი რჩება. გეოლოგიური მასშტაბით, როგორია ჩვენი კურორტების წარსული და მომავალი? როგორ „შექმნა“ ბუნებამ ის ფორმები, რასაც ჩვენ ვხედავთ — კლდეების მკაცრი გეომეტრია თუ ბაკურიანის რბილი, ტალღოვანი რელიეფი?

მოდის დინამიკის მთებთან შედარება რთულია, თუმცა გეოლოგიურ ჭრილში თუ შევხედავთ, წარსული ბევრად უფრო „მშვიდი“ იყო, ვიდრე მომავალი. ბუნებამ ეს ფორმები — იქნება ეს კლდეების მკაცრი გეომეტრია თუ რბილი რელიეფი — სტაბილურ გარემოში შექმნა: თეთრი მწვერვალებით, დიდი მყინვარებითა და თვალწარმტაცი ფერთა გამით.

სამწუხაროდ, მომავლის სურათი იცვლება. გლობალური დათბობის ფონზე, მთების „ვიზუალიც“ სხვაგვარი ხდება: ველოდებით უფრო მეტად გამოფიტულ კლდეებს, მყინვარებისგან დაცლილ ხეობებსა და გაყავისფერებულ თოვლის ველებს, რაც იმ პირვანდელ, თეთრ იერსახეს ჩაანაცვლებს.

თუ წარმოვიდგენთ, რომ ბაკურიანი და გუდაური ორი განსხვავებული სამოსია — როგორ დაახასიათებდით მათ „ქსოვილს“ და ფაქტურას? 

ამ ორი ლანდშაფტის ფაქტურას ერთი საერთო საფუძველი აქვს — ვულკანური წარმოშობა. რომ არა კაიშაურის მთებიდან ამოფრქვეული ვულკანი, გუდაური ვერ მიიღებდა იმ განსაკუთრებულად რბილ და სასრიალო პლასტიკას, რითაც ისინი გამოირჩევიან.

მიუხედავად იმისა, რომ ბაკურიანი უფრო ახალი ეთნო-კულტურული ფენომენია, მისი ფაქტურაც, გუდაურის მსგავსად, სწორედ ამ ვულკანური წარსულის დამსახურებით არის ასეთი რბილი და კომფორტული.

რა ქმნის გუდაურისა და ბაკურიანის იმ უნიკალურ ფერებს, რომლებსაც ფოტოებზე ვხედავთ?

ამაზე ხშირად მიფიქრია. ერთი შეხედვით, მიზეზი მარტივია — მცენარეული საფარი, სეზონური ცვლილებები… თუმცა ჩვენ შემთხვევაში მთავარი ფაქტორი მაინც ვერტიკალური ზონალობაა.

ჩვენი რელიეფი ძლიერ დანაწევრებულია: ერთბაშად აზიდული მთები, ხეობებისა და წყალგამყოფების მკვეთრი მონაცვლეობა — ეს ყველაფერი ქმნის იმ უნიკალურ, მოზაიკურ ფერთა გამას, რაც ასე შთამბეჭდავია.

თუმცა პარადოქსია, მაგრამ პირადად მე უდაბნოს ასკეტური ლანდშაფტიც ძალიან მხიბლავს, სადაც ფერთა სიმრავლე საერთოდ არ არის და სილამაზე მის სისადავეშია.

საინტერესოა კავშირი ლანდშაფტსა და ადამიანს შორის. როგორ ზემოქმედებს მთის რელიეფი და მინერალები იქ მცხოვრები ხალხის ხასიათსა და კულტურაზე?

მინერალები, ქანები და მთის კონტურები თითოეულ ხეობაში განუმეორებელ ეთნოკულტურულ გარემოს ქმნის. ნიადაგის შემადგენლობა, ბიოსფერო, მცენარეული საფარი — ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე. ადამიანი და ბუნება თანხმდებიან გარკვეულ წესრიგზე, თუმცა ამ კავშირს თავისი კონფლიქტური ხაზიც აქვს. როგორც წესი, როცა ადამიანი შეცდომას უშვებს, ბუნება მას არ „სჯის“, მაგრამ პასუხს სცემს.

ადამიანი, როგორც გონიერი არსება, ცდილობს მოერგოს გარემოს: სახლდება იქ, სადაც ნაკლები საფრთხეა; აშენებს ისეთ სახლს, რომელიც სითბოს ინარჩუნებს. როდესაც ყოფითი პრობლემები მოგვარებულია, იწყება შემოქმედებითი პროცესი — ხატვა, სიმღერა, ცეკვა… საბოლოოდ კი ეს ყველაფერი აისახება ჩვენს სამოსში, რელიგიაში, მატერიალურ თუ არამატერიალურ კულტურაში.

დღეს უკვე 21-ე საუკუნეა და ბუნებასთან ურთიერთობის ფორმებიც იცვლება. როგორ უნდა მოვახერხოთ ისე, რომ ეს ურთიერთობა იყოს ეკონომიკურად მომგებიანი, მაგრამ ამავე დროს, უსაფრთხო?

21-ე საუკუნის მთავარი მიზანი მდგრადობაა. ჩვენ უნდა მოვიხმაროთ ბუნებრივი რესურსი ისე, რომ გარემოსგან დამანგრეველი პასუხი არ მივიღოთ და, ამასთანავე, შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურული იდენტობა. ეკონომიკური სარგებელი მხოლოდ საზოგადოებრივად და ეკოლოგიურად გამართლებული გზებით უნდა მივიღოთ.

თუმცა, გარდა ლოკალური პრობლემებისა, მსოფლიო გლობალური დათბობის წინაშე დგას. რამდენად ვართ მზად ამ ცვლილებებისთვის და რა შეცდომებს ვუშვებთ ამ პროცესში?

დღევანდელი გამოწვევა ისაა, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე, საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა ხშირად აღარ მუშაობს. დგება ისეთი გარემოებები, რომელთა ანალოგი ისტორიულად არ გვახსოვს. შესაბამისად, ბევრი სოფელი თუ კურორტი კარგავს სტაბილურობას. ამ გლობალურ პრობლემას ემატება ჩვენი შიდა, „ქრონიკული დაავადებები“: არაკომპეტენტურობა და სულსწრაფობა. ხშირად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაუაზრებელია და გარემოს მიმართ არამდგრად დამოკიდებულებას ამკვიდრებს.

გამოსავალს რაში ხედავთ?

ბალანსი ბუნებასა და ეკონომიკურ სარგებელს შორის გააზრებული უნდა იყოს. რა თქმა უნდა, წინაპრების გამოცდილება გასათვალისწინებელია, მაგრამ თანამედროვე გამოწვევები ცოდნის განახლებასა და მობილიზებას ითხოვს. აუცილებელია მოწინავე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, რადგან ამ ახალი რეალობის წინაშე მთელი მსოფლიო ერთად დგას.

ლამაზი გუდაური ერთია, მაგრამ უმთავრესია, როგორ ვითარდება მის გარშემო არსებული ეთნოკულტურული თემი კლიმატის ცვლილების ფონზე. საფრთხე რეალურია: თუ კურორტზე თოვლი აღარ იქნება, გარემო დაიცლება, მოსახლეობა კი თბილისში გადმოინაცვლებს. ვდგავართ რისკის წინაშე, რომ დავკარგოთ ეთნოკულტურული სახე, გარემო გახდეს არამდგრადი, ხოლო ეკონომიკა — წამგებიანი.

არის თუ არა კიდევ რესურსი, რომელიც ჩვენს მთებში ჯერ კიდევ შეუსწავლელია?

ჩვენს მთებში მრავალი ძვირფასი ქვაა — ნაწილი უკვე აღმოჩენილია, ნაწილი კი ჯერ კიდევ ელოდება თავის დროს. ეს უნიკალური გარემო გვპირდება, რომ წინ კიდევ ბევრი საოცრება გველოდება.

კონკურენცია ტურიზმში ძალიან დიდია. როდესაც უცხოელი ტურისტი გეგმავს ზამთრის არდადეგებს, რატომ უნდა აირჩიოს მან საქართველო და არა ევროპის რომელიმე ცნობილი კურორტი? რა არის ჩვენი უპირატესობა?

როცა სამთო კურორტებს ვქმნიდით, გავაცნობიერეთ, რომ მხოლოდ თოვლი და მაღალი მთები საკმარისი არ იყო კონკურენციისთვის. ევროპელი ტურისტი რომ 3-4 საათით ფრენაზე დაგვეთანხმებინა, რაღაც განსაკუთრებული უნდა შეგვეთავაზებინა. ჩვენი უპირატესობა სამ კომპონენტშია: პირველი, ესაა ხელთუქმნელი, ველური ბუნება; მეორე — უცხოელებისთვის სრულიად ახალი, აღმოუჩენელი ლოკაცია; და მესამე — მთის ძირებში არსებული ცოცხალი ეთნოკულტურა. ისტორია, ტრადიციები, სამზარეულო და სტუმარმასპინძლობა ქმნის იმ უნიკალურ მიზიდულობას, რაც სხვებს არ აქვთ. თუმცა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ორმაგად მეტი შრომა გვმართებს, ვიდრე პოპულარულ მსოფლიო კურორტებს.

თქვენ ახსენეთ სულსწრაფობა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა. სად გადის ზღვარი წარმატებასა და მარცხს შორის დღევანდელ რეალობაში?

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვაკლია ცოდნა და მოთმინება, რომ საქმე მდგრადი გზებით ვაკეთოთ. თუ ეს პრობლემები არ გამოსწორდა, კურორტები უბრალოდ გაკოტრდება. იმედი მაქვს, რომ „უკან დასაბრუნებელი წერტილი“ ჯერ არ გადაგვილახავს. თუ შევძლებთ მსოფლიო პრაქტიკისა და ჩვენი ინდივიდუალიზმის შერწყმას, შედეგი შთამბეჭდავი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოგვრჩება დაბალი დონის, „მბჟუტავი“ კურორტები. ეს ჰგავს განსხვავებას საბჭოთა „ჟიგულსა“ და „მერსედესს“ შორის — ორივე მანქანაა და გადაადგილდება, მაგრამ დანიშნულების პუნქტამდე „ჟიგული“ ხშირად ვერ აღწევს.

თქვენი პროფესია გაძლევთ საშუალებას, დაინახოთ ის, რასაც ჩვეულებრივი თვალი ვერ ამჩნევს. როგორია მეცნიერის თვალით დანახული მთის ენერგეტიკა?

მე ამ ენერგეტიკას არა მისტიკურ, არამედ სრულიად რეალურ, ხელშესახებ დონეზე ვგრძნობ. როგორც გეოგრაფი და გეომორფოლოგი, მყინვარწვერისა თუ უშბის ყურებისას ვხედავ არა მხოლოდ ლამაზ ფორმას, არამედ მისი ამოზიდვის მექანიკას, გეოლოგიურ ისტორიას. მესმის „მთის ენა“ — როგორ ჩამოყალიბდა, როგორ ამოიფრქვა, როგორ გაიყინა. მთელი ცხოვრება ამ საქმეს ვემსახურები და ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ ამ პროცესის დანახვაა.

რომელია თქვენთვის ყველაზე „ფოტოგენური“ ბუნებრივი წარმონაქმნი ამ რეგიონში?

რაც ბრწყინავს, იმას ყველა ხედავს, თუმცა ნამდვილი სილამაზე ვიზუალურ ეფექტზე მეტ ინფორმაციას უნდა იტევდეს.

მაგალითად, უშბა — ეს არის დედამიწის ქერქის სიღრმიდან, თითქოს გრავიტაციისა და ბუნების წესების საწინააღმდეგოდ ამოზიდული „შთენილი“. დრამატული და ღვთაებრივი ძეგლია. იქვეა მისი „შეყვარებული“ — თეთნულდი, იდეალური პირამიდის ფორმის „დედოფალი“, რომელიც უშბას შორიდან ეტრფის. ასევე, მყინვარწვერიც, რომელიც დიდი გეოლოგიური ბრძოლის შედეგად შეიქმნა, თავისებურად პოეტურია.

თუმცა, ჩემთვის ყველაზე დიდებული მაინც შხარაა. ერთი შეხედვით, უბრალოდ მასშტაბურია, მაგრამ როგორც კი ნისლში ეხვევა, ნათლად ჩანს მისი „დაძარღვული“ ფაქტურა. ის იმდენად გრანდიოზულია, რომ თითქოს რამდენიმე უშბას, თეთნულდსა და მყინვარწვერს იტევს საკუთარ წიაღში.

და ბოლოს, როგორც ამ საქმის ექსპერტი და მთის მოყვარული, რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს? სად უნდა წავიდნენ აუცილებლად?

ჩემი რჩევაა, არ დატოვოთ ყურადღების მიღმა ისეთი გამორჩეული ადგილები, როგორებიცაა ჰაწვალი თეთნულდი სვანეთში და კობის მონაკვეთი გუდაურში. ბაკურიანში ყოფნისას აუცილებლად უნდა გამოცადოთ ახალი კოხტა და მიტარბი. და, რა თქმა უნდა, გოდერძი — თუ იქ არ ხართ ნამყოფი, ეს დანაკლისი აუცილებლად უნდა აანაზღაუროთ. თითოეული ეს ადგილი სრულიად განსხვავებულ და დაუვიწყარ ემოციას გპირდებათ.

გიორგი გოცირიძესთან საუბარი ერთგვარი შეხსენებაა, რომ ჩვენი მთები არა მხოლოდ ბუნებრივი საჩუქარი, არამედ რთული, ცოცხალი ორგანიზმია. თუ ჩვენ შევძლებთ მეცნიერული ცოდნის, ტრადიციული კულტურისა და თანამედროვე სტანდარტების გაერთიანებას, საქართველო მსოფლიო რუკაზე მართლაც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. მანამდე კი, დროა, ზურგჩანთა ჩავალაგოთ და საკუთარი თვალით ვიხილოთ ის „უხილავი ენერგეტიკა“, რომელიც ამ სამთო კურორტებზე გველოდება.

ესაუბრა: ქეთია ბელქანია